ფერგიუსონი მსაჯების უფროსი გახდა

AutoSharing Option

ალექს ფერგიუსონი ინგლისის მსაჯთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტობას დათანხმდა. ამ გადაწყვეტილებამ ქვეყნის საფეხბურთო საზოგადოება შოკში ჩააგდო, თუმცა მხარეებმა ის გაუთავებელი კონფლიქტის დასასრულებლად მიიღეს.

ამიერიდან ფერგიუსონი, როგორც პრეზიდენტი, მოვალე იქნება მსაჯებისა და თანამსაჯების ელჩობა იკისროს და თამაშების შემდეგ მათი კრიტიკისგან თავადაც შეიკავოს თავი. ამაზე ბევრს ეცინება, ამბობენ რას-რას და მსაჯების კრიტიკას შოტლანდიელი ვერასდროს მოიშლისო. შეგახსენებთ, რომ სერ ალექსი ახლაც დასჯილია — ხუთთამაშიანი დისკვალიფიკაცია აქვს მოსახდელი და ხელფასიც 30 ათასი ფუნტით დაექვითა. მიზეზი: ფერგიმ „ჩელსისთან“ თამაშის შემდეგ არბიტრ მარტინ ატკინსონზე თქვა მწარე სიტყვები.
თუმცა, მსაჯთა ასოციაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გაზეთ „სანთან“ ლაპარაკში თქვა:

„მიუხედავად იმისა, რომ მსაჯები ხანდახან ცდებიან, სერ ალექსი თანახმაა საქმეს ხელი მოჰკიდოს. ეს ორივე მხარისთვის ოპტიმალური გამოსავალი იყო. ჩვენ ფერგიუსონს ველაპარაკეთ და დავინახეთ, რომ ის მზად არის თავისი დამოკიდებულება შეცვალოს. დარწმუნებულები ვართ, რომ მისი დანიშვნა სწორი მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია.
სერ ალექსმა გვითხრა, რომ სადისციპლინო გარჩევებზე ლონდონში ჩამოსვლამ დაღალა, ხოლო ფული, რომელსაც ჯარიმების სახით ახდევინებენ, უჯობს ღვინოში დახარჯოს“.

საინტერესოა, რომ ფერგიუსონმა უპირველეს ყოვლისა კოლეგებთან, უპირველეს ყოვლისა კი „არსენალის“ თავკაც არსენ ვენგერთან ლაპარაკი დაგეგმა.

ამასობაში კი პრემიერლიგის ხელმძღვანელებმაც ამოიღეს ხმა და განაცხადეს, რომ მზად არიან ბოლო მოუღონ იმას, რაც ამ სეზონში ჭარბად ხდება — არბიტრებთან დაუსრულებელ კამათსა და დავაზეა ლაპარაკი. პროექტი ასეთია: ყვითელი ან სულაც წითელი ბარათით უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არბიტრს შეურაცხყოფს, მასზე რამენაირად ზემოქმედებს და სთხოვს მოწინააღმდეგე გააფრთხილოს. ეს ყველაფერი ლონდონში გადაწყდა. დიდ თავყრილობას პრემიერლიგის ოცივე კლუბის აღმასრულებელი დირექტორები ესწრებოდნენ და რამდენადაც ცნობილი გახდა მათ ახალ ინიციატივას მხარი დაუჭირეს, თუმცა შეთანხმდნენ, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში მომავალი სეზონიდან დაინერგება. გაზეთმა „დეილი მეილმა“ კი ინიციატივა გამოიჩინა და გადაწყვიტა ამთავითვე დაიწყოს ურჩი მოჭიჭყინეების გამოვლენა.
პრემიერლიგის აღმასრულებელმა შეფმა რიჩარდ სკუდემორმა თქვა:

„ამ სეზონში იყო თამაშები, როდესაც ვნებათაღელვამ ზღვარს გადააჭარბა. ამიტომაც საჭიროა რეაგირება და ჩვენი კრების წევრები შეთანხმდნენ, რომ მომავალი სეზონიდან სადისციპლინო თამასას მაღლა აწევა სჭირდება. ჩვენ კონკრეტული ფეხბურთელებისა და მწვრთნელების საქციელზე არ გვილაპარაკია. ისედაც გასაგებია, რომ რამდენიმე ძალიან ცუდი მაგალითის მომსწრენი გავხდით. ჩვენ ზოგადად ვიმსჯელეთ და მივედით დასკვნამდე, რომ საჭიროა მატჩის მსვლელობის დროს აღიკვეთოს მსაჯთა შეურაცხყოფა, მათ გარშემო შემოჯარვა და მათთვის მოწინააღმდეგის გაფრთხილების მოთხოვნა, ხოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ ისეთი კრიტიკა, რომელიც არბიტრების პატიოსნებას დააყენებს ეჭვქვეშ.

ამასთან, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენ გულუბრყვილონი არ ვართ და არ ვცდილობთ ფეხბურთის მატჩების დროს სალაპარაკო ენის სტილიზაციას. თამაშს ემოცია სდევს და ასეთ დროს ზოგადად უხეში გამოთქმებისგან თავს ყველა ვერ შეიკავებს. არც კრიტიკის აკრძალვას ვითხოვთ. როდესაც მსაჯი შეცდება ამაზე ლაპარაკი ბუნებრივია, თუმცა ეს ყველაფერი ინციდენტებში არ უნდა გადაიზარდოს. ჩვენ კრიტიკის მისაღებ ჩარჩოებში უნდა ჩავეტიოთ, ოღონდ ერთია, დღეს, როდესაც პრემიერლიგის დასრულებამდე რვა ტურიღა დარჩა, რადიკეალური ნაბიჯების გადადგმა და რაიმეს შეცვლა გამორიცხულია. ამ გაზაფხულზე ხალხის დასჯას ვერ დავიწყებთ, ამტომ მომავალ სეზონს უნდა დაველოდოთ“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული