ფაბიო კაპელო და ასი ინგლისური სიტყვა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ მისთვის საჭირო 100 სიტყვა ინგლისურად უკვე იცის. საქმე ის გახლავთ, რომ ადრე, როდესაც მოკირკიტე ინგლისელმა ჟურნალისტებმა მწვრთნელს ინგლისურის არცოდნა უსაყვედურეს, მან უპასუხა, რომ გუნდის ხელმძღვანელობას ას სიტყვაზე მეტი არ სჭირდება. როგორც ჩანს კაპელომ სიტყვათა საჭირო მარაგი უკვე დააგროვა, თუმცა როგორც ირკვევა, აქ ზოგად ლექსიკაზე კი არა, პროფესიულ ჟარგონზე იყო ლაპარაკი.

კრიტიკოსებს აღიზიანებთ, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია მილიონებს უხდის ადამიანს, რომელმაც იმ ქვეყნის ენაც კი არ იცის, რომლის სიამაყე — ეროვნული გუნდი აბარია.
ამ დღეებში, იტალიის ქალაქ ბარიში გამართულ ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ენობრივ ბარიერთან დაკავშირებული კითხვა მას იტალიელმა ჟურნალისტებმაც დაუსვეს. კაპელო გაბრაზდა:

„როდესაც ვთქვი, რომ ასი სიტყვის ცოდნა სრულიად საკმარისია, საფეხბურთო ჟარგონი ვიგულისხმე. ეს ის სიტყვებია, რომელთა დახმარებით მე ფეხბურთელებს გავაგებინებ ყველაფერს, რისი თქმაც მათთვის თამაშთან დაკავშირებით მინდა. ჩვენ იტალიაშიც გვაქვს პროფესიული ჟარგონი — სიტყვები და ფრაზები, რომელთაც მუშაობის დროს ვიყენებთ. მათი რაოდენობა დიდი არ არის. როდესაც ვამბობდი, რომ მხოლოდ ასი სიტყვის შესწავლა მჭირდებოდა, სწორედ პროფესიულ ჟარგონს ვგულისხმობდი, თორემ ინგლისურად, რასაკვირველია, მეტი ვიცი“.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული