მათთვის, ვისაც პრეტენზია აქვს

AutoSharing Option

ვერა და ვერ ჩაცხრა ინგლისში მღელვარება ნაკრების სამკლავურის გამო. ახლა ჯონ ტერიმ გამოაცხადა კოვბოისავით, თუ თანაგუნდელებიდან რომელიმეს ჩემი კაპიტნობის ამბავი არ მოსწონს მოვიდეს და პირში მითხრასო. მას მერე, რაც ინგლისელთა იტალიელმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ კვლავ შეცვალა კაპიტანი — სამკლავური გაუფრთხილებლად ჩამოართვა რიო ფერდინანდს და ტერის დაუბრუნა — „ჩელსის“ მცველი პირველად წარსდგა ჟურნალისტების წინაშე. შეგახსენებთ, რომ თანაგუნდელ გარეთ ბერის ცოლთან რომანის გამო ის კაპიტნობიდან 13 თვის წინ გადააყენეს.

პრესკონფერენციაზე აშკარად გამოჩნდა, რომ ტერი მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას განიცდის და გაღიზიანებულია. ცენტრალურმა
მცველმა თქვა, რომ ზურგსუკან მოქმედებას სჯობს ვისაც მისი კაპიტნობა არ ეპიტნავება მივიდეს და ამის შესახებ პირში უთხრას.
ტერის კვლავ კაპიტნად დანიშვნის ამბავი კაპელომ ჰერტფორდშირში, კერძოდ, სოფელ ლონდონ კოლნიში მდებარე სანაკრებო ბაზაზე გამოუცხადა ფეხბურთელებს. მან დააზუსტა, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფერდინანდისა და სტივენ ჯერარდის გამოჯანმრთელება ვეღარაფერს შეცვლის. სამკლავური ამიერიდან ყოველ შეხვედრაში ტერის ეკეთება. და როგორც თავად ტერიმ თქვა, ამ კრებაზე საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს.

„პირველი ვარჯიშის წინ მწვრთნელმა შეგვკრიბა და გამოაცხადა, რომ ამიერიდან კაპიტანი ისევ მე ვიქნები. გამოცხადების შემდეგ მან იკითხა ვინმეს რამე ხომ არ აქვს სათქმელი. ხმა არავის ამოუღია. არც ჩემთვის უთქვამს ვინმეს რამე და არც კაპელოსთვის.
თუ ვინმეს მაინც აქვს რაიმე პრობლემა ძალიან კარგი იქნება თუ მოვა და პირადად დამელაპარაკება. არაფერი გამიკვირდება. ყველა კლუბში არიან ფეხბურთელები, რომელთაც ერთმანეთთან ურთიერთობა უჭირთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასეთია ცხოვრება. და მაინც, მიჯობს თუ ვინმეს რამე უნდა პირდაპირ მითხრას ვიდრე ჭორებს აჰყვეს ან ტელევიზიით ნათქვამი დაიჯეროს ჩემთან გადამოწმების გარეშე. ხშირად ხალხს ტყუილად ჰგონია, რომ მათ რაღაც ფაქტები იციან“.

ტერიმ დაადასტურა, რომ ფერდინანდისგან მხარდაჭერის მესიჯი მიიღო. მოგეხსენებათ, მანჩესტერელმა ვეტერანმა კაპელოს გადაწყვეტილება მისთვის სამკლავურის ჩამორთმევის შესახებ ძალიან ცუდად მიიღო. კულუარულად ცნობილია, რომ მწვრთნელის საქციელი არც სხვა ფეხბურთელებს მოეწონათ. კიდევ, ტერიმ თქვა, რომ მას კაპელოს 13 თვის წინანდელი გადაწყვეტილება მიაჩნია შეცდომად, თუმცა ისიც დასძინა, რომ ასაკთან ერთად სიბრძნეც მოემატა და ცდილობს მოედანსა და მის მიღმა შეცდომები აღარ დაუშვას.
კიდევ, ინგლისის ნაკრების ბანაკიდან გამოვიდა ხმა, რომ ფაბიო კაპელო ენდი ქეროლის ჯანმრთელობითა და ფიზიკური მომზადებით არის ძალიან კმაყოფილი. როგორც ჩანს შაბათს უელსელებს ის და უეინ რუნი წყვილად შეუტევენ.

სკოტ პარკერი მამის გარდაცვალების გამო ვარჯიშებიდან გაათავისუფლეს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული