ალ ფაედმა და ჰიუზმა პირველად გასულ შაბათს ილაპარაკეს, რის შესახებაც ინგლისურმა პრესმა შეიტყო და დაწერა, რომ კანდიდატთა შორის "სპარკი" დაწინაურდა, სამშაბათს,
ცნობილია, რომ ჰიუზს წელიწადში 2 მილიონ ფუნტს (2,4 მილიონი ევრო) გადაუხდიან, რაც ზუსტად ის ხელფასია ლონდონელები იოლს რომ სთავაზობდნენ. სატრანსფერო ბაზარზე დასახარჯად კლუბი უელსელს 20 მილიონ ფუნტს (24 მილიონი ევრო) მისცემს.
გაზეთების აზრით, ჰიუზის დანიშვნა "ფულჰემისთვის" წარმატებული ნაბიჯი იქნება. "მანჩესტერ სიტის" ყოფილი თავკაცი გუნდის მშენებლობაში გამოცდილი ადამიანი. ის ისტლენდიდან დასულ დეკემბერს გაუშვეს, მანამდე კი პრემიერლიგის ერთ-ერთი არაფრისმთქმელი გუნდისგან ზე-ოთხეულის წევრის შექმნით იყო დაკავებული - ორი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ თანხის სწორად განაწილება და ხარჯვა ეხერხება.
თუმცა, ფული, რომელსაც მას "ბაზარზე ატანენ" ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც უელსელი "სიტიში" არაბი შეიხებისგან იყო დაჩვეული. 20 მილიონ გირვანქად იმ შედეგის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, რასაც "ლივერპულში" წასულმა როი ჰოჯსონმა "ფულჰემის" სათავეში ყოფნის დროს მიაღწია, თითქმის შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ ჰოჯსონის ხელში "ფულჰემმა" პრემიერლიგაში კომფორტული მე-12 ადგილი დაიკავა, ხოლო ევრილოგაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფინალში გავიდა და იქ, დამატებით დროში დამარცხდა მადრიდის "ატლეტიკოსთან" - 2:1.
როგორც ამბობენ, კლუბსა და ჰიუზს შორის არსებობს წინააღმდეგობაც, რომელმაც შესაძლოა მწვრთნელის დანიშვნაში გარკვეული როლი ითამაშოს - მწვრთნელებს, მოგეხსენებათ, როგორც წესი, ახალ გუნდებში თავიანთთვის სასურველი ასისტენტები მიჰყავთ. ჰიუზსაც ჰყავს, რამდენიმე ადამიანი, რომლებთანაც თავს კომფორტულად გრძნობს, მაგრამ ამ ხალხით თავიანთი კადრების ჩანაცვლება ლონდონელებს არ სურთ.
კერძოდ, ლაპარაკია მაიკლ ბოუენზე, რომელიც 46 წლის სპეციალისტს ყველგან ახლდა, უელსის ნაკრებში, "ბლექბერნსა" თუ "მანჩესტერ სიტიში". "ფულჰემის" ხელმძღვანელთა აზრით კი ჰიუზს ბოუენი კი არ უნდა ეხმარებოდს, არამედ მათთვის კარგად ნაცნობი რეი ლევინგტონი, რომელიც ჰოჯსონის დროს მუშაობდა ასისტენტად. ცნობისათვის: ჰიუზის ახლობლები ამბობენ, რომ ის ბოუენს, სავარაუდოდ, შეელევა.
მთავარი პრობლემა სხვაა - ჰოჯსონმა ევროლიგის ფინალში გასვლით ძალიან შთამბეჭდავი რამ გააკეთა და მის მერე საქმისთვის ხელის მოკიდება იმას ნიშნავს, რომ ჰიუზისგან პირველსავე სეზონში, რომელიმე ფრონტზე, არანაკლებ ეფექტურ შედეგს მოელიან. და კიდევ, უელსელმა მწვრთნელმა ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ილაპარაკა იმაზე, რომ მისი ოჯახი ჩეშირში დაფუძნდა და ახალ სამუშაოსაც ინგლისის ამ რეგიონში ან მის სიახლოვეს ეძებდა.
რა ხდება ჩეშირში ან მის სიახლოვეს? ჩეშირში ისეთი არაფერი, აი, ჩრდილოეთიდან კი ამ რეგიონს მერსისაიდი და დიდი მანჩესტერი ესაზღვრება... ერთი სიტყვით, ჰიუზი ოჯახის აყრასა და ლონდონში გადაბარგებაზე არ იყო მომართული, თუმცა როდესაც მხარს ისეთი სერიოზული საქმის კაცი გიმაგრებს, როგორიც მოჰამედ ალ ფაედია, ძნელია, წამოწყებაზე უარი განაცხადო.
ზემოთ ვახსენეთ, რომ შაბათის შემდეგ "ფულჰემის" მწვრთნელობის კანდიდატთა შორის დაწინაურებულად ინგლისურმა მასმედიამ ჰიუზი დაასახელა. ვინ იყვნენ სხვები? ყველაზე ხშირად ინგლისში კარგად ცნობილი შვედის სვენ გორან ერიქსონის სახელს ახსენებდნენ, თუმცა მის გარდა გერმანელ ოტმარ ჰიტცფელდსა და ინგლისელ ალან კერბიშლისაც განიხილავდნენ.
რაც შეეხება ჰიუზს, მასზე ამბობდნენ, რომ "ასტონ ვილას" წარუმატებლობის შემთხვევაში მარტინ ონილის თანამდებობის დაკავება მოუწევდა და, როგორც ირკვევა, სწორედ ამის გამოც თქვა ერთი ხნის წინ უარი "ვესტ ჰემის" წინადადებაზე - იქ ჯანფრანკო ძოლა უნდა შეეცვალათ.
თუმცა, ახლა, პრემიერლიგის დაწყებამდე სამ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი და ბევრი არჩევის დრო აღარც მწვრთნელებს აქვთ და აღარც კლუბებს.