ინგლისი გერმანიას ეზომება

AutoSharing Option

ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ ამიერიდან ინგლისის ნაკრებს შეუძლია გერმანიის მსგავსი შემტევი გუნდი გახდეს და გაისად ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე შტურმით გაიმარჯვოს. იტალიელი სპეციალისტი ბოლო დღეებში გამართულმა ორმა მატჩმა — ოფიციალურმა უელსთან და ამხანაგურმა განასთან — იმედით აღავსო. ამასთან, კაპელო სწორედ გერმანიასთან ცდილობს პარალელის გავლებას. მოგეხსენებათ, შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანელებმა შთამბეჭდავად ითამაშეს და თან მსოფლიოს რამდენიმე ახალგაზრდა ვარსკვლავიც წარუდგინეს, მაგალითად მესუთ იოზილი. ინგლისის ნაკრების თავკაცმა თქვა:

„იმედი მაქვს, რომ ხალხი ჩვენზე ისევე ალაპარაკდება, როგორც გერმანიაზე. ამის იმედს ჩემი ფეხბურთელები მაძლევენ, რომლებიც დღითიდღე
უკეთ თამაშობენ და საკუთარი თავის რწმენით ივსებიან“.

კაპელოს ვარაუდით ინგლისელებს წარმატება 19 წლის ჯეკ უილშირის, 22 წლის ენდი ქეროლის და 23 წლის ჯო ჰარტის გამოჩენის გარდა 4-3-3 სისტემის დანერგვამ და განვითარებამ უნდა მოუტანოს. ის ფიქრობს, რომ ახალ ტაქტიკური სქემაზე გადასვლა გუნდისთვის ახალი ხელწერის გამომუშავების საწინდარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისი და გერმანია 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. გერმანიამ 4:1 მოიგო. ეს ის შეხვედრაა, რომელშიც ფრენკ ლემპარდს გერმანელთა კარში გატანილი აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს — რომ ჩაეთვალათ ანგარიში 2:2 გახდებოდა — თუმცა ახლა ამაზე არ არის ლაპარაკი. კაპელო ძალიან კმაყოფილია, როგორ მოუგო მისმა გუნდმა უელსს და ბოლოწამს გაშვებული გოლის მიუხედავად როგორი ფეხბურთი ითამაშა „უემბლიზე“ განასთან. განას ინგლისელები უელსთან შეხვედრიდან სამ დღეში ეთამაშნენ და შემადგენლობა რვა ფეხბურთელით ჰყავდათ გადახალისებული.

ერთადერთი ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც კაპელო ჯერ ვერ ენდობა დენი უილბეკია. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონს ჯერჯერობით „სანდერლენდში“ ჰყავს გაქირავებული ეროვნებით განელია. განის ფეხბურთის ფედერაცია მას ჯერ კიდევ ორი წლის წინ სთხოვდა ისტორიული სამშობლოს სახელით გამოსვლას, მაგრამ უილბეკმა ინგლისელობა არჩია. ბედის ირონიით, 20 წლის თავდამსხმელს მაინცდამაინც განასთან მოუწია ინგლისის ნაკრებში დებიუტმა და სამშაბათს, „უემბლიზე“ შეკრებილმა 20 ათასმა აფრიკელმა მაყურებელმა ამისათვის უსტვინა კიდეც. მატჩის შემდეგ განელმა ჟურნალისტმა უილბეკს შეახსენა, რომ შეხვედრა, რომელშიც მან ინგლისელთა ფორმა მოირგო ამხანაგური იყო და ჯერ კიდევ ჰქონდა განის გუნდში გადაბარგების შანსი. ფეხბურთელმა უპასუხა:
„ეს არ ვიცოდი. აშკარად მომიწევს დაფიქრება“.

რად უნდა ლაპარაკი, რომ თავად ფეხბურთელს „ინგლისელობა“ ურჩევნია, თუმცა „სანდერლენდში“ ორი განელი თანაგუნდელი ჰყავს, ასამოა გიანი და ჯონ მენსა, რომლებიც დღედაღამ განის ნაკრებში თამაშს უჩიჩინებენ.

„რა ვქნა, თუკი ყველა ასაკობრივ შეჯიბრებაში ინგლისის სახელით გამოვდიოდი?“ — ყმაწვილი საგონებელშია ჩავარდნილი.
და რაკიღა, ასაკობრივი ნაკრებები ვახსენეთ, ჯეკ უილშირის ერთ-ერთ ბოლო კომენტარსაც გავეცნოთ. არსენალელმა ნახევარმცველმა, ფაქტობრივად, „მიძინებული ვულკანი“ გააღვიძა — საქმე „ლივერპულის“ თავდამსხმელ ენდი ქეროლს ეხება, რომელსაც ამ ზაფხულს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ გამოიძახებენ, მერსისაიდელები კი, რასაკვირველია, შეეცდებიან არ გაუშვან.
დავაზუსტოთ: 21 წლამდელ ინგლისელთა ნაკრების მწვრთნელმა სტიუარტ პირსმა ამასწინათ განაცხადა, რომ შეჯიბრებაზე, რომელიც დანიაში 11 ივნისს დაიწყება და ორ კვირას გასტანს, უილშირსაც წაიყვანს და ქეროლსაც. შეგახსენებთ, რომ ეს ფეხბურთელები იმავდროულად „დიდი“ ნაკრების წევრებიც არიან. „არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი 19 წლის უილშირის ახალგაზრდულ ნაკრებში გაშვებას მთელი ძალით ეწინააღმდეგება, თავად ფეხბურთელს კი გამგზავრების დიდი სურვილი აქვს. რაც შეეხება ქეროლს, მისი პოზიცია ჯერ უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია „ლივერპულის“ თავკაცის კენი დალგლიშის დამოკიდებულება. დალგლიშს არ სურს 21 წლამდელთა ნაკრებს სათამაშოდ გაატანოს ფეხბურთელი, რომელშიც იანვარში 35 მილიონი ფუნტი გადაიხადა. შეგახსენებთ, რომ ქეროლმა სამშაბათს, განასთან შეხვედრაში კარიერაში პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა.

უილშირი კი მწვრთნელების ინტერესს არ ითვალისწინებს და ასე ამბობს: „ქეროლი 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თუ უნდა წამოვიდეს? რასაკვირველია. ის მიმდინარე სეზონში დიდ კლუბში გადავიდა, თამაშს დღითიდღე აუმჯობესებს და აგერ, ნაკრების მაისურით ჩინებული გოლიც შეაგდო. დროთა განმავლობაში ენდი გამორჩეული ინგლისელი ფეხბურთელი გახდება.
გადაწყვეტილებას ყველა ადამიანი თვითონ იღებს და ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ქეროლს თავად უნდა ევროპის ჩემპიონატზე წამოსვლა, სხვებს ყური არ უნდა დაუგდოს“.

მოგეხსენებათ, ენდი ქეროლი ახლახან გამოჯანმრთელდა. ის ტრავმის გამო სამი თვის განმავლობაში ვერ თამაშობდა და „ლივერპულის“ თავკაცს სურს, რომ თავდამსხმელმა ზაფხულის არდადეგებზე დაისვენოს.

ისევ უილშირი: „პირადად ჩემთვის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა კარგი იქნება. გაიხსენეთ გერმანელების ამბავი. მათ ჯერ 21 წლამდელთა შეჯიბრებაში გაიმარჯვეს და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშეს შესანიშნავად. საერთაშორისო შეჯიბრებებთან შეგუება ყველა ფეხბურთელმა რაც შეიძლება ახალგაზრდული ასაკიდან უნდა დაიწყოს. ეს მნიშვნელოვანია“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული