მე ვარ ვინცა ვარ!

AutoSharing Option
„ნიუკასლის“ გიჟმაჟმა ფეხბურთელმა ჯოი ბარტონმა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ გარეთ ბერის შეუტია. ბერი, მოგეხსენებათ, ინგლისისა და განის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისს კაპიტნობდა, ბარტონმა კი საერთოდ ცივი წყალი გადაასხა - ეგ კაცი ნაკრებისთვის საერთოდ არ ვარგაო. ბარტონი ის კაცია თავს ინგლისის საუკეთესო ნახევარმცველად რომ მიიჩნევს. მან თქვა:

„გახსოვთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანელებთან შეხვედრა? მეოთხე გოლის დროს ერთმანეთის პირისპირ იოზილი და ბერი შერჩნენ. ეს იყო კუ კურდღლის წინააღმდეგ. ბერი საერთოდ თავშეკავებული, უკანდამხევი ადამიანია. ის ყველას ყოველთვის ეთანხმება. ბერი იმ მოსწავლეს ჰგავს, წინა რიგში ჯდომა
რომ უყვარს. როდესაც მის წინააღმდეგ ვთამაშობ, შემიძლია დავიძინო.
ჯერარდი სახიფათოა, მასთან ყურადღებას წუთით ვერ მოადუნებ, ბერი კი საერთოდ არ არის სახიფათო“.

ეს ყველაფერი ბარტონმა ფრანგულ საფეხბურთო ჟურნალ So Foots-ს უთხრა. მას არც ტრაბახი დავიწყებია: „ვფიქრობ, საუკეთესო ინგლისელი ნახევარმცველი მე ვარ. უილშირს არა უშავს, ლემპარდი დაღმა მიდის, ჯერარდი კი სულ დაშავებულია“.

ასეთი ინტერვიუს წაკითხვამ „მანჩესტერ სიტის“ თავკაც რობერტო მანჩინის თავისი მოთამაშის დაცვის სურვილი გაუჩინა. იტალიელმა თქვა: „გარეთი დიდებული ადამიანი და შესანიშნავი ფეხბურთელია. ცუდი ფეხბურთელი არც ჯოი ბარტონია, მაგრამ გარეთი ფანტასტიკურია“.

ჯოი ბარტონი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასაც გადაწვდა და თქვა, რომ მის ქვეყანას შანსი არ აქვს გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი: „ხალხს, რომელიც ფეხბურთის ასოციაციას უდგას სათავეში, ჰქონია, რომ დღესაც შეიძლება გუნდი 1966 წლის მეთოდებით გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული