გარეთ ბეილი დაშავდა

AutoSharing Option

ინგლისის ნაკრებს კარგად წაუვიდა საქმე — უელსელებს გარეთ ბეილი არ ეყოლებათ. „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ვარსკვლავბიჭუნამ ორთავა კუნთი იტკინა და შაბათს, კარდიფში ვერ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ უელსი და ინგლისი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების G ჯგუფში არიან. ინგლისი მეორე ადგილზეა, ჩერნოგორიას 3 ქულით ჩამორჩება (თუმცა თამაშიც ნაკლები აქვს), უელსს კი საერთოდ ქულა არ აქვს და ცხრილის ფსკერზეა „დალექილი“.
ბეილი რომ ვერ ითამაშებს იქიდანაც ჩანს ძალიან ნათლად, რომ ის ლონდონში დაბრუნდა და თავისი კლუბის ექიმებს მიაკითხა. „უელსის“ ნაკრების მავანმა თანამშრომელმა „სანს“ უამბო:
„გარეთმა ტრავმა ძალიან განიცადა. ვერ წარმოიდგენთ როგორ უნდოდა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ თამაში“.

ბეილის არყოფნა უელსის გუნდისთვის, რასაკვირველია, დიდი დანაკარგი იქნება. ეს ფეხბურთელი ინგლისელთა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ორიოდ დღის წინ პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ გამოაცხადა. შეგახსენებთ აგრეთვე, რომ ბეილი ახალგამოჯანმრთელებული იყო. მას ზურგის ტკივილმა ექვსი კვირა გააცდენინა და თუ ორთავა კუნთმა პრობლემა პრობლემას დაამატა, „ტოტენჰემიც“ დიდი სირთულეების წინაშე დადგება — პრემიერლიგის დაძაბულ სეზონს თავი რომ დავანებოთ, „დეზები“ ჩემპიონთა ლიგაში 5 აპრილს „რეალს“ უნდა შეხვდენენ. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ფეხბურთელი ამ მეოთხედფინალური დაპირისპირებისთვის მწყობრში ჩადგეს.

21 წლის გარემარბმა ფეხი ოთხშაბათს, საღამოს ვარჯიშზე იტკინა და ექიმებმა მაშინვე უთხრეს, რომ „მილენიუმზე“ გამოსვლის შანსი აღარ ჰქონდა. ბოლოხანს, რაღაცნაირი უიღბლო პერიოდი დაუდგა ვარსკვლავს — გასულ კვირაში, „ტოტენჰემის“ ვარჯიშზე ბარძაყი იტკინა, თუმცა ექიმებმა ყველა ღონე იხმარეს და „ვესტ ჰემთან“ თამაშამდე გამოაჯანმრთელეს. ერთი ხნის წინ საყოველთაოდ იყო გავრცელებული აზრი, რომ ბეილს ინგლისში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობას ვეღარავინ შეეცილებოდა, მაგრამ ბოლო დროს მოხშირებულმა ტრავმებმა ეს აზრი ეჭვქვეშ დააყენა.

„გარეთი ხანდახან საოცრებებს აკეთებს, ხოლო ის ფეხბურთი, რომელიც მან „ინტერთან“ ითამაშა დღემდე თვალწინ მიდგას. იმ შეხვედრებში მან ყველას დაანახა რა შესაძლებლობების პატრონიც არის“ — ამბობს თანაკლუბელზე ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი პიტერ კრაუჩი, რომელსაც, როგორც ინგლისელს ბეილის ტრავმა ალბათ არ სწყენია, მაგრამ როგორც ტოტენჰემელი უეჭველად შეშფოთდებოდა.

ინგლისის ნაკრებში კი ჯეკ უილშირი სულ უფრო და უფრო დიდ გავლენას იხვეჭს, იმდენად, რომ თვით ფრენკ ლემპარდი შეაშინა. „ჩელსის“ ცნობილი ნახევარმცველი არ გამორიცხავს, რომ შაბათს მისთვის გუნდში ადგილი არ გამოინახოს. შეგახსენებთ, რომ ინგლისელებს წინა თამაში დანიაში ჰქონდათ. ეს იყო ამხანაგური მატჩი, რომელშიც გუნდს რიო ფერდინანდისა და სტივენ ჯერარდის არყოფნაში ლემპარდმა უკაპიტნა. ფერდინანდი და ჯერარდი დღესაც დაშავებულები არიან და, როგორც ჩანს, ლემპსს იმედი ჰქონდა, რომ სამკლავური კვლავ მას ეკეთებოდა, მაგრამ, როგორც იცით კაპელომ კაპიტნობა ჯონ ტერის დაუბრუნა, რაც ნახევარმცველს ცუდად ენიშნა. გარდა ამისა, ინგლისელთა ბანაკიდან გამოვიდა ხმა, რომ მწვრთნელი „მილენიუმზე“ თამაშის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, რომელთა შორის ერთი ასეთია: უილშირი ნახევარდაცვის გულში შედარებით წინ იმოქმედებს, სკოტ პარკერი და გარეთ ბერი კი მასზე უკან დადგებიან და შეეცდებიან მეტოქე თავიანთ მცველებამდე არ გაატარონ. როგორც ხედავთ, ამ ვარიანტში ლემპარდისთვის ადგილი არსად მოიძებნება. მიმომხილველები იხსენებენ, რომ კოპენჰაგენში, როდესაც კაპელომ წინ ლემპარდი გაუშვა, უილშირი კი მის უკან დააყენა, დიდი შედეგი ვერ მიიღო. ვინ იცის, სწორედ ამ ტაქტიკური განლაგების ბრალი იყო გაზეთებში ყმაწვილკაც უილშირს ერთი ამბავი რომ აუტეხეს, დანიელმა თანატოლმა კრისტიან ერიკსენმა გაჯობაო. ეთამაშებინა კაპელოს წინ და...

საბოლოოდ, ინგლისელთა ნაკრების იტალიელ თავკაცს ჩამოუყალიბდა აზრი, რომ ჯეკ უილშირი იმდენად ჩამშლელი ნახევარმცველი არ არის, რამდენადაც საჯარიმოდან საჯარიმომდე, წინ და უკან მორბენალი დინამიური საყრდენი, რაშიც მას „არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერიც ეთანხმება.
ბოლო დღეებში ლემპარდს ცოტათი ტრავმაც აწუხებდა. მცირე დისკომფორტი ჰქონდათ ფილ ჯეგიელკას და აარონ ლენონსაც, მაგრამ ეს უმნიშვნელო პრობლემებია.

კაპელომ სამშაბათს ფეხბურთელებს გოლფის თამაშის ნება დართო, ოთხშაბათს კი, ჩინებული დარის მიუხედავად, კატეგორიულად გამოუცხადა, რომ შუადღისას ოთახებში უნდა შესულიყვნენ და დაესვენათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული