არგენტინელი განელი არ არის

AutoSharing Option
„სანდერლენდის“ მწვრთნელ სტივ ბრუსს კონფლიქტები არ აკლია. ამჯერად მას თავისი გუნდის ფეხბურთელი, არგენტინელი მარკუს ანხელერი უტევს — ინგლისელი რომ არ ვარ, არ მოვწონვარო. ამ ამბავს ორი თვით ადრე წინ სხვა კონფლიქტი უძღოდა — „ასტონ ვილას“ ფრანგმა თავკაცმა ჟერარ ულიემ ბრუსზე თქვა რასისტიაო. მაშინ დარენ ბენტის „სანდერლენდიდან“ „ვილაში“ გადასვლის გამო დიდი ამბავი იყო ამტყდარი.

ანხელერი მარჯვენა მცველი გახლავთ. ის 27 წლის არის და „ესტუდიანტესიდან“ „სანდერლენდში“ დასულ ზაფხულს გადავიდა, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა და პრემიერლიგურ ორომტრიალში საერთოდ არ ჩანს. მასში „სანდერლენდმა“ 3,23
მილიონი დოლარი გადაიხადა. ანხელერიმ თქვა:

„ბოსი საერთოდ არ მელაპარაკება. მეტიც, რომ მხვდება არც კი მესალმება. ალბათ, იმიტომ არ მოვწონვარ, რომ ინგლისელი არ ვარ. საერთოდაც, სტივ ბრუსი სასიამოვნო ადამანი არ არის. ის მოარული უსიამოვნებაა, რომლის ხელშიც მე, „სანდერლენდში“ სულ რამდენიმე წუთი ვითამაშე.

არადა მე ფეხბურთელი ვარ და ჩემი საქმე თამაშია. სწორედ ამიტომ ვგრძნობ აქ თავს ცუდად. არც კი მესმის კერძოდ რატომ არ მათამაშებს ბრუსი. იგი დაცვაზე ზედმეტად გადაყილილ მწვრთნელთა კატეგორიას განეკუთვნება“.
არგენტინელმა „სანდერლენდის“ მაისურით სულ ორჯერ ითამაშა და, თან, სასტარტო შემადგენლობაში ერთხელაც არ ყოფილა. მისდა სამწუხაროდ, ამ ორი თამაშიდან ერთი, იანვარში, ფეხბურთის ასოციაციის თასზე პირველი ლიგის „ნოთს ქაუნთისთან“ შინ 0:1 წაგებას დაემთხვა.

მარკოს ანხელერის ნათქვამმა ბრუსს იმიტომ არ მოვწონვარ, ინგლისელი რომ არ ვარო, „სანდერლენდის“ ფანები გააკვირვა და გააბრაზა. 50 წლის მწვრთნელს ხომ უამრავი უცხოელი ფეხბურთელი ჰყავს ნაყიდი და მათ ეყრდნობა კიდეც. მაგალითად განელთა ტრიოს მოტანა შეიძლება: ჯონ მენსა, სალი მუნტარი და ასამოა გიანი. ერთი სიტყვით, რას-რას და იმას, რომ ბრუსი რასისტია ან ფეხბურთელებს ეროვნული ნიშნით გამოარჩევს, „სთედიუმ ოფ ლაითზე“ არავინ დაიჯერებს. „სანდერლენდის“ პრეს-ცენტრში ამ ამბავთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული