ბრაზილიელმა ვარსკვლავბიჭუნა ნეიმარმა, რომელიც აქამდე, თითქოსდა, „ჩელსიში“ გადასასვლელად ემზადებოდა, უცბად გამოაცხადა, რომ ლონდონში გადაბარგება აღარ უნდა და „სანტოსში“ დარჩება. შეგახსენებთ, რომ მას მერე, რაც 19 წლის თავდამსხმელმა „ემირეიტ სთედიუმზე“ შოტლანდიას, ამხანაგურ შეხვედრაში, ორი გოლი გაუტანა, ბრიტანული გაზეთები დღენიადაგ მასზე წერენ. საინტერესოა, რომ თამაშის შემდეგ ნეიმარი ბრაზილიის დელეგაციას სამშობლოში არ გაჰყვა, თავის აგენტთან ერთად ლონდონში დარჩა და ყველა ინტერვიუში აცხადებდა, რომ მზად არის „ჩელსისთან“ მოსალაპარაკებლად.
და აი, უცებ: „ევროპაში თამაშის სურვილი კვლავ არ მაქვს. ბრაზილიასა და კერძოდ „სანტოსში“ თავს შესანიშნავად ვგრძნობ“.
აგვისტოში ნეიმარმა „სანტოსთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მაშინ ის აცხადებდა, რომ სურდა სან პაულუს გუნდის ლეგენდა გამხდარიყო, თუმცა შემდეგ ევროპაზე ალაპარაკდა და ყველაზე ხშირად მადრიდის „რეალის“ ხსენება დაიწყო. შემდეგ „ჩელსის“ თემა გააქტიურდა, ახლა კი, როგორც მოგახსენეთ, კარუსელი წრეზე დატრიალდა:
„მინდა „სანტოსში“ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. თავს ბედნიერად მხოლოდ ბრაზილიაში ვგრძნობ. გარდა ამისა, სხვა კლუბები ჯერ არ მთავაზობენ ისეთ პირობებს, გადასვლად რომ ღირდეს“.
„სანტოსის“ პრეზიდენტი ლუის ალვარო რიბეირო დე ოლივეირა კი ნეიმარს 30 მილიონ ფუნტს აფასებს და ამბობს:
„პრემიერლიგაში თამაში „სანტოსში“ თამაში არ გეგონოთ. ის გაცილებით უარესია. ინგლისში ცუდი ამინდი და ნეიმარისთვის უცხო საფეხბურთო სტილია, ჩვენ კი მისგან ბრაზილიური ფეხბურთის საუკეთესო წამომადგენელს ვზრდით. ნეიმარი ისტორიაში შევა, როგორც ნაღდი ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა. ასეთი პელეს მერე არავინ ყოფილა“.