ფაბიო კაპელო ჟოზე მოურინიოზე გაბრაზდა — „განსაკუთრებულმა“ თქვა ინგლისის ნაკრების მწვრთნელობამდე ერთი ნაბიჯიღა მაკლდაო, იტალიელის აზრით კი კოლეგების სამსახურზე ლაპარაკი უპატივცემულობაა.
მოურინიომ ფრანგულ „ეკიპს“ მისცა ინტერვიუ, სადაც 2007 წელი გაიხსენა, როდესაც ინგლისელებმა ნაკრების ბოსის თანამდებობიდან სტივ მაკლარენი გადააყენეს. მოუს თქმით, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ, სანამ ახალ მწვრთნელად კაპელოს დანიშნავდა, თანამდებობა მას შესთავაზა. კაპელომ განაცხადა:
„არასდროს ვლაპარაკობ როგორი ურთიერთობა მაქვს ამა თუ იმ კლუბთან, ამა თუ იმ ადამიანთან. ამ კლუბებში დღეს სხვა მწვრთნელები მუშაობენ და მე რომ რაღაცების მოყოლა დავიწყო მათ წინაშე
„ეკიპში“ გამოქვეყნებული ინტერვიუთი ძალიან უკმაყოფილო დარჩა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაც. მისმა ხელმძღვანელებმა კერძო საუბრებში თქვეს, რომ მათ მოურინიოს მაკლარენის თანამდებობა მართლა შესთავაზეს, მაგრამ პორტუგალიელი მათთვის ყველაზე სასურველი კანდიდატი არ იყო — ყველას იმთავითვე კაპელო ერჩივნათ. ინგლისელებს კაპელოს მიყვანა ჯერ კიდევ მაკლარენამდე, სვენ-გორან ერიქსონის შემდეგ უნდოდათ, მაგრამ „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე რობერტო ბეტეგამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. სწორედ ამის შემდეგ გახდნენ ლონდონში იძულებულნი ლუიშ ფელიპე სკოლარისა და მაკლარენისთვის მიემართათ.
რაც შეეხება მოურინიოს, ინგლისელებმა მასთან დალაპარაკება მართლაც სცადეს, თუმცა იმთავითვე დარწმუნებული იყვნენ, რომ „განსაკუთრებული“ სანაკრებო ფეხბურთში გადასვლას არ ინდომებდა და კლუბში დარჩებოდა. მართლაც ასე მოხდა.
თავიდან, როდესაც „ეკიპში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს ამბავი კაპელოს მოახსენეს იტალიელმა თქვა, რომ ვინ რა თქვა მისთვის სულერთია:
„ეს ნათქვამი ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს უფრო ეხება, იმ ადამიანს ვინც მე ამირჩია და სამსახური შემომთავაზა. ყველგან ასეა: როდესაც ნაკრები ან კლუბი ახალი მწვრთნელის დანიშვნას ცდილობს, მისი ხელმძღვანელები რამდენიმე სპეციალისტს ელაპარაკებიან. ეს ჩვეულებრივი ამბავია“ — ასეთი იყო იტალიელის პირველი რეაქცია, მაგრამ, შემდეგ გაბრაზდა.