გზა ჯანდაბამდე ანუ... "ჩელსიმდე"

AutoSharing Option
„ფულჰემის“ მეპატრონე მოჰამედ ალ ფაედმა „კრეივენ კოტეჯზე“ თავისი გარდაცვლილი მეგობრის მაიკლ ჯეკსონის ძეგლი დადგა. ძეგლის სურათს „ლელოს“ მკითხველებსაც გთავაზობთ - შეგიძლიათ მის მხატვრულ ღირებულებაზე საკუთარი აზრი შეიქმნათ - თუმცა იმას გეტყვით, რომ ამ ძეგლის დანახვაზე ლონდონში ბევრს გაეცინა, „ფულჰემის“ ფანები კი გაბრაზდნენ. გაბრაზებით თავად ალ ფაედიც გაბრაზდა. ასე თქვა, ვისაც არ მოსწონს სულელია და ჯანდაბამდე გზა ჰქონიაო.

„რატომ არის ეს ძეგლი სასაცილო? - იკითხა მილიონერმა - ფეხბურთის მოყვარულებს ის ძალიანაც მოსწონთ, ხოლო თუ ზოგიერთს სხვა აზრი აქვს, ჯანდაბამდე გზა ჰქონია.
ვისაც არ მოეწონა, სულელია. ვინც ამ ნაწარმოებს ვერაფერი გაუგო, შეუძლია აქვე, „ჩელსის“ სტადიონზე გადავიდეს და მას უგულშემატკივროს. ამ ქანდაკების სანახავად ხალხი მთელი ბრიტანეთიდან ჩამოდის და რიგში დგება. ეს ისეთი რამ არის, რითაც ჩვენ, „ფულჰემის“ ფანებს შეგვიძლია ვიამაყოთ“.

ძეგლი, რომელიც ალ ფაედს 100 ათასი ფუნტი დაუჯდა, ორტონანახევრიან გრანიტის პედესტალზე დგას. დაბლა ჯეკსონის სიმღერის Mან ინ ტჰე Mირრორ-ის ტექსტია ამოტვიფრული. გახსნის ცერემონიალი კვირას, „ფულჰემის“ და „ბლექპულის“ შეხვედრის წინ მოეწყო - შეგახსენებთ, რომ „ფულჰემმა“ 3:0 გაიმარჯვა - ძეგლი მდინარე ტემზას გადაჰყურებს. რაც შეეხება იმას თუ რა შუაშია აქ „ჩელსი“, შეგახსენებთ, რომ „ფულჰემი“ და „ჩელსი“ ლონდონში ფაქტობრივად ერთი უბნის გუნდებია.

რაც შეეხება „ფულჰემის“ მიერ „ბლექპულის“ 3:0 ძლევას, ის უპირველეს ყოვლისა ბობი ზამორას ორი გოლით იყო დასამახსოვრებელი. მოგეხსენებათ, ზამორა 11 სექტემბერს დაშავდა და მას მერე მკურნალობდა. „ბლექპულთან“ მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა ის პირველად ათამაშა სასტარტო შემადგენლობაში და... რასაკვირველია, ტრიბუნებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს მისი ინგლისის ნაკრებში გამოძახება. სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია: ზამორა ამ სეზონში სულ მეცხრედ შევიდა მოედანზე და 6 გოლი შეაგდო. მატჩის შემდეგ ჰიუზმა განაცხადა:

„ბობისთვის დიდებული მატჩი გამოვიდა. ასეთი შეხვედრა მას დაავიწყებს იმ ტანჯვას ტრავმასთან ბრძოლაში რომ გადახდა და სასურველ კალაპოტში ჩააგდებს. უკეთესს ვერც ვინატრებდით. მან ჩვენ დაგვიბრუნა ის თვისებები, რომებიც ბოლოხანს ასე ძალიან გვაკლდა. როდესაც ბობი მოედანზეა ჩემი ფეხბურთელები თავს გაცილებიდ უკეთ გრძნობენ. მათ საკუთარი შესაძლებლობების სწამთ“.

ზამორას ეფექტური დაბრუნების გარდა „ფულჰემისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ის გასავარდნთა ზონას ფრიად გაცილდა. მართალია ჰიუზს კარგად ესმის, რომ პრემიერლიგის დატოვების თეორიული შანსი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ 20 გინდიან შეჯიბრებაში მე-10 ადგილზე ყოფნა ურიგო არ არის.

„ბლექპულს“ კი, როგორც ჩანს ლონდონის ეშინია - ამ სეზონში გუნდი დედაქალაქში ოთხჯერ ჩავიდა და ჯამში 13 გოლი გაუშვა, გატანით კი ერთიც ვერ გაიტანა. თან, დახეთ რა საინტერესოა: ანგარიშის მიხედვით „ფულჰემთან“ წაგებული 3:0 „არსენალთან“ წაგებულ 6:0-საც სჯობს და „ჩელსისთან“ წაგებულ 4:0-საც, მაგრამ თამაშის ხარისხით „კრეივენ კოტეჯზე“ „ბლექპული“ ყველაზე უსუსური სჩანდა. ყველაზე კარგი თამაში „ბლექპულს“ ლონდონში „ვესტ ჰემთან“ ჰქონდა - 0:0.

დამარცხებულთა მწვრთნელმა იან ჰოლოუეიმ თქვა: „დღეს ნერვებისმომშლელად ნაზად ვთამაშობდით. ასეთი რამ ჩემს გუნდს პირველად შევამჩნიე და შინ რომ დავბრუნდებით ამ საკითხზე ფეხბურთელებს სერიოზულად დაველაპარაკები. მე მათ იმ გოლების ჩანაწერებს ჩავურთავ, რომელთა წყალობითაც შარშან პრემიერლიგის საგზური მოვიპოვეთ. ასეთი ფაქიზი მოძრაობებით არაფერი გამოვა“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული