„ვფიქრობ, ამიერიდან „არსენალს“ ძალიან გაუჭირდება - თქვა 24 წლის ზაირში დაბადებულმა კონგოელმა ნახევარმცველმა - ვგრძნობ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლონდონელებზე გაცილებით სოლიდურია. მეტიც, მე თუ მკითხავთ, პრემიერლიგის ჩემპიონის ბედი უკვე გადაწყვეტილია - ტიტულს „იუნაიტედი“ მოიგებს. რატომ ვფიქრობ ასე? ყველაფერი მენტალიტეტზეა
მულუმბუ მონაწილეობდა „ვესტ ბრომვიჩის“ მეორე გოლში, რომელიც მისმა გუნდმა „არსენალის“ მეკარე მანუელ ალმუნიას შეცდომის წყალობით გაიტანა. ნახევარმცველს გული სწყდება ჩრდილოლონდონელებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება რომ მისცეს და სამი ქულა არ მოიპოვეს. მეორე მხრივ კი „ვესტ ბრომვიჩს“ უკვე ხუთი თამაშია არ წაუგია და 2 აპრილს ახალი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის ყოფილ გუნდ „ლივერპულს“ საკუთარ თავში დარწმუნებული ხვდება.
„ძალიან ბედნიერი ვარ მშვენიერი გუნდის და ძლიერი მწვრთნელის ხელში რომ მოვხვდი. „ვესტ ბრომვიჩი“ ლათინურ ფეხბურთს თამაშობს სადაც მე საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვა შემიძლია. საქმეები ძალიან კარგად მიდის და იმედი მაქვს, რომ პრემიერლიგიდან არ გავვარდებით. ჩვენთვის მთავარი მიზანი სწორედ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. დააკვირდით, რა ხდება. ინგლისური ლიგა მართლაც უნიკალურია. აქ ყველა გუნდი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. აუტსაიდერს 30 ქულა აქვს, ჩვენ კი 33. ერთი წაგება და მეთექვსმეტე ადგილიდან პირდაპირ ცხრილის ფსკერზე ჩავეშვებით. ერთი სიტყვით, დიდი სიფრთხილე გვმართებს და მთავარია, ბოლო დღემდე არ შევანელოთ ბრძოლა. ვფიქრობ, ჩვენ ამ სეზონში გავარდნას არ ვიმსახურებთ“.
ანდრეი არშავინი კი ამბობს, რომ „არსენალმა“ დარჩენილი ცხრავე შეხვედრა უნდა მოიგოს და ჩემპიონი გახდება. ცნობისთვის: „მეთოფეებს“ პრემიერლიგაში 23 თებერვლის მერე არ მოუგიათ. გარდა ამისა, მათზე აშკარად იმოქმედა ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონასთან“ დამარცხებამ. არშავინმა თქვა:
„ვფიქრობ, თუ ჩვენ ტიტულის მოგებას ვაპირებთ, ყველა დარჩენილ შეხვედრაში უნდა გავიმარჯვოთ“.