43 წლის ფილ პარკინსონს „არსენალმა“ სკაუტის თანამდებობა შესთავაზა. პარკინსონი იანვრის შემდეგ უმუშევრადაა — „ჩარლტონ ატლეტიკმა“ მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კიდევ უფრო ადრე ის „კოლჩესტერს“ ედგა სათავეში. პარკინსონის სამსახურში აყვანა „მეთოფეთა“ მთავარი სკაუტის, სტივ როულის იდეაა. საქმე ის გახლავთ, რომ პარკინსონს პრემიერლიგაზე დაბალ ლიგებში მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება აქვს და იქაური ქიციც კარგად მოეხსენება და ქიცმაცურიც. მეტიც, „არსენალი“ ახალი თანამშრომლისთვის ამოცანის იკიდევ უფრო დაკონკრეტებას აპირებს და უნდა მას ნიჭიერი ფეხბურთელების ჩრდილო ინგლისის კლუბებში მოძებნა დაავალოს.
თუმცა, პარკინსონს „მეთოფეთა“ შემოთავაზებაზე ჯერ პასუხი არ გაუცია.
ხოლო ის, რომ „მეთოფეები“ „ჩარლტონ ატლეტიკის“ მცველ კარლ ჯენკინსონს 2 მილიონ ფუნტად უპირებენ ყიდვას, ალბათ პარკინსონის დამსახურებაა. „არსენალს“ ჯენკინსონის თაობაზე „ჩარლტონისთვის“ სამი კვირის წინ მიუმართავს. როგორც ჩანს არსენ ვენგერი სწორად მოიქცა, რომ იჩქარა, რადგან მარჯვენაფლანგელის შეძენის სურვილი „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ჩელსის“, „ფულჰემს“ და „ვესტ ჰემსაც“ ჰქონიათ. აღსანიშნავია, რომ ჯენკინსონს „ჩარლტონ ატლეტიკთან“ კონტრაქტი ამ ზაფხულს უმთავრდება და ახლის გაფორმებაზე უარს ამბობს. შესაბამისად, კლუბმა უნდა იჩქაროს, რათა 19 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით არ გაექცეს.
ჯენკინსონთან დაკავშირებით კიდევ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ამ ინგლისელ ფეხბურთელს სამი შეხვედრა ფინეთის 21 წლამდელთა ნაკრებში აქვს ჩატარებული — დედა ჰყავს ფინელი და იმიტომ.