ჩხუბი და ცუდი მიზანი

AutoSharing Option


შაბათს, სტოკში, „სტოკ სიტისა“ და „ჩელსის“ თამაშის შემდეგ, ლონდონელთა ფორვარდ დიდიე დროგბას საკუთარ გულშემატკივართან უსიამოვნება მოუვიდა. მიზეზი: კოტ დ’ივუარელმა შეხვედრის ბოლო წამებზე კუთხურიდან ბურთი პირდაპირ საჯარიმოში კი არ ჩააწოდა, გაათამაშა. ფანმა ეს ვერ აიტანა და ტრიბუნიდან რაღაც მკვახე დაუძახა. ამაზე დროგბა გაფიცხდა და საფინალო სასტვენის შემდეგ, მაშინ როდესაც „ჩელსის“ დანარჩენი მოთამაშეები ინგლისური ტრადიციის მიხედვით გულშემატკივარს ტაშს უკრავდნენ და მოწინააღმდეგეებს ხელს ართმევდნენ, მოედნიდან ტრიბუნაზე რაღაცას იძახდა. ამბობენ, რომ დროგბა ფანს ერთი წუთის წინანდელი ნათქვამის გამეორებას სთხოვდა, ოღონდ, თუ ბიჭი ხარ პირში
მითხარიო. საქმეში პაოლო ფერეირა ჩაერია და გაცეცხლებული თავდამსხმელი გვირაბში შეიყვანა.

მიმომხილველებმა დაასკვნეს, რომ თავდამსხმელის ასეთი გაფიცხება სხვა არაფერი იყო თუ არა დასტური იმისა, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი წარუმატებელია. „სტოკის“ კარში დროგბას მიერ გატანილმა გოლმა „ჩელსი“ იმ დღეს წაგებისგან იხსნა, მაგრამ, მეორე მხრივ, წარმატებას ნაჩვევი ფეხბურთელისთვის ეს ათ კვირიანი „გვალვის“ შემდეგ პირველი გოლი გახლდათ.

ახლა მოდი, „ლურჯების“ სტატისტიკას გადავხედოთ. ბოლო 9 შეხვედრაში დასავლეთლონდონელებმა 11 გოლი გაიტანეს. ამათგან, სამი მცველებმა შეაგდეს, ხუთი ნახევარმცველებმა და, შესაბამისად, თავდამსხმელებმაც მხოლოდდამხოლოდ სამჯერ მოახერხეს მეტოქის კარის დალაშქვრა. „სტოკთან“ შეხვედრაში, ფორვარდებმა, რომელთა ჯამური ფასი დაახლოებით 100 მილიონი ფუნტია, კარში მხოლოდ ერთი დარტყმა მოარტყეს. დროგბას კიდევ არა უშავდა, გოლის გარდა ექვსჯერ დაარტყა და მართალია ექვსჯერვე ააცილა, მაგრამ დარტყმას ხომ ახერხებდა. დანარჩენმა სამმა ფორვარდმა კი მხოლოდ ერთხელ შეძლო დარტყმა და იმ ერთ შემთხვევაშიც „სტოკის“ მეკარეს ნერვიულობა არ დასჭირვებია — ბურთი კარის ჩარჩოს აცდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული