პრემიერლიგაში ჯერ გადაწყვეტილი არაფერია

AutoSharing Option
ალბათ, აღარც კი გახსოვთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვესტ ჰემთან“ ამ სეზონში ერთხელ უკვე წააგო, თან 4:0 და ახლა, როდესაც პრემიერლიგაში დაძაბულობა კულმინაციას აღწევს, ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ხსენებული 4:0 ჩემპიონატში არ მომხდარა, „ქარლინგის“ თასზე იყო, თუმცა... რაც გნებავთ ის თქვით და „ვესტ ჰემი“ მაინც „ვესტ ჰემი“ იყო და „იუნაიტედი“, „იუნაიტედი“. რაც შეეხება პრემიერლიგის პირველ შეხვედრას, ის „ოლდ ტრეფორდზე“ მანჩესტერელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

დღეს, „აპტონ პარკზე“, „იუნაიტედის“ თავკაც სერ ალექს ფერგიუსონს ყველაზე მეტი პრობლემა დაცვაში
ექნება. მცველთაგან დაშავებულები არიან რიო ფერდინანდი, ჯონ ო’ში, რაფაელი და ჯონ ევანსი, თუმცა სანაკრებო პაუზის წყალობით სერბმა ნემანია ვიდიჩმა გამოჯანმრთელება მოასწრო და ეს სტუმრებისთვის დიდი პლიუსია. ფერგიუსონმა, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს შანსი შეეჯიბროს 12 წლის წინანდელ საკუთარ თავს, როდესაც გუნდს ეგრეთწოდებული ტრებლი - პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული, ფეხბურთის ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა - მოაგებინა, თქვა, რომ ამდენი ტრავმების გადამკიდე იმ შედეგის განმეორება ძალიან გაძნელდება:

„ბოლოს ცუდი პერიოდი გვქონდა. ასეთი ტრავმებით 1999 წლის შედეგის გამეორება ძალიან ძნელი იქნება. მაშინ დაშავებულები არ გვყავდა. რასაკვირველია, სურვილი ახლაც ძალიან დიდი გვაქვს, მაგრამ მცველები თუ არ გამოჯანმრთელდნენ, რთულ დღეში აღვმოჩნდებით“.

ჩახედეთ ცხრილს, „იუნაიტედი“ 63 ქულით პირველ ადგილზეა და „არსენალს“ ხუთით უსწრებს, მაგრამ ჩრდილოლონდონელებს თამაშით ნაკლები აქვთ. გარდა ამისა, მანჩესტერელებს სეზონის დასრულებამდე ორი განსაკუთრებით რთული თამაშიც ელით, სტუმრად უკვე ნახსენებ „არსენალთან“ და შინ „ჩელსისთან“, რომელიც მესამე ადგილზეა და ამწუთას ლიდერს 9 ქულით ჩამორჩება.

სხვათაშორის, „ლურჯებსაც“ თამაშით ნაკლები აქვთ. ერთი სიტყვით, პრემიერლიგაში ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. „იუნაიტედი“, რომელსაც მიმდინარე სეზონში სტუმრად მხოლოდ ოთხი თამაში აქვს მოგებული 31-ე ტურს ხსნის - „აპტონ პარკზე“ თამაში საქართველოს დროით 15 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. მანჩესტერელები, რასაკვირველია, იმედოვნებენ, რომ ისე, როგორც შარშან, ლონდონში, „ვესტ ჰემთან“ წლეულსაც 4:0-ს მოიგებენ - როგორც ხედავთ ეს გუნდები ერთმანეთში მხოლოდ უხვგოლიან ფეხბურთს თამაშობენ.

„მანჩესტერ იუნაიტედზე“ ბევრი ვილაპარაკეთ და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ რა დღეშია „ვესტ ჰემი“? ფორმალურად, „ჩაქუჩები“ გასავარდნთა ზონაზე ერთი საფეხურით მაღლა დგანან, მაგრამ თუ დავაკვირდებით, მათი უპირატესობა მხოლოდ გატანილ-გაშვებულთა სხვაობაშია. ერთი სიტყვით, ავრამ გრანტის შეგირდებს თვით „იუნაიტედთან“ მართებთ ყოჩაღობა, მაგრამ ფსიქოლოგიური მომზადებისთვის მათ შეუძლიათ გაიხსენონ, რომ თავიანთ მოედანზე პრემიერლიგის ბოლო სამი თამაში მოგებული აქვთ, მათგან ერთი „ლივერპულთან“.

„არსენალს“ „ბლექბერნ როვერსთან“ საშინაო შეხვედრა დღესვე, საქართველოს დროით საღამოს ცხრის ნახევარზე ეწყება. ცნობისთვის: „მეთოფეებმა“ „როვერსი“ „ემირეიტ სთედიუმზე“ ბოლო შვიდ შეხვედრაში დაამარცხეს და ამ თამაშებში 25 გოლი გაუტანეს მეტოქეს. ჩრდილოლონდონელთა თავკაცი არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ ჰოლანდიელი ფორვარდის, რობინ ვან პერსის ტრავმა, რომელიც მან ნაკრებში თამაშის დროს მიიღო, მსუბუქია, თუმცა სავარაუდოდ მაინც არ გარისკავს და ვან პერსის „ბლექბერნთან“ მაინც არ ათამაშებს. ვენგერს ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს - შარშან, ამ ფორვარდმა, სწორედ სანაკრებო შეხვედრაში მიიღო ტრავმა რომელმაც ნახევარი სეზონი გააცდენინა.

„არსენალმა“ პრემიერლიგაში ბოლო ორი შეხვედრა „სანდერლენდსა“ და „ვესტ ბრომვიჩთან“ ფრედ ითამაშა. აქვე შეგახსენებთ, რომ გუნდს ორივე ინგლისურ თასსა და პრემიერლიგაში მოეცარა ხელი. ვენგერმა თქვა:

„ეჭვი არ მეპარება, რომ სეზონის ბოლოს გარჯა დაგვიფასდება, ამიტომ, ყველაფერს სჯობს, რომ მთელი ყურადღება პრემიერლიგაში ჩვენს დაუმარცხებელ სვლაზე გადავიტანოთ და შევეცადოთ შემდეგ თამაში მოვიგოთ“.

„ჩელსის“ წესითა და რიგით იოლი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი - „სტოკ სიტის“ უნდა მოუგოს. „ლურჯების“ რიგებში სიახლეა, სათადარიგოთა სკამზე ბრუნდება იოსი ბენაიუნი, რომელმაც სამშაბათს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. ბენაიუნს სექტემბრის შემდეგ არ დაუდგამს მოედანზე ფეხი - სექტემბერში მას აქილევსის მყესი გაუწყდა.

„მანჩესტერ სიტი“ ორშაბათს „სანდერლენდს“ მასპინძლობს და თუ უნდა მეოთხე ადგილზე „ტოტენჰემი“ არ გაუშვას, უნდა მოუგოს. „ტოტენჰემი“ კი დღეს უიგანშია, ოღონდ სანახევროდ სამშაბათსა და „რეალთან“ შეხვედრაზე ფიქრობს.


დღეს
ვესტ ჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი 15:45
დისკვალიფიკაცია: პოგბა, ბრეიდი, ბლეკეტი, სქოულზი, ევანსი (მან)
ტრავმა: კინი, ედგარი, სტანისლასი, დაიერი, კოლისონი, კურუჟი - პარკი, ანდერსონი, ჰარგრივზი, ვალენსია, ფერდინანდი, რაფაელი, ო‘ში

ბირმინგემი-ბოლტონი 18:00
ტრავმა: ჰლები, მაკფადენი, დანი - ო’ბრეინი, სემუელი, გარდნერი, დევისი

ევერტონი-ასტონ ვილა 18:00
დისკვალიფიკაცია: კ. კლარკი, დივაინი (ასტ)
ტრავმა: ბარკლი, ფელაინი, კეჰილი - კეულარი, დანი

ნიუკასლი-ვულვერჰემპტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: ტეილორი, ტიოტე - დოჰერტი, სპრეი
ტრავმა: გათრი, სმიტი, აირლენდი, გოსლინგი, ბენ არფა - ედუარდსი, მოუიოკოლო, ზუბარი, ჰანტი, დევისი

სტოკი-ჩელსი 18:00
დისკვალიფიკაცია: პაპოე, ტორე (ჩელ)
ტრავმა: კარეუ, ფაიე, სიდიბე - ალექსი

ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 18:00
დისკვალიფიკაცია: სამა, კოადი (ლივ)
ტრავმა: დორანსი, იბანესი - კელი, შელვი

უიგანი-ტოტენჰემი 18:00
ტრავმა: ბოისი - ვან დერ ვაარტი, კრანჩარი, ვუდგეიტი, კინგი, ჰადლსტოუნი, ქაბული

არსენალი-ბლექბერნი 20:30
დისკვალიფიკაცია: ჟივე, გულონი
ტრავმა: ფაბრეგასი, სონგი, ვერმაელენი, ფლიმპონგი, ფაბიანსკი, შჩესნი - ნილსენი, დანი, ფ. ჯონსი


ხვალ
ფულჰემი-ბლექპული 16:30
დისკვალიფიკაცია: დი ჯეი კემპბელი (ბლექ)
ტრავმა: კამარა, სიდუელი, სენდეროსი - ტეილორ-ფლეტჩერი, გრენდინი, რაჩუბკა, ადამი, ბეშემი, გილკსი, ბ. კლარკი

მანჩესტერ სიტი-სანდერლენდი 19:00
ტრავმა: ბოატენგი, რიჩარდსი, გივენი, ა. ჯონსონი - კატერმოული, მეილერი, ტერნერი, ზენდენი


1. მანჩესტერი 30 18 9 3 64-30 63
2. არსენალი 29 17 7 5 59-29 58
3. ჩელსი 29 15 6 7 53-24 54
4. სიტი 30 15 8 7 45-27 53
5. ტოტენჰემი 29 13 10 6 41-34 49
6. ლივერპული 30 13 6 11 41-36 45
7. ბოლტონი 30 10 10 10 42-41 40
8. ევერტონი 30 9 13 8 40-39 40
9. სანდერლენდი 30 9 11 10 33-37 38
10. სტოკი 30 11 4 15 36-38 37
11. ნიუკასლი 30 9 9 12 44-45 36
12. ფულჰემი 30 7 14 9 33-33 35
13. ბლექბერნი 30 9 6 15 39-51 33
14. ასტონ ვილა 30 8 9 13 37-51 33
15. ბლექპული 30 9 6 15 45-60 33
16. ვესტ ბრომვიჩი 30 8 9 13 41-56 33
17. ვესტ ჰემი 30 7 11 12 36-49 32
18. ვულვზი 30 9 5 16 35-49 32
19. ბირმინგემი 29 6 13 10 28-41 31
20. უიგანი 30 6 12 12 29-51 30

ბომბარდირები: 20 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 18 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ბენტი (ასტონ ვილა), ნოლანი (ნიუკასლი), ვან პერსი (არსენალი), ქეროლი (ნიუკასლი); 10 - დემპსი (ფულჰემი), ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 9 - ადამი (ბლექპული), ტ. კეჰილი (ევერტონი), დროგბა (ჩელსი), ელმანდერი (ბოლტონი), ასამოა (სანდერლენდი), მალუდა (ჩელსი), ნასრი (არსენალი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტორესი (ლივერპული/ჩელსი), კემპბელი (ბლექპული).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული