ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერლიგისა და ქვედა დივიზიონების წლის სიმბოლური ნაკრებები დაასახელა. რა ხდება დაბალ ეშელონებში ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, პრემიერლიგის თერთმეტეულში კი, მეტწილად, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „არსენალის“ ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი — შვიდი კაცი ამ ორი გუნდიდანაა. გარდა ამისა დარიგდა ინდივიდუალური პრიზებიც. სეზონის საუკეთესო მოთამაშედ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ 21 წლის უელსელი გარემარბი გარეთ ბეილი დაასახელეს, საუკეთესო ახალგაზრდის ჯილდო კი „მეთოფე“ 19 წლის ჯეკ უილშირს ხვდა. შეგახსენებთ, რომ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის გამარჯვებულებს თავად ფეხბურთელები ასახელებენ.
სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე პრემიერლიგის ლიდერმა
თერთმეტ საუკეთესოს შორის სულ ხუთი კლუბის ფეხბურთელები მოხვდნენ. „მანჩესტერ სიტიდან“ ორია: ფორვარდი კარლოს ტევესი და ცენტრალური მცველი ვენსან კომპანი. „ტოტენჰემის“ ამბავი უკვე მოგახსენეთ, „ჩელსიდან“ კი პატივი ეშლი კოულს ერგო.