ჩვენ გაგაწბილეთ, როი!

AutoSharing Option

ამ უქმეებზე, პრემიერლიგაში, „ლივერპული“ „ვესტ ბრომვიჩს“ ხვდება, ხოლო მერსისაიდელთა კაპიტანი სტივენ ჯერარდი ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ მოედანს უბრუნდება. ეს ამბავი იმით გახლავთ მნიშვნელოვანი, რომ „ვესტ ბრომვიჩს“ „წითლების“ ყოფილი თავკაცი როი ჰოჯსონი უდგას სათავეში. შეგახსენებთ, რომ ჰოჯსონმა „ლივერპულის“ სათავეში ექვსი თვე დაჰყო, იანვარში კი ის სამსახურიდან დაითხოვეს და აი, მას მერე იგი პირველად შეხვდება თავის ყოფილ მოთამაშეებს. ჯერარდი ამბობს:

„როი გადასარევი ადამიანი და ჩინებული მწვრთნელია, მაგრამ „ლივერპულში“ საქმეები ვერ აეწყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდი სტაბილურად ერთ დონეზე ვერ თამაშობდა და ამისათვის პასუხისმგებლობა ჩვენ,
ფეხბურთელებმა უნდა ვიკისროთ. რასაკვირველია, „ლივერპულისთვის“ ევროპული ფეხბურთის ორომტრიალს მიღმა ყოფნა თავიდანვე უჩვეულო იყო და ეს მოქმედებდა, მაგრამ ყველაფერზე თითის მწვრთნელებისკენ გაშვერა არ შეიძლება. ფეხბურთელებმა დანაშაული საკუთარ თავშიც უნდა ეძებონ“.
აღსანიშნავია, რომ „ლივერპულის“ ფანები ჰოჯსონს თავიდანვე მტრულად შეხვდნენ. მიზეზი: მათ გუნდში ლეგენდარული კენი დალგლიშის დაბრუნება უნდოდათ.

„ჩვენი ფანები კენის აღმერთებენ და როდესაც რაფა ბენიტესის გადადგომის შემდეგ დაისვა საკითხი, ვინ მოვიყვანოთ, როი თუ კენი, ფანებმა დაუფიქრებლად კენის მხარე დაიჭირეს. ყოველთვის, როდესაც წავაგებდით ხალხი ჰოჯსონისკენ იშვერდა ხელს“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული