შოკი სახელად ფოსტერი

AutoSharing Option
ბენ ფოსტერმა ინგლისის ნაკრების იტალიელი თავკაცი ფაბიო კაპელო შოკში ჩააგდო - მოულოდნელად გამოაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კაპელომ ეს ამბავი „ბირმინგემ სიტის“ ვებ-გვერდიდან შეიტყო, თორემ 28 წლის მეკარეს პირადად მისთვის არაფერი უთქვამს. გამოდის, რომ ინგლისის ეროვნული გუნდი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას - 24 წლის ჯო ჰარტს მეტ-ნაკლებად მაღალი დონის შემცვლელი არ ჰყავს.

ბოლო ინფორმაცია, რომელიც კაპელოს ფოსტერის შესახებ ჰქონდა ის გახლდათ, რომ ბირმინგემელთა კარის მცველს ზაფხულში ხელის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. სხვათაშორის, იტალიელმა დაარეკინა კიდეც
თავის მარჯვენა ხელ ფრანკო ბალდინის გოლკიპერთან და ათხოვნინა, ექიმთან 4 ივნისის ანუ შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ მისულიყო. მოგეხსენებათ, ეს დღე უეფამ ეროვნულ გუნდებს გამოუყო, ინგლისი და შვეიცარია კი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეტოქეები არიან.

რა უპასუხა ფოსტერმა ბალდინის? როგორც ინგლისურმა ტაბლოიდებმა გამოიკვლიეს, ის ნაკრების წარმომადგენელს ოპერაციის გადადებას არ დაჰპირებია, მაგრამ არც ის უთქვამს ნაკრებში აღარასოდეს ვითამაშებო. ამრიგად, კაპელოს ოცნება, გუნდში, ყოველ პოზიციაზე კონკურენცია ჰქონდეს, ჯერჯერობით ოცნებადვე რჩება. „მანჩესტერ სიტის“ მეკარე ჰარტი უპირობოდ რჩება ეროვნული გუნდის პირველ ნომრად.

ვის შეიძლება უხმოს კაპელომ? მიმომხილველებს, უპირველეს ყოვლისა, „ვესტ ჰემის“ კარის დარაჯი რობერტ გრინი გაახსენდათ, მაგრამ გრინს ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ აღარ უთამაშია - გახსოვთ, აშშ-ის ნაკრებთან შეხვედრაში კლინტ დემპსის დარტყმული რომ გაუძვრა და ქვეყნის სალაპარაკო გახდა?

ფოსტერის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარეები, დევიდ ჯეიმსი და პიტერ შილტონიც გააკვირკვა. 40 წლის ჯეიმსმა, რომელიც ახლა „ბრისტოლ სიტის“ კარს იცავს, თქვა:

„ჩემთვის, ჩემი ქვეყნის სახელით გამოსვლა ყოველთვის უდიდესი პატივი იყო“.

შილტონმა დასძინა: „დღეს პირველი მეკარე, რასაკვირველია, ჯო ჰარტია, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდაა და კონკურენცია რომ ეგრძნო ძალიან კარგი იქნებოდა“.

ფოსტერმა კი თავისი გადაწყვეტილება ჯანმრთელობას დააბრალა:

„უმაღლეს დონეზე დიდი დატვირთვით თამაში, ორგანიზმზე მოქმედებს. ძალიან არ მინდა, ნაკრების კარი სამუდამოდ გამოვიხურო, მაგრამ ყველამ იცის, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმეჯერ დავშავდი და ამის გამო ეროვნულ გუნდშიც არ გამომიძახეს. გარდა ამისა, ჩემს სხეულს დასვენება სჭირდება, სანაკრებო ცხოვრება კი ამის საშუალებას არ იძლევა. დიდი ხნის განმავლობაში, საკმარისი იყო დასვენების დღეები გამოჩენილიყო, რომ ეროვნულ გუნდში მიძახებდნენ და დაღლას დაღლა ემატებოდა. სწორად გამიგეთ, ეროვნულ გუნდში თამაში თამაში ძალიან მიყვარს, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის.

ჯო ჰარტის სახით კი ინგლისს ჰყავს დიდებული მეკარე და შესანიშნავი პიროვნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ერთერთი უდიდესთაგანი გახდება. რაც შემეხება მე, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. შევეცდები საკლუბო კარიერა რაც შეიძლება გავიხანგრძლივო“.

ამბობენ, რომ ფოსტერის წასვლის შემდეგ კაპელო სამი გოლკიპერიდან ერთს აარჩევს. ერთი გახლავთ „ვესტ ბრომვიჩის“ 25 წლის მეკარე სკოტ კერსონი, მეორე „ბლექბერნის“ კარის მცველი, 31 წლის პოლ რობინსონი და მესამე „ფულჰემის“ სათადარიგო გოლკიპერი დევიდ სტოკდეილი, რომელიც კერსონი თანატოლი, 25 წლისა გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული