„ჩელსის“ მეკარე პეტრ ჩეხმა თქვა, რომ დღეს ის შეიძლებოდა „არსენალის“ კარში მდგარიყო, მაგრამ ეს თავად „მეთოფეებმა“ არ ინდომეს. საქმე ის გახლავთ, რომ ჩეხი „არსენალმა“ ჯერ კიდევ მაშინ გასინჯა, როდესაც ის პრაღის „სპარტაში“ თამაშობდა. „სპარტადან“ გოლკიპერი 2002 წელს ფრანგულ „რენში“ გადავიდა და მხოლოდ ამის მერე, 2004-ში მოხვდა „ჩელსიში“ სადაც, მოგეხსენებათ, დამკვიდრდა კიდეც.
ერთი სიტყვით, არსენ ვენგერის სკაუტები ცხრა-ათი წლის წინ ვერ მიხვდნენ, რომ მათ წინ დიდი მომავლის მქონე მეკარე იდგა და... დღეს „არსენალი“ სასაცილო დღეშია — ყოფილ მეკარეს, გერმანელ იენს ლემანს
28 წლის ჩეხმა კი თქვა: „სანამ „რენში“ გადავიდოდი „არსენალმა“ გამსინჯა, მაგრამ ლონდონში ვერ დავრჩი. მაშინ ჩემთვის ინგლისში მუშაობის უფლება ძნელი მოსაპოვებელი იყო, თუმცა მიზეზი მარტო ესეც არ ყოფილა. ბოლო წამს, ადამიანმა, რომელიც მაშინ „არსენალის“ სკაუტებს ხელმძღვანელობდა ჩემი გაშვება გადაწყვიტა. მას არ ეგონა, რომ ჩემგან კარგი მეკარე დადგებოდა. მოკლედ, მაშინ ჩემი პრემიერლიგაში გადასვლა ჩაიშალა“.
მაგრამ გავიდა წლები და „არსენალს“ ადრინდელი გადაწყვეტილება სანანებელი გაუხდა, რადგან პეტრ ჩეხი საუცხოო გოლკიპერი გახდა და თან სწორედ პრემიერლიგაში. ის უკვე წლებია „მეთოფეთა“ კონკურენტ „ჩელსის“ კარს იცავს. გასულ შაბათსაც, „ლურჯებისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრაში მან საიმედოდ ითამაშა და „სტემფორდ ბრიჯის“ მაყურებელს ოვაცია გამოსტაცა.
ჩეხი ამბობს: „მაინც ვფიქრობ, რომ ამ სეზონში ერთნაირად ვთამაშობდით მაშინაც, როდესაც 5:0-ებს ვიგებდით და მაშინაც, როდესაც ვაგებდით და ფრეზე უკეთესს ვერაფერს ვახერხებდით. საბედნიეროდ, ბოლოხანს ისევ გამარჯვებებზე გადავედით. თან, ვფიქრობ, დაცვაც გაგვიძლიერდა.
ამ ეტაპზე კიდევ გვაქვს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაწევის შანსი, თუმცა, ჩვენი წარმატება სხვა გუნდების შედეგებზეა დამოკიდებული. „იუნაიტედმა“ ქულების დაკარგვა თუ დაიწყო ჩვენი შანსი გაიზრდება და მაინც, „ჩელსის“ კალიბრის გუნდისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობაა. ერთი სიტყვით, მთავარია მოვიგოთ, მოვიგოთ და მოვიგოთ. „სიტისთან“ შეხვედრა, მაგალითად ექვ ქულად ფასობდა. კალენდარიც ძალიან საინტერესო გაზაფხულს გვპირდება. წინ დიდი მატჩები გველის“.