„ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩი „მანჩესტერ სიტისთან“ „ბაზრის ომში“ მეტოქისთვის დიდი დარტყმის მისაყენებლად მოემზადა: ბრაზილიელი რამირესის 20 მილიონ ფუნტად (23,8 მილიონი ევრო) დაბევება რას მეყოფაო და პორტუგალიელებს ახლა 27 მილიონი ფუნტით (32,25 მილიონი ევრო) მიადგა — მათგან მცველი დავიდ ლუიშიც უნდა რომ შეიძინოს. ამ ამბავმა საფეხბურთო ევროპას მოაგონა ის დღეები, როდესაც რუსი მილიარდელი პირველად მივიდა „სტემფორდ ბრიჯზე“ და დაუნანებლად დაიწყო ფულის ხარჯვა. როგორც ჩანს „ლურჯების“ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის თავისი გუნდის გადახალისება სურს და საამისოდ ბრაზილიელ ახალგაზრდათა ჯგუფს დაუწყო შერჩევა.
ინგლისურ პრესაში
თუმცა, კაცმა რომ თქვას, მომავალ სეზონში „ჩელსის“ თამაში სწორედ ნახევარმცველებზე იქნება დიდად დამოკიდებული. მიხაელ ბალაკი ლევერკუზენის „ბაიერში“ გადავიდა, დეკუ ბრაზილიურ „ფლუმინენსეში“ მიდის... შემცვლელებია საჭირო.
რაც შეეხება ლუიშს, ის რამირესის ტოლი გახლავთ და ბრაზილიაში ნაკრების ერთ-ერთ მომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ. აქამდე ლუიში ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშით აწონებდა მსოფლიოს თავს და „ბენფიკაშიც“ თვალშისაცემი გახლდათ. გასულ სეზონში ლისაბონელებმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად მოიპოვეს პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული და ამ საქმეში მცველმა, რომლის ყიდვაც „ჩელსის“ მოსდომებია, დიდი წვლილი შეიტანა.
როგორც მას-მედია წერს, დასავლეთ ლონდონელებმა ლუიშის ყიდვა მას მერე მოიწადინეს, რაც მისი თანამემამულე ალექსი დაკარგეს მთელი თვით — ალექსმა ბარძაყი იტკინა. თან, თუ ლუიშს იყიდიან „ლურჯები“ თამამად შეელევიან პორტუგალიელ ცენტრალურ მცველ რიკარდუ კარვალიუს, რომელსაც „რეალში“ თავის ყოფილ მენტორთან ჟოზე მოურინიოსთან სდომებია გადასვლა. სხვათაშორის, კარვალიუს ყიდვა „რეალის“ გარდა „ლივერპულის“ ყოფილ მწვრთნელს რაფა ბენიტესსაც უნდა. მოგეხსენებათ, ბენიტესი „ინტერს“ ჩაუდგა სათავეში და სწორედ ზემოხსენებული მოურინიოს წასვლის შემდეგ ახალი გუნდის შექმნას ცდილობს.
და კიდევ შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ „სანტოსისგან“ 18 წლის ნეიმარის ყიდვაც უნდა — 20,3 მილიონ ევროს იხდის — და თუ ეს ტრანსფერიც გამოუვიდა, შესაძლოა ახალ სეზონში დიდი „სამბა გააჩაღოს“.
ხოლო გუნდის მთავარი თავდამსხმელი დიდიე დროგბა სავარაუდოდ სეზონის დასაწყისს გამოსტოვებს. კოტ დივუარელმა საზარდულის მსუბუქი ოპერაცია გაიკეთა და სამი კვირა მოშუშებასა და ძალების აღდგენას სჭირდება. სხვა სიტყვებით, დროფბა არ იქნება ეგრეთწოდებულ „ქომუნითი შილდის“ ანუ ინგლისის სუპერთასის თამაშზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. დროგბა ვერც 14 აგვისტოს პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრაში „ვესტ ბრომვიჩთან“ გავა მოედანზე. შეგახსენებთ, რომ მისი გადაბირება კვლავ და კვლავ „მანჩესტერ სიტის“ უნდოდა.