ებუე კარს მიუახლოვდა

AutoSharing Option


27 წლის კოტ დ’ივუარელ ემანუელ ებუეს ამ ზაფხულს, „არსენალში“, ალბათ, კარისკენ მიუთითებენ. ეს ფეხბურთელი ციდან ვარსკვლავებს ისედაც ვერ წყვეტდა და კვირის მერე მისი გაშვების ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოგეხსენებათ, „ემირეიტ სთედიუმზე“, „ლივერპულთან“ შეხვედრის 102-ე წუთზე, ებუემ ლუკასი წააქცია, რისთვისაც მსაჯმა პენალტი დანიშნა და დირკ კუიტმა ანგარიში გაქვითა. ეს ფრე „არსენალს“ შეიძლება ჩემპიონის ტიტულადაც კი დაუჯდეს. ინგლისური ტაბლოიდებისთვის კი ისედაც ცნობილი იყო, რომ „მეთოფეთა“ თავკაც არსენ ვენგერს, სეზონის დამთავრების შემდეგ, ფეხბურთელთა ერთი ჯგუფის გაყიდვა აქვს ჩაფიქრებული და ებუე სწორედ ამ ჯგუფში შედიოდა.
მატჩის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე, ვენგერმა კოტ დ’ივუარელი დაიცვა, თუმცა, აშკარა იყო, რომ „მეთოფეები“ ბრაზს კბილებით იკავებდნენ. მარტო ის რად ღირს, რომ როდესაც მსაჯმა „არსენალის“ კარში პენალტი დანიშნა, ებუესთან დასამშვიდებლად ერთი თანაგუნდელიც კი არ მისულა. თუ ჩრდილოლონდონელებმა ამ გაზაფხულზეც ვერ მოიპოვეს პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული გამოვა, რომ ისინი წარუმატებლად უკვე მეექვსე სეზონს ჩაამთავრებენ, რაზეც ებუეს თანაგუნდელს, 24 წლის იოან დჯურუს, რომელიც ეროვნებით ასევე კოტ დ’ივუარელია, მაგრამ შვეიცარიის ნაკრებში გამოდის, გულწრფელი რეაქცია ჰქონდა:
„კვლავ ხელმოცარულები თუ დავრჩებით, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა უნდა დავაბრალოთ. კარგა ხნის წინ შეგვეძლო ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ შემოგვეტრიალებინა, მაგრამ შანსი ხელიდან გავუშვით. იმედია, დასკვნებს მაინც გავაკეთებთ“.

სტოკს წაგება აწყობს

საინტერესო დამთხვევაა: „მანჩესტერ სიტი“ და „სტოკ სიტი“ პრემიერლიგის კალენდრის მიხედვით ერთმანეთს 14 მაისს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ზუსტად ამ დღეს, ეს გუნდები, ერთმანეთს, ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში, „უემბლიზე“ ეთამაშებიან. გამოსავლის ძიებაში, ასოციაციამ გადაწყვიტა, პრემიერლიგის თამაში ფინალის შემდეგი სამშაბათისთვის გადაეტანა, რამაც „ტოტენჰემ ჰოთსპერი“ გააბრაზა. საქმე ის არის, რომ თუ ფინალში „მანჩესტერ სიტი“ გაიმარჯვებს და თასს მოიპოვებს, ევროლიგაში მოსახვედრად „სტოკს“ მისი მეოთხე ადგილზე გასვლა დასჭირდება ანუ... სამშაბათის შეხვედრაში წაგება მისცემს ხელს. „სფურზი“, მოგეხსენებათ, თავადაც ცხრილის ზედა ადგილებში ტრიალებს, ოთხეულისთვის იბრძვის და სულაც არ უნდა ვინმემ მის კონკურენტს სამი ქულა რომ დაუთმოს.

იანგი თავად იტყვის

„ასტონ ვილას“ 25 წლის ნახევარმცველი ეშლი იანგი ამბობს, რომ მისი ბირმინგემში დარჩენა-არ დარჩენის ამბავი შემდეგ თვეში გადაწყდება. მოგეხსენებათ, იანგის შეძენა ბევრ კლუბს უნდა, რომელთაგან „რიგში პირველი“ „მანჩესტერ იუნაიტედია“. ცნობილია, რომ პრემიერლიგის ლიდერი სეზონის დამთავრებისთანავე აპირებს „ვილას“ ფრანგ თავკაც ჟერარ ულიესთან მოლაპარაკებას.
„ჯერჯერობით კი მთლიანად „ასტონ ვილაში“ გამოსვლით ვარ დაკავებული და სხვა არაფერზე ვფიქრობ“ — განაცხადა იანგმა დიპლომატიურად.

ჩემი მეგობარი კადაფი

„გლაზგო რეინჯერსის“ სენეგალელი თავდამსხმელი, მუდმივი შარით ცნობილი 30 წლის ელ ჰაჯი დიუფი ახალ სკანდალსი აღმოჩნდა — ამაყად განაცხადა ლიბიის დიქტატორი მუამარ კადაფი ჩემი მეგობარიაო. ფეხბურთელმა, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, რათა საზოგადოებაში ცუდი ბიჭის სახელი დაიმკვიდროს, ერთ-ერთ აფრიკულ გამოცემას განუცხადა, რომ ის კადაფისა და მის ვაჟ საფირთან მეგობრობს.
„რეინჯერსს“ ფორვარდის ასეთი გამოხდომები უკვე აღიზიანებს. დიდი ხანი არ არის გასული მას მერე, რაც მან განაცხადა, ჩვენი გუნდის ალჟირელი მცველი, მაჯიდ ბუგერა კარგს იზამს ამ სეზონის ბოლოს კლუბს თუ დასტოვებს და ინგლისის პრემიერლიგაში გადავაო. ბუგერა 28 წლის გახლავთ და „რეინჯერსამდე“ „ქრუში“, „შეფილდ უენსდისა“ და „ჩარლტონ ატლეტიკში“ თამაშობდა.
„კადაფი ის კაცია, რომელსაც ყოველთვის ვეთაყვანებოდი — თქვა დიუფმა — არ გეგონოთ, რომ ვხუმრობ. მე მას და მის ვაჟ საფირს პირადად ვიცნობ. ისინი ჩემი მეგობრები არიან. ლიბიაში მიმდინარე ამბებს გულგრილად ვერ ვუყურებ. ნამდვილად არ ვიცი ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, მაგრამ ამდენი ადამიანის სიცოცხლე რომ შეეწირა, საშინელებაა ალაჰის დახმარებით მართალი გაიმარჯვებს“.
რასაკვირველია, „რეინჯერსის“ თავკაც უალტერ სმიტს დიუფისა და კადაფის ძმაბიჭობა იმდენად არ ადარდებს, რამდენადაც ბუგერას ამბავი. არადა შერეკილმა სენეგალელმა თქვა:
„მაჯიდი დიდ გამოწვევებს უნდა შეეჭიდოს. დროა ამ სეზონის ბოლოს ის „რეინჯერსს“ გამოემშვიდობოს და პრემიერლიგაში წავიდეს. პრემიერლიგაზე ნაკლები მას აღარ სჭირდება“.

ფერგის მკაცრი ცოლი ჰყავს

სერ ალექს ფერგიუსონი პრემიერლიგის თერთმეტგზის ჩემპიონია, ხუთჯერ, მისი გუნდი, ფეხბურთის ასოციაციის თასს ფლობდა, ოთხჯერ ლიგის თასს, ორჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, აწგაუქმებული თასების მფლობელთა თასიც მოუგია და წვრილმან ჯილდოებზე ხომ ლაპრაკიც ზედმეტია. თან, რაც ჩამოვთვალეთ მწვრთნელობის წლებში მოპოვებული გუნდური ტიტულები იყო, ინდივიდუალურ ჯილდოებს კი აქ აღარც ვახსენებთ. ამ ყველაფრის დასატევად კაცს შინ წესით დიდების დარბაზი უნდა ჰქონდეს მოწყობილი, მაგრამ... ვაი, რომ ლეგენდარულ შოტლანდიელ მწვრთნელს, რომელიც წლეულს, 31 დეკემბერს, 70 წლისა გახდება, მეუღლე, ქეთი არ აძლევს ამის საშუალებას. მეტიც, მის ფერგიუსონი, თურმე, მაინც და მაინც, არც 1999 წელს მიღებულ რაინდიბას, სერის ტიტულს აღუფრთოვანებია. ჟურნალ თჰე Mანაგერ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა განაცხადა:
„ძველი დიდებით ტკბობას მომავალზე ფიქრი მირჩევნია. მიჯობს იმაზე დავფიქრდე, რისი მოგება შემიძლია უახლოეს მომავალში და სწორედ ამ თვისების გამო ვდგავარ ორივე ფეხით მიწაზე. საკუთარი წარმატებებით არასდროს ვყოფილვარ გატაცებული.
ჩემი მეუღლე, ქეთი, ამდენმა ჯილდოებმა და მოგებებმა დაღალა. როდესაც ელესტეირ კემპბელმა (დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციათა და პრემიერ მინისტრის სტრატეგიის მინისტრი, ჟურნალისტი) დაურეკა და უთხრა, რომ მე რაინდის ტიტულით მაჯილდოებენ, მან უპასუხა: ხომ არ ფიქრობთ, რომ ალექსს ისედაც ბევრი ტიტული აქვს? ჩვენთან, სახლში, ჩემი კარიერის მიმანიშნებელ წვრილმანსაც კი ვერ ნახავთ. წარმოუდგენელია. სახლში ფეხბურთის შესახებ დაწერილი წიგნიც რომ დამინახოს მოვა და მეტყვის: ამას აქ რა უნდა?“

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული