ყველას რაღაც გაუხარდა!

AutoSharing Option
ინგლისი (4-3-3): ჰარი - გ. ჯონსონი (45. ლესკოტი), ჯეგიელკა, კეჰილი, ბეინესი - მილნერი, ბერი, უილშირი (69. ჯერვისი) - დაუნინგი, ე. იანგი (81. უილბეკი), ქეროლი (59. დეფო)
განა (4-5-1): კინგსონი - პენტსილი, ჯონა მენსა, ვორსა (45. ჯონათან მენსა), ედი (45. ოპარე) - ადიია (69. ტაგოე), კ. ასამოა (84. ინკუუმი), აგიემანგ-ბადუ, ანანი (45. დ. ბოატენგი), მუნტარი (59. აიეუ) - ასამოა გიანი
გოლები: 1:0 ქეროლი (43), 1:1 ასამოა გიანი (90)
გაფრთხილება: მილნერი - ბოატენგი, აიეუ
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 17-20; კარში დარტყმა: 16-13 (4-4);
თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 80 102


ამხანაგურ თამაშებს ხომ დაკვირვებიხართ? ფეხბურთელები, მეტწილად, ბურთს წინ და უკან უგულოდ აგორებენ და ერთი სული აქვთ როდის ჩასტვენს მსაჯი. ამჯერად ასე არ იყო. ის კი არა, დაიწერა, რომ ასეთი თვალსასეირო შეხვედრა „უემბლის“ სტადიონს რეკონსტრუქციის ანუ 2007 წლის შემდეგ არ ახსოვს და ეს მნიშვნელოვანწილად აფრიკელთა დამსახურებაც გახლდათ. მათ გულით უნდოდათ ებრძოლათ, სწორად, წარმატებით ეთამაშათ და ამიტომაც არ დავობს კაციშვილი, რომ ისინი ფრეს იმსახურებდნენ. ასამოა გიანის მიერ ბოლოწამს გატანილ გოლს განელი ფანებიც იმსახურებდნენ. იცით, რამდენი განელი იყო „უემბლიზე“? 20 ათასი! და ეს ხალხი ჩუმად არ იჯდა. გარდა იმისა, რომ თავის გუნდს ქომაგებდნენ, დენი უილბეკს ინგლისის ნაკრებში დებიუტი ჩაუმწარეს — როდესაც უილბეკი მოედანზე ეშლი იანგის მაგივრად შევიდა, სტადიონი გამაყრუებელმა „ბუუმ“ კინაღამ დაანგრია. მიზეზი: უილბეკი მართალია ინგლისში დაიბადა, მაგრამ ეროვნებით განელია და ისტორიული სამშობლოს ნაკრებში თამაშზე უარი თქვა.

ყველაზე მეტად კი ლივერპულელ ენდი ქეროლს გაუფუჭეს გუნება. სულ რაღაც 24 საათი იყო გასული, რაც ფაბიო კაპელომ მასზე თქვა კარგი იქნება სმას თუ მოუკლებსო. მწვრთნელის ნათქვამის პასუხად ქეროლმა ნაკრების შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა და წელში გაიმართა, მაგრამ არ შეარგეს.

„გოლის გატანა ძალიან გამიხარდა — თქვა მატჩის შემდეგ ახალგაზრდა ფორვარდმა — ჩვენ კარგად ვითამაშეთ და რასაკვირველია გული დაგვწყდა, რომ ბოლოწამს მოწინააღმდეგემ გოლის გატანა მოახერხა. ტრავმის შემდეგ თავს უკვე კარგად ვგრძნობ. განელების კარში გატანილი გოლით დავამტკიცე, რომ ისევ ფორმაში ვარ და ინგლისის ნაკრების მაისურითაც არაერთს შევაგდებ“.

ქეროლს საგოლე პასე სტიუარტ დაუნინგმა ჩააწოდა და საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ ამ ფეხბურთელმა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. პრესკონფერენციაზე „ასტონ ვილას“ გარემარბმა თქვა:
„ვფიქრობ, ანგარიშის მიუხედავად კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ალბათ, მაყურებელიც დარწმუნდა, რომ ინგლისის
ნაკრები ძლიერი გუნდია, თუნდაც დღევანდელი შემადგენლობა ძალიან განსხვავდებოდა იმისგან მწვრთნელმა შაბათს უელსის წინააღმდეგ რომ ათამაშა.
ბოლოწამს გოლის გაშვებას მაინცდამაინც არც კაპელოსთვის დაუწყვეტია გული. იტალიელმა თქვა:

„ძალიან გახარებული ვარ ასეთი ფეხბურთი რომ ვითამაშეთ. დღევანდელი შეხვედრა ამხანაგურ თამაშს არ ჰგავდა. მოედანზე ერთმანეთის პირისპირ იდგა ორი გუნდი, რომლებიც ცდილობდნენ კარგი ფეხბურთი ეთამაშათ და მეტოქე დაემარცხებინათ. შეხვედრას არც ორთაბრძოლები აკლდა. მოთამაშეები ყოველგვარი შიშის გარეშე იბრძოდნენ. მინდა შევაქო განის ნაკრებიც. ეს ფანტასტიკური გუნდია“.
კაპელოს მხარი „არსენალის“ ყმაწვილკაცმა, ჯეკ უილშირმა დაუჭირა. ინგლისური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა თქვა:
„მსოფლიოს ჩემპიონატამდე კაპელოს ყველა აქებდა და ადიდებდა. ის უშეცდომო ადამიანად გამოჰყავდათ, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კი ყველაფრის გამო აკრიტიკებენ. ვფიქრობ, ასე არ შეიძლება. ამ ადამიანს ამოსუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ. ის დიდი მწვრთნელია. მას სხვადასხვა კლუბი უდიდეს წარმატებებთან მიუყვანია და ინგლისის ნაკრებშიც, მე თუ მკითხავთ, წარმატებით მუშაობს“.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული