ყოფილი ინგლისელი მსაჯი გრემ პოლი, რომლის მოსაზრებებსაც „ლელოს“ მკითხველი ხშირად ეცნობა, ამჯერად მსჯელობს რამდენიმე წესზე, რომელიც არბიტრებს არ უნდათ რომ არსებობდეს. მეტიც, მსაჯებმა კარგად იციან, რომ ამ წესების შესრულება ამაოა, მაგრამ ვალდებულები არიან შეასრულონ. უპირველეს ყოვლისა ლაპარაკია გოლის გატანის შემდეგ ზღვარგადასულ ზეიმზე, უფრო სწორად კი მაისურის გახდაზე.
ფაქტია: გოლის ავტორისთვის ყვითელი ბარათის აფრიალება არბიტრებს, რომლებიც ისედაც არაპოპულარულები არიან, კიდევ უფრო არაპოპულარულებს ხდის. ხალხი ღიზიანდება. მერედა, ეს გაფრთხილება მოთამაშეებზე რომ მოქმედებდეს მაისურის გახდისთვის თავი კარგა ხნის დანებებული ექნებოდათ, მაგრამ, როგორც ვხედავთ,
მეორე მხრივ, არბიტრებმა კარგად იციან, რატომ მოიგონეს ეს წესი — ფეხბურთელის ქცევამ მაყურებელზე რომ არ იმოქმედოს და ზეიმი მასობრივ უწესრიგობაში არ გადაიზარდოს. მაგრამ, პოლი აღნიშნავს, რომ ყვითელმა ბარათმა, როგორც დაშინების მექანიზმმა არ იმუშავა და კარგი იქნება თუ მას შეცვლიან. მაგალითად, შესაძლოა გოლის შემდეგ მაისურის გახდისთვის ფულით დაჯარიმებას ჰქონდეს აზრი.
მეორე წესი, რომელსაც მსაჯები ზედმეტად მიიჩნევენ დაშავებული ფეხბურთელის მოედნიდან გასვლაა, მას მერე, რაც ნატკენ ადგილს დაუთვალიერებენ და ტრავმის სიმძიმეს შეუფასებენ. გასაგებია, რომ ეს სიმულაციის საწინააღმდეგოდ მოფიქრებული კანონია — თუ ტყუილად წაიქცევი, რაღაც დროით (სანამ მოედნიდან გახვალ და დაბრუნდები) გუნდს დააკლდები, მაგრამ ამან შედეგი აშკარად ვერ გამოიღო. საილუსტრაციოდ პოლი პრემიერლიგის ბოლო ტურში „ივუდ პარკზე“ მომხდარ ინციდენტს იხსენებს: „ბირმინგემ სიტის“ მცველი როჯერ ჯონსონი მეტოქესთან თავით შეჯახების შემდეგ იძულებული იყო მოედნიდან გასულიყო და დაბრუნებულიყო. სანამ დაბრუნებული ჯონსონი თავისი პოზიციისკენ მირბოდა, „ბლექბერნმა“ გოლი გაიტანა.
„ამ ორი, სრულიად ზედმეტი წესის გაუქმების ან გადახალისების ნაცვლად ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭომ კარს უკან დამატებითი მსაჯები დააყენა. ისინი შეხვედრის მთავარ არბიტრს ხელს უშლიან და მასთან თანამშრომლობა უჭირთ“ — ამბობს პოლი, რომელიც თავის პოზიციას კვლავ მაგალითით ამაგრებს. ინგლისელი ექსპერტის მაგალითი ამჯერად ჩემპიონთა ლიგის თამაშიდან არის. ერთი კვირის წინ, „სტემფორდ ბრიჯზე“, „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში მანჩესტერელმა პატრის ევრამ ლონდონელთა ბრაზილიელი ნახევარმცველი რამირესი საჯარიმოში წააქცია. პოლის აზრით სადავო არაფერია: ამ ეპიზოდში პენალტი უნდა დანიშნულიყო და დარღვევა ზუსტად უნდა დაენახა კარსუკანა თანამსაჯს, მაგრამ მან მთავარ არბიტრს არაფერი უთხრა. პოლი ამბობს, რომ ვიდეოგამეორებეზე აშკარად ჩანს — ხსენებული ასისტენტი ვალდებული იყო ევრას მიერ წესის დარღვევა შეემჩნია, ის საამისოდ იდეალურ პოზიციაში იდგა, მაგრამ... ვაგლახ, მეოთხე და მეხუთე მსაჯებიც ადამიანები გამოდგნენ თავიანთი შეცდომებითა და სისუსტეებით.
„კიდევ რამდენი მსაჯი უნდა დაამატოს ფიფამ, რომ მიხვდეს — ადამიანი მაინც შეცდება, ვიდეოკამერას კი ვერაფერს გამოაპარებ!“ — ამბობს ფიფას ყოფილი არბიტრი და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ექსპერიმენტი ბოლო იქნება და მერე ძლიერნი ამა ქვეყნისანი ერთადერთ სწორ დასკვნას გააკეთებენ.