"არსენალის" და ლემანის გამარჯვება

AutoSharing Option
ბლექპულში გამარჯვებით გახარებული არსენ ვენგერი ამბობს, რომ მის „არსენალს“ ჯერ კიდევ შეუძლია „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაწევა - 32-ე ტურის შემდეგ პრემიერლიგის ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა 7 ქულაა. შეგახსენებთ, რომ ყველა შეჯიბრებაში ერთად, ეს მეთოფეთა პირველი გამარჯვება იყო ბოლო ექვს შეხვედრაში. „ბლუმფილდ როუდზე“ გოლები აბუ დიაბიმ, ემანუელ ებუემ და რობინ ვან პერსიმ გაიტანეს, მასპინძელთაგან კი ერთი საპასუხო გერი ტეილორ-ფლეტჩერმა შეაგდო. ჩრდილოლონდონელთა თავკაცი ამბობს, რომ მის ბიჭებს კვირასაც რომ ვერ მოეგოთ, ჩემპიონობის ყველანაირი შანსი დაკარგული ექნებოდათ.

„ტიტულისთვის ბრძოლის შანსს მხოლოდ სამი ქულა
თუ დაგვიტოვებდა და აი, მოვიგეთ კიდეც. ჩვენ, გულშემატკივარს სიტყვა მივეცით, რომ დარჩენილ შეხვედრებში ყველა ღონეს ვიხმარდით. წინ კიდევ შვიდი ტურია, ეს კი ცოტა ნამდვილად არ არის. ბოლოდროს ხალხი ხშირად იმეორებდა, რომ ჩვენ კარგა ხანი არ მოგვეგო, თუმცა ასევე კარგა ხანია არც წაგვიგია. ერთი სიტყვით, ბლექპულში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ და ახლა ყოველ მომდევნო ტურში მაქსიმალური მონდომებით უნდა გამოვიდეთ“.

კიდევ, ვენგერი ფიქრობს, რომ „არსენალს“ ერთგვარი ფსიქოლოგიური უპირატესობაც აქვს - „მანჩესტერ იუნაიტედი“ სამ ფრონტზე იბრძვის, მაშინ როდესაც „მეთოფეებს“ ერთადერთი მიზანი დარჩათ: პრემიერლიგის ჩემპიონობა.

„ჩვენ ახლა ერთ კვირას დავისვენებთ, რის შემდეგაც ორი რთული თამაში გველის, „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემთან“. ამის მერე კი სულ ისეთი შეხვედრები მოდის, რომლებიც წესითა და რიგით უნდა მოვიგოთ“.

ბევრჯერ დაიწერა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ „არსენალს“ რთული პერიოდი ჰქონდა, რომელიც, ვენგერის აზრით უკვე დაძლეულია. მან თქვა:

„ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ ძალიან გვატკინა გული და, რასაკვირველია, მას მოჰყვა იმედგაცრუების ხანა, რომელიც რამენაირად უნდა დაგვეძლია. სწორედ ასეთ დროს უნდა დაამტკიცო, რომ მენტალურად ძლიერი ხარ და სირთულეების გადალახვა შეგიძლია“.

ბლექპულში ჩატარებულ შეხვედრაში კიდევ ერთი თვალშისაცემი ამბავი მოხდა - უშუალოდ თამაშის წინ მეკარე მანუელ ალმუნია დაშავდა და მის ნაცვლად კარში ვეტერანი იენს ლემანი ჩადგა. მოგეხსენებათ, ლემანი 41 წლის არის და მას ფეხბურთის თამაშისთვის უკვე თავი ჰქონდა დანებებული. გერმანელმა ჩინებულად გაართვა საქმეს თავი, თუმცა ერთ ეპიზოდში წითელ ბარათსაც გადარჩა: იმ ეპიზოდში „ბლექპულს“ გოლი რომ არ შეეგდო, მსაჯი ლემანს აუცილებლად დასჯიდა.

ვენგერი: „იენსს როგორც მეკარეს კი ვენდობოდი, მაგრამ მასაც რამე რომ მოსვლოდა ვეღარ შევცვლიდი - თადარიგში აღარავინ მყავდა. რაც შეეხება გოლის ეპიზოდს, მსაჯს პენალტიც რომ დაენიშნა, ვფიქრობ, ჩვენი გოლკიპერი, ყვითელ ბარათზე მკაცრად არ უნდა დაესაჯა. საბოლოოდ ლემანით კმაყოფილი ვარ. ის ვითარებას კარგად აკონტროლებდა. სტანდარტული მდგომარეობების დროს ის ჩინებულად ხელმძღვანელობდა დაცვას“.

სტატისტიკოსები კი ამბობენ, რომ ამიერიდან იენს ლემანი გახდება ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელიც „არსენალის“ ისტორიაში მოედანზე გასულა.

„მართალი გითხრათ არც ველოდი, რომ თამაში მომიწევდა, მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე. შემდეგ ტურშიც თუ ვითამაშებ? გულწრფელად რომ გითხრათ აღარც მაინტერესებს. თუნდაც „ბლექპულთან“ მატჩი ჩემი კარიერის უკანასკნელი შეხვედრა გამოდგეს, ძალიან კმაყოფილი დავრჩები, რადგან ის მოვიგეთ“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული