ტრიბუნაზე დაბრუნებული

AutoSharing Option
გარი ნევილს ბევრჯერ უთქვამს, 25 წლის წინ, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობის დროს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ რომ არ ავეყვანეთ, მთელი ცხოვრება „ოლდ ტრეფორდის“ „სტრეტფორდ ენდზე“ ვიდგებოდიო. ცნობისათვის: „სტრეტფორდ ენდი“ „ოცნებათა თეატრად“ წოდებული სტადიონის დასავლეთ ტრიბუნაა.

დღეს ნევილი ფეხბურთელი აღარ არის, კარიერა დაასრულა, გამოსათხოვარი მატჩისთვის ემზადება. ის ფეხბურთს 24 მაისს „იუვენტუსთან“ შეხვედრით დაემშვიდობება, მანამდე კი, როგორც საქმიდან წასულ კაცს შეშვენის, მოსვენებული დაჰყვება თავის საყვარელ „იუნაიტედს“. ერთი კვირის წინ, მაგალითად, ლონდონში იყო, სადაც „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრას დაესწრო. მოგეხსენებათ, იმ დღეს
მანჩესტერელებმა „ჩელსის“ 1:0 მოუგეს.

„სამ-ოთხ მეგობართან ერთად ვიყავი. ბიჭებს ფეხბურთზე უნდოდათ წამოსვლა. ჩვეულებრივი ბილეთი ავიღეთ, ფანებთან დავსხედით. არ ვაპირებ დირექტორების ტრიბუნაზე ჩემთვის რამდენიმე ადგილი გამოვაყოფინო. ერთ ბილეთს ამ ლოჟაში რამენაირად ვიშოვნიდი, მაგრამ ძმაკაცებთან ერთად მინდოდა ყოფნა. სტადიონზე შევედით, ოღონდ 20 წუთით დავიგვიანეთ - არ გვიშვებდნენ“.

აქ, გარი ნევილმა აშკარად შეიკავა თავი. ეტყობოდა, ძალიან უნდოდა საორგანიზაციო შეცდომების გამო ადმინისტრაცია გაელანძღა, მაგრამ გაჩერდა. იმ დღეს ის ერთ-ერთი ფანთაგანი იყო და ყველაფერი, რაც ფანებს გადახდათ, მასაც გადახდა.

„რომ მოვიგეთ შესანიშნავი იყო, მაგრამ ისედაც დიდი სიამოვნება მივიღე. ჩვეულებრივ ტრიბუნაზე ძალიან დიდი ხანია არ ვყოფილვარ. თუ არ ვცდები ფანებთან ბოლოს 10 წლის წინ, ლესტერში ვიჯექი. საუცხოო შეგრძნებაა, იქ ხარ და უშუალოდ გესმის რასაც ამბობენ ისინი. ისე, ცოტა შევცბი კიდეც. რამდენიმე კვირის წინ ისინი ხომ ასეთ რაღაცებს ჩემზეც ამბობდნენ“.
მაგრამ „სტემფორდ ბრიჯის“ ტრიბუნაზე ყოფნა ერთია და მანჩესტერულ დერბიზე დასწრება მეორე. შაბათს, „უემბლიზე“, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს „იუნაიტედი“ და „სიტი“ ხვდებიან. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ „უემბლიზე“ ერთმანეთის პირისპირ წარმსდგარან შეფილდისა და ლივერპულის გუნდები, იქ, ბურთი ჰალელებსაც კი გაუგორებიათ, მაგრამ მანჩესტერული დერბი პირველად იმართება.

ნუთუ, გარი ნევილი ამ შეხვედრასაც ფანებთან ერთად ნახავს? რა თქმა უნდა არა. ამ შეხვედრაზე ის გუნდთან ერთად წავა. 24 მაისისთვის ცოტა ფორმაც უნდა აღიდგინოს. ბენეფისია, ბოლოს და ბოლოს.

„რამდენიმე კვირაა გასახდელში არ ვყოფილვარ. ახლა, უნდა შევიდე - ამბობს ნევილი - დღეს უკვე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ თებერვალში სწორი, გააზრებული გადაწყვეტილება მივიღე. მე ფეხბურთელი აღარ ვარ. ბოლოხანს ვატყობდი, რომ თამაშის წინ ბიჭებთან სულ ტყუილად ვტრიალებდი. მათ ჩემი გასახდელში ყოფნა არაფრად სჭირდებოდათ. ყოველი მატჩის წინ იქ ისედაც ბევრი ხალხი ირევა.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოცდილი, კარგი ხალხი თამაშობს. მათ სეზონის სიმძიმე კისერზე აწევთ და დიდი მწვრთნელი ხელმძღვანელობთ. აშკარად დრო იყო, გუნდს გავცლოდი.
ჩემი ახალი პოზიცია ძალიან მომწონს. თამაშის ტრიბუნიდან ნახვა მშვენიერი საქმიანობა ყოფილა. წინა კვირას „ჩელსისთან“ თამაშს დავესწარი, შაბათს „ფულჰემის“ სტადიონზე ვიყავი, ახლა ისევ „ჩელსისთან“ მატჩს ვნახავ და მომავალ შაბათს მანჩესტერულ დერბისაც დავესწრები. სეზონის ბოლომდე ასე ვაპირებ. შეხვედრების უმეტესობას ტრიბუნიდან უნდა ვადევნო თვალი და ბიჭებს ვუგულშემატკივრო.

არ დაგიმალავთ, ძალიან კმაყოფილი ვარ ფეხბურთის თამაშს თავი რომ დავანებე. სტადიონზე დავდივარ, ველოსიპედით ვმოძრაობ და საერთოდ მოსვენებული გახლავართ. ხასიათის გამო მთელი 20 წლის განმავლობაში უკიდურესად დაძაბული ვცხოვრობდი. არ მინდა ვახსენო სიტყვა ზეწოლა, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედის“ სახელით თამაში ზეწოლა კი არა უდიდესი პატივია, მაგრამ ამ გუნდს უმაღლესი მოთხოვნები აქვს დასახული და მათ საპასუხოდ ყოველი დღე შესაძლებლობების ზღვარზე უნდა გაატარო. ყველაფერი, რასაც აკეთებ ფანებისთვის, თანაგუნდელებისთვის და ოჯახის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი გულისთვის ტყავიდან ძვრები, მაგრამ დღეს ჩემთვის ეს უკვე წარსულია და ვგრძნობ, რომ დიდი ტვირთი მომეხსნა“.

თუმცა, ტვირთის მოხსნაზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევი უნდა იყოს. სექტემბრიდან გარი ნევილი „სქაი სპორტზე“ მიმომხილველად იწყებს მუშაობას, ეს კი ურთულესი საქმეა. გარი ნევილისთვის, ყოველ შემთხვევაში... აი, თუნდაც გასული კვირის ამბავი გავიხსენოთ, როდესაც კამერების წინ უეინ რუნის საქციელის შეფასება სთხოვეს. ნევილმა უპასუხა:

„რასაკვირველია, ფეხბურთელები ტელეკამერებში რომ არ იგინებოდნენ იდეალური იქნებოდა, მაგრამ მოდი ნურც იმას დავმალავთ, რომ რუნიმ თამაშის დამთავრებისთანავე მოიხადა ბოდიში. ფეხბურთს ემოციას ვერ გამოაცლი. ვერავინ გააკონტროლებს გოლის ავტორთა რეაქციას, ის ინსტინქტურია. ვაღიარებ, რომ რუნის გინების ნახვა სასიამოვნო არ იყო, მაგრამ ამის გულისთვის მისი დასჯა სასაცილო საქციელი გახლდათ. ბებიაჩემს ძალიან არ მოსწონდა რომ ვიგინებოდი და მთელი კარიერის მანძილზე ჩამჩიჩინებდა, რომ თავი შემეკავებინა, მაგრამ მეც ერთსა და იმავეს ვპასუხობდი: ბებო, წარმოდგენა არ მაქვს თუ ვიგინებოდი. სულერთია, კვირას, პარკში, გასართობად თამაშობ თუ ხუთი მილიონი ტელემაყურებლის წინაშე სტადიონზე გამოდიხარ. რეაქცია რეაქციაა. ეს ჩვენი კულტურაა, ფეხბურთი მუშათა კლასის ელემენტს შეიცავს.

დავანებოთ თავი ფეხბურთელების ქცევას. ფანები როგორ იქცევიან? ისინი ტრიბუნიდან შეურაცხყოფას აყენებენ მოთამაშეებს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნებისმიერმა მოთამაშემ იცის, რომ სხვა ქალაქში ლანძღვა-გინება არ აცდება. ასეთია ფეხბურთი. მთელი ისტორიის განმავლობაში ერთი და იგივე მეორდება. ასეთივე დღეში არიან სხვა კლუბების ფეხბურთელებიც. სერ ალექს ფერგიუსონი არასდროს ათამაშებს ახალგაზრდას, თუ ატყობს, რომ ის ჯერ კიდევ მგრძნობიარეა ტრიბუნების რეაქციის მიმართ. განცდიანი კაცი ფეხბურთელი არ უნდა გამოვიდეს. შეგუებული უნდა იყო, რომ შენზე საშინელებებს იტყვიან ფორუმებზე, რადიოში, როდესაც გულშემატკივრის ზარს ჩართავენ პირდაპირ ეთერში, ტრიბუნებზე...“

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული