"ლივერპულის" თავკაცი როი ჰოჯსონი ამტკიცებს, რომ ესპანელ თავდამსხმელს ფერნანდო ტორესს გუნდში დარჩენა სურს. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონის ყიდვა "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" სურთ, მერსისაიდელებმა კი ის 60 მილიონ ფუნტად (71,6 მილიონ ევროდ) დააფასეს. თუმცა, ჰოჯსონი იმედოვნებს, რომ საქმე ყიდვა-გაყიდვაზე აღარ მიდგება და 26 წლის ფორვარდი ორშაბათს ვარჯიშზე გამოცხადდება - წინ, კონტრაქტით გათვალისწინებული სამი წელიწადია. "წითლების" მწვრთნელმა თქვა:
"მან თავად გვითხრა, რომ "ენფილდზე" დაბრუნებას და "ლივერპულის" მაისურით თამაშს აპირებს. ტორესი, როგორც იცით, დასასვენებლად არის - ნამდვილად ეკუთვნოდა ხანგრძლივი
ცნობილია, რომ დასასვენებლად მყოფი ტორესი რამდენჯერმე შეხვდა "ლივერპულის" აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან პარსლოუს, თუმცა ისეთი რამ, რაც "ლივერპულის" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა გააკეთა ჯერ არ გაუკეთებია - საჯაროდ არ გამოსულა და არ განუცხადებია, რომ "ენფილდიდან" არსად მიდის. ალბათ, ამის გამოცაა "ჩელსის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ჯერ კიდევ რომ იმედოვნებს ესპანელის შეძენას. რამდენადაც ინგლისურ მასმედიაში გაჟონა ინფორმაციამ, "ლურჯები" მზად არიან 45 მილიონი ფუნტი (53,7 მილიონი ევრო) გადაიხადონ. რაც შეეხება "მანჩესტერ სიტის", ამბობენ, რომ მას მერე, რაც "ინტერისგან" მარიო ბალოტელის ყიდვაზე გადაერთო, ტორესის ფრონტზე აქტიურობას მოუკლოო, თუმცა სატრანსფერო ბაზარს რას გაუგებ: ისტლენდერთა არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა ტორესს "სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე" გადასვლისკენ მოუწოდა. კერძოდ, მან თქვა:
"ტორესი რომ დავიმატოთ, აშკარად გავძლიერდებით. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მისი თანაგუნდელობა ძალიან გამახარებდა. წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილისთვის ვიბრძოდით და საწადელს კინაღამ მივაღწიეთ. ეჭვი არ მეპარება, ამ სეზონში ლიგაში თამაშის უფლებასაც მოვიპოვებთ და მეტიც, ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ. ხომ ხედავთ, გუნდი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს და ძლიერდება. "სიტი" ის გუნდია სადაც გადახვალ და შენს გადაწყვეტილებას არ ინანებ".
ტორესის დამაიმედებელი სიტყვა ჰოჯსონს გულზე მალამოდ მოედებოდა, რადგან მწვრთნელს არ დაუმალავს, რომ მისგან განსხვავებით არგენტინელმა ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ გაშვება სთხოვა (მეტიც, შესაძლოა, გამაღიზიანებლად მოსთხოვა კიდეც). თუმცა, ერთი რამ იკვეთება: საქმე უკვე იმაზეა დამოკიდებული, შესთავაზებს თუ არა ყოფილი მწვრთნელი რაფა ბენიტესი "ლივერპულს" 25 მილიონ ფუნტს (29,8 მილიონ ევროს) - მოგეხსენებათ, ბენიტესი "ინტერს" ჩაუდგა სათავეში. და რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მილანელები ამდენ ფულს არ გაიმეტებენ? სავარაუდო სცენარი ასეთია: "ლივერპული" არგენტინელს არ გაყიდის და ის გაიფიცება. ჰოჯსონმა თქვა:
"დიახ, მასკერანოს წასვლა უნდა, რაც პირდაპირ გვითხრა და მეტიც, ვფიქრობ იგი ერთი წლის წინაც იმავეს ამბობდა. სხვა ამბავია, რომ მას "ლივერპულთან" კონტრაქტზე აქვს ხელი მოწერილი და გავუშვებთ თუ არა, ჩვენი გადასაწყვეტია. მოკლედ, სურათი ასეთია: დღეისათვის მასკერანო "ლივერპულის" ფეხბურთელია და ის, რომ წასვლა უნდა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წავა".
სხვათა შორის, დაირხა ჭორი, რომ ბენიტესი თავისი ყოფილი გუნდიდან ჰოლანდიელი დირკ კუიტის წაყვანასაც ფიქრობს, თუმცა ეს შესაძლოა სინამდვილე არც იყოს.
"ლივერპულს" კი ბაზარზე თავისი ინტერესებიც აქვს - მარტო ფეხბურთელების შესანარჩუნებლად კი არ იბრძვის. ასე მაგალითად, "წითლებმა" "ასტონ ვილას" მარჯვენა მცველის ლუკ იანგის სანაცვლოდ 2,75 მილიონი ფუნტი (3,3 მილიონი ევრო) შესთავაზეს. სავარაუდოდ, ფეხბურთელს, რომელსაც 2005-2009 წლებში ინგლისის ნაკრების 7 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული მერსისაიდელთა წინადადება გაახარებს, რადგან ბირმინგემში, გასულ სეზონში, ესპანელმა კარლოს კუელიარმა ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან. თავის მხრივ, იანგის "ენფილდზე" გამოჩენა ლივერპულელებს განაპირა მცველების კრიზისის დაძლევაში დაეხმარებოდა - გუნდიდან წავიდნენ ფილიპ დეგენი, ემილიანო ინსუა და ფაბიო აურელიო. თან, იანგს ერთი სეზონი მარცხენა ფრთაზეც აქვს გატარებული ასე რომ უნივერსალურ მოთამაშეთა კატეგორიას განეკუთვნება.
თუმცა, იანგის ტრანსფერი ჯერ არ შემდგარა და მანამდე ჰოჯსონმა ჟურნალისტებს სამი ახალი მოთამაშე ჯო კოული, მილან იოვანოვიჩი და დენი უილსონი წარუდგინა. ამასთან, მერსისაიდელთა თავკაცმა დასძინა, რომ დანარჩენ "ახალწვეულებს" პრემიერლიგის ჩემპიონატის დაწყებამდე წარადგენს - "ლივერპულს" ახალი ჩემპიონატის პირველი თამაში, არც მეტი არც ნაკლები, "არსენალთან" უწევს.
ჰოჯსონმა ბრძანა: "იმედი მაქვს, რომ ჩვენი სატრანსფერო აქტიურობა ამ სამი ფეხბურთელის ყიდვით არ ამოიწურება. ჩვენი მიზანია გუნდმა ნებისმიერი მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს. ვიცით, რომ დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ, კარგად თამაში და შედეგის მიღწევა უბრალოდ გვმართებს და ამიტომ კიდევ რამდენიმე მოთამაშის დამატება გვჭირდება".
"ლივერპულის" შენაძენთაგან ყველაზე სახელოვანი, რასაკვირველია "ჩელსიდან" წამოსული ჯო კოული გახლავთ. 28 წლის ვარსკვლავმა ტრავმებიანი პერიოდი დაძლია და მზადაა "წითლებს" ჩემპიონთა ლიგაში ადგილის დაბრუნებაში გაუწიოს დახმარება. ფეხბურთელმა, რომელსაც მატჩი თავიდან ბოლომდე თებერვლის შემდეგ არ ჩაუტარებია, თქვა:
"მე "ჩელსიში" ხუთი დიდებული წელიწადი გავატარე, რომელთაგან ორი ტრავმებმა ჩამიმწარა. ჩემი "სტემფორდ ბრიჯიდან" წამოსვლა მანამდე გადაწყდა, სანამ ახალ გუნდს შევარჩევდი. ასეთი რამ ყოველთვის ძნელი გადასაწყვეტია, მაგრამ ცხოვრების გამოწვევებს არ გავურბივარ. მონდოდა, რაიმე ახალი და დიდი საქმის სათავეში ვყოფილიყავი და როდესაც ვნახე, რომ ასეთი საქმე ისეთმა ბუმბერაზმა კლუბმა წამოიწყო, როგორიც "ლივერპულია" სიხარულით ჩავები მასში. გასული სეზონი მძიმე იყო. ვცდილობდი ფიზიკური ფორმა აღმედგინა და დამემტკიცებინა, რომ სასტარტო შემადგენლობაში თამაშის ღირსი ვარ. შესაძლოა მეტისმეტიც კი მომივიდა, თუმცა, ჩემპიონატში გარკვეული მონაწილეობა მაინც მივიღე და ამით კმაყოფილი დავრჩი. ახლა კი ყველაფერს თავიდან ვიწყებ. როიმ მითხრა, რომ ვჭირდები და ამიხსნა, რა უნდა გავაკეთო მოედანზე. მიმოიხედეთ, "ენფილდზე" და ნახავთ, რომ აქაურობა წარმატებით არის გაჟღენთილი.
"ლივერპულის" ისტორია წარმატებათა ისტორიაა. ვგრძნობ, რომ აქ გამარჯვება სწყურიათ. როგორც კი აქ ფეხი დავადგი,მივხვდი, რომ განსაკუთრებულ ადგილზე მოვხვდი და განსაკუთრებული შეგრძნებაც დამეუფლა. მე ჩემი კვალი "ჩელსიში" დავტოვე და ახლა მინდა იგივე გავაკეთო ისეთ დიდ კლბში როგორიც "ლივერპულია".