მეკარეს ყბაში

AutoSharing Option

ქალაქ ჩესტერფილდში, მეორე ლიგის გუნდების „ჩესტერფილდისა“ და „ბერის“ შეხვედრისას, სტუმართა 22 წლის მეკარე კემერონ ბელფორდს მავანმა ხულიგანმა მუშტი დაარტყა. ასე იზეიმეს მასპინძლებმა გოლი, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა „ბერის“ გამარჯვებით, 3:2 დამთავრდა. მომავალ სეზონში ორივე გუნდი პირველ ლიგაში ითამაშებს. მომხდართან დაკავშირებით „ჩესტერფილდის“ პრეს-მდივანმა განაცხადა:
„როგორც კი ხულიგნის ვინაობას დავადგენთ, სტადიონზე დასწრების უფლებას ჩამოვართმევთ. გარწმუნებთ, ჩვენ ამ საქმეს სერიოზულად მივხედავთ“.

B2net Stadium-ის დირექტორმა კოლინ ნილისტმა კი თქვა: „იმ დღეს ჩვენს თამაშს 9 ათასი მაყურებელი ესწრებოდა, ატმოსფერო შესანიშნავი იყო, მაგრამ რამდენიმე გიჟის საქციელმა თავზე
ცივი წყალი გადაგვასხა“.

მოგვიანებით, დერბიშირის პოლიციის ინსპექტორმა რასელ დანკინმა თქვა, რომ ხულიგანი უკვე დაკავებულია. ამაში სამართალდამცველებს
სტადიონზე დაყენებული სათვალთვალო კამერები დახმარებია. კემერონ ბელფორდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის ინციდენტმა ვერ ააღელვა და ყველაფერი მშვიდად და ვაჟკაცურად გადაიტანა.

სიტის უნამუსო ფანები

ორშაბათს, ბლექბერნის სტადიონ „ივუდ პარკზე“ „მანჩესტერ სიტიმ“ მასპინძლებს 1:0 მოუგო, თუმცა ამ შეხვედრაში მათმა გულშემატკივრებმა თავი ცუდი საქციელით გამოიჩინეს — ისინი ცოტანი იყვნენ, მაგრამ რაც ძალა და ღონე ჰქონდათ, მღეროდნენ სიმღერას, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ 1958 წლის ტრაგედიას დასცინოდნენ. მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი და სამწუხარო ამბავია, რომ 1958 წელს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ავიაკატასტროფამ „იუნაიტედის“ 23 ფეხბურთელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ ისტლენდელთა კლუბი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, რომ მის გულშემატკივარს ამ შინაარსის სიმღერები სტადიონის რეპერტუარიდან ამოეგდო. როგორც ჩანს, ამაოდ. „ივუდ პარკზე“, მაგალითად, „სიტის“ ფანებმა თავიანთი ფეხბურთელის, იაია ტურეს დანახვაზე შემოსძახეს, ყოჩაღ ტურე, თასის ნახევარფინალში, „იუნაიტედს“ გოლი „შიგ მიუნხენში“ გაუტანეო. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს მანჩესტერის გუნდები შეხვდნენ და ტურეს გოლით „სიტიმ“ გაიმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული