ოქმით გამარჯვებული

AutoSharing Option
ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პრემიერლიგის გუნდები, „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ხვდებიან ერთმანეთს. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ინგლისელმა ჟურნალისტებმა ლონდონელთა მეკარე პეტრ ჩეხს მიაკითხეს და მანაც სიტყვა არ დაამადლა — 2008 წელს, მოსკოვში გამართულ ფინალში „იუნაიტედმა“ მხოლოდ ყისმათის წყალობით მოგვიგოო. შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთვანეთს. მაშინ პენალტების სერიით „იუნაიტედმა“ გაიმარჯვა.
ჩეხი ამბობს, რომ შეხვედრა, რომელიც ხვალ „სტემფორდ ბრიჯზე“ უნდა გაიმართოს უკვე დამოუკიდებელი ისტორიაა, სამი წლის წინანდელთან საერთო არაფერი აქვს და ამდენად მას შურისძიების
გრძნობა არ ამოძრავებს. კერძოდ გოლკიპერმა თქვა:

„ოქმის მიხედვით 2008 წლის ფინალი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიგო, მაგრამ ეს ხომ რეალური გამარჯვება არ იყო. მათ, უბრალოდ, პენალტების სერიაში ჩვენზე მეტად გაუმართლათ. თუმცა, დავანებოთ ამას თავი. მაშინდელი ამბავი წარსულს ჩაბარდა. ახლა ახალი დაპირისპირება გველის და დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერად ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება“.
სტატისტიკა მეტყველებს, რომ ლონდონში, „ჩელსისა“ და „იუნაიტედის“ ბოლო სამი დაპირისპირება მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. ჩეხი ფიქრობს, რომ მისი გუნდი ამჯერადაც შეძლებს ჩრდილოელი კონკურენტის ძლევას:

„მოედანზე საკუთარ ძალებში აბსოლუტურად დარწმუნებულები გავალთ. საქმე ის არის, რომ ბოლო პერიოდში „იუნაიტედთან“ კარგი შედეგი გვაქვს, განსაკუთრებით შინ, „სტემფორდ ბრიჯზე“. ვფიქრობ, ასეთ პირობებში საკუთარი კედლები დიდ უპირატესობას ნიშნავს. თუ გავიმარჯვებთ, ჩინებულ მდგომარეობაში აღვმოჩნდებით. კიდევ, კარგი ის არის, რომ მოწინააღმდეგის შესახებ ყველაფერი ზედმიწევნით ვიცით. საპასუხო შეხვედრა „ოლდ ტრეფორდზე“ გვაქვს, მაგრამ იქ „იუნაიტედი“ ახალს ვერაფერს შემოგვთავაზებს. მანჩესტერში ბევრჯერ გვითამაშია, ხოლო შარშან გავიმარჯვეთ კიდეც, ასე რომ მეოთხედფინალის წინ განწყობა დადებითი გვაქვს“.
მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ამ სეზონში 1999 წლის შედეგის ანუ ეგრეთწოდებული ტრებლის გამეორება შეუძლია — სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი აგრძელებს ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაში, ფეხბურთის ასოციაციის თასსა და პრემიერლიგაში. „ჩელსისთვის“ კი, რეალურად, დარჩა ერთადერთი პრიზი, რომლის მოპოვებაც შეუძლია — ჩემპიონთა თასი. რასაკვირველია, თეორიულად „ლურჯებს“ არც პრემიერლიგის ტიტული დაუკარგავთ, მაგრამ შაბათს, „სტოკში“ ნათამაშები 1:1-ის მერე მათ ინგლისის ჩემპიონობის შანსი ძალიან შეუმცირდათ — კარლო ანჩელოტის გუნდი მეოთხე ადგილზეა და „იუნაიტედს“ 11 ქულით ჩამორჩება. ჩეხი განაგრძობს:
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მართალია პრემიერლიგაში დიდ სირთულეებს გადავაწყდით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ადგილი შევინარჩუნეთ და მეოთხედფინალში გავედით. სამწუხაროა, რომ ინგლისის პირველობაზე ასეთივე კარგ პოზიციაში არ ვართ. იმედი გვაქვს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბარიერსაც დავძლევთ და ნახევარფინალში გავალთ“.
მართლაც, ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში დასავლეთლონდონელებმა ძალიან ცუდად ითამაშეს, მაგრამ თებერვლიდან გონს მოეგენ და დღეისათვის უკვე 9 თამაშია არ წაუგიათ. ჩეხმა დასძინა:

„ჩემპიონთა ლიგა დიდებული შეჯიბრებაა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მასში გამარჯვება პრემიერლიგის ჩემპიონობას გადაფარავს. ეს ორი განსხვავებული ტურნირია და ორივეს თავისი ხიბლი აქვს“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული