ტოტენჰემის რიგია

AutoSharing Option

„ანდერლეხტის“ ყმაწვილკაც რომელუ ლიკაკუს შეძენა ბევრ გუნდს სურს, თუმცა, რამდენადაც „დეილი მეილისთვის“ გახდა ცნობილი, რიგში პირველი „ტოტენჰემ ჰოთსპურია“. ლიკაკუ 17 წლისაა, ის თავდამსხმელია. თამაშის სტილით მას დიდიე დროგბას ადარებენ — ათლეტურია და სწრაფი. ასაკის მიუხედავად ის უკვე ათამაშეს ბელგიის ნაკრებში. სულ ახლახან, იანვარში, „ანდერლეხტმა“ ლიკაკუს სოლიდური ფასი დაადო — 26,6 მილიონი ევრო, თუმცა, ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრიუსელის გუნდი ზაფხულში რეალურ მყიდველს ფასს სერიოზულად დაუკლებს. თუ რამე არ შეიცვალა, „ტოტენჰემს“ მასში 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ამბობენ, რომ „სფურზის“ თავკაცი
ჰარი რედნაპი ყველაზე მეტად იმით არის უკმაყოფილო, რომ ბოლო წლების განმავლობაში თავდასხმა ვერ გააძლიერა. საფუძველიც აქვს — „დეზების“ გუნდში შეტევის ხაზი სხვა რგოლებთან შედარებით უსახურია. პიტერ კრაუჩმა, ჯერმაინ დეფომ და რომან პავლიუჩენკომ მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯობრებაში ერთად, 27 გოლი გაიტანეს, რომელთაგან პრემიერლიგაზე მხოლოდ 11 მოდის. რაც შეეხება ლიკაკუს, მართალია ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა პრობლემის გადაწყვეტა რომ მოსთხოვონ, მაგრამ გრძელვადიანი ინვესტიციისთვის შესაფერისი ფიგურაა. სავარაუდოდ, მისი აყვანა დღეს მოქმედ თავდამსხმელთაგან რომელიმეს გაშვებას გამოიწვევს. ეს კრაუჩს, ალბათ, არ შეეხება, მაგრამ პავლიუჩენკო, დეფო ან ქირით აყვანილი ირლანდიელი რობი კინი გუნდს აშკარად გამოეთხოვება. შეგახსენებთ, რომ კინი „ვესტ ჰემის“ საკუთრებაა.

191 სანტიმეტრი სიმაღლის, დაბადებით ანტვერპენელი ყმაწვილკაცი კარგა ხანია „ჩელსის“, „მანჩესტერ სიტის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტების დაკვირვების ობიექტია. რასაკვირველია, მის პროგრესს სხვა ევროპული კლუბებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს, მაგრამ ბოლოხანს ვარსკვლავბიჭუნამ გოლების გატანას უკლო და მისი გადაბირების მსურველთა რიგში პირველი „ტოტენჰემი“ დარჩა. დაინტერესებულ კლუბთა შორის ასახელებენ „ვესტ ჰემსა“ და „ევერტონსაც“, მაგრამ ისინი „სფურზის“ შემდეგ მოდიან.
მიმდინარე სეზონში ლიკაკუმ „ანდერლეხტის“ მაისურით 12 გოლი გაიტანა, ბელგიის ნაკრებში კი ორჯერ გამოიჩინა თავი, თუმცა შობის შემდეგ მხოლოდ სამჯერ დაარტყა შედეგიანად.

თავდასხმის პრობლემის გადასაწყვეტად ჰარი რედნაპი „ლორიანის“ 23 წლის ფეხბურთელ კევინ გამეიროს ყიდვასაც აპირებს. გამეირომ მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული