ქეროლის როლი ნაკრებში

AutoSharing Option

შაბათს კარდიფის „მილენიუმზე“ უელსის ნაკრების კარს ფაბიო კაპელო 65 მილიონი ფუნტით შეუტევს — ასეთია უეინ რინისა და ენდი ქეროლის ჯამური საბაზრო ფასი. ახალგაზრდა ქეროლს დიდი სანაკრებო გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ინგლისელთა იტალიელ მწვრთნელს ის ძალიან მოსწონს და კვირას, სანდერლენდში, „ლივერპულის“ თამაშზე, მის დასაზვერად, ასისტენტი ფრანკო ბალდინი მიავლინა. რამდენადაც ცნობილია, ბალდინი ყოფილი ნიუკასლელით კმაყოფილი დარჩა, თუმცა კაპელო ბრმად მაინც არ წყვეტს და სათადარიგო ტაქტიკურ ვარიანტსაც ამუშავებს. ერთი სიტყვით, შაბათამდე გამოჩნდება რუნისა და ქეროლის წყვილი უფრო მწვავეა თუ რუნისთვის „ასტონ ვილას“ თავდამსხმელის
დარენ ბენტის მიშველება სჯობს.

შეგახსენებთ, რომ ქეროლი „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ მოედანზე სულ ოთხჯერ გავიდა და აქედან ორჯერ სათადარიგო იყო. მიზეზი: მას ჯერ კიდევ იანვრამდე ანუ „ნიუკასლში“ სტკიოდა ბარძაყი. კვირას, სანდერლენდის „სთედიუმ ოფ ლაითზე“ ქეროლმა ლუის სუარესთან ერთად მოედანზე 71 წუთი დაჰყო და ექსპერტების აზრით თვალნათლივ დაამტკიცა, რომ კენი დალგლიშს ამ წყვილიზე დაყრდნობით „ლივერპულის“ მომავლის აშენება შეუძლია. ქეროლს ეროვნულ გუნდში დებიუტი ნოემბერში, საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა.

ამასობაში გრძელდება მსჯელობა კაპიტნის თემაზე. ტაბლოიდებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯონ ტერის რიო ფერდინანდმა დაურეკა და წარმატება უსურვა. „სანი“ წერს, რომ ფერდინანდის მხრიდან ეს ისეთი საქციელი იყო, რომელსაც კაპელო ვერასდროს გაიგებს — მოგეხსენებათ, იტალიელმა მანჩესტერელს სამკლავური ისე ჩამოართვა და ტერის ისე დაუბრუნა, რომ არც კი გაუფრთხილებია. მწვრთნელის გადაწყვეტილების შესახებ ფერდინანდმა პრესიდან შეიტყო.

ამრიგად, გაირკვა, რომ ფეხბურთელებს შორის ყველაფერი მოგვარებულია და გუნდში წყენა არ არის. ერთადერთი, რაც რიოს გულში სამუდამოდ ჩარჩება კაპელოს საქციელია. ფერდინანდის მავანმა მეგობარმა ჟურნალისტებს უამბო:

„რიომ გადაწყვიტა, რომ მისი მხრიდან ყველაზე სწორი საქციელი ჯონთან დარეკვა თავისი პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა იქნებოდა. მან ტერის შაბათის შეხვედრაში გამარჯვება უსურვა და უთხრა, რომ ინგლისის ნაკრების გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება. რიო და ჯონი რა ხანია პარტნიორები არიან და მეგობრობენ კიდეც. იქნებ, კაპელო რიოს საქციელის დააკვირდეს, რამე ისწავლოს“.


ტერის კაპიტნობას კი „ლივერპულის“ მცველი, ადრე „ჩელსიში“ ნათამაშები გლენ ჯონსონი მიესალმა:
„ჯონ ტერი დიდებულად კაპიტნობდა „ჩელსისაც“ და ნაკრებსაც. ეჭვი არ მეპარება, რომ ის კვლავაც ასე გააგრძელებს. რად უნდა ლაპარაკი, რომ რიოს სამკლავურის ჩამორთმევა ძალიან ატკენდა გულს, მაგრამ ის დიდი ადამიანია და, ეჭვი არ მეპარება, სწორად მოიქცევა. იმის თქმა მინდა, რომ კაპიტნის შეცვლის გამო ნაკრებში არაფერი აირევა, რადგან აქ ყველა პროფესიონალია და საქმეს პირველ ადგილზე აყენებს.

ჩვენთვის ყველაზე ძნელი „ტოტენჰემის“ ნახევარმცველ გარეთ ბეილთან გამკლავება იქნება. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია და თან ამ სეზონში განსაკუთრებით კარგად თამაშობს. თუმცა, ჩვენც კარგი ფეხბურთელები გვყავს. კარდიფიდან სამი ქულის წამოღება გვჭირდება და ამიტომ ყურადღების სრული მობილიზება მოგვიწევს“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული