საბოლოო სიტყვა ოჯახზეა

AutoSharing Option
დღეს, როდესაც „მანჩესტერ სიტიმ“ ფეხბურთის ასოციაციის თასიც მოიგო და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშიც დაიბევა, გუნდის მწვრთნელი, რობერტო მანჩინი კლუბის პატრონებთან შეხვედრას და სატრანსფერო საქმეებზე დალაპარაკებას აპირებს. კერძოდ, მანჩინის დიდძალი ფულის დახარჯვა აქვს გადაწყვეტილი, კლუბის პატრონები კი, სანაცვლოდ, მთელი რიგი ფეხბურთელების გაშვებას სთავაზობენ.

მოგეხსენებათ, ისტლენდელებმა 35 წლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, მოიგეს ჯილდო. იტალიელი მწვრთნელი ამბობს, რომ ეს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მას არ უნდა დაემსგავსოს „ტოტენჰემ ჰოთსპურს“, რომელიც შარშან ამ დროს პრემიერლიგის მეოთხე ადგილზე გავიდა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაშიც
ეფექტურად გამოვიდა, მაგრამ... ახლა კვლავ დიდი შეჯიბრების მიღმაა.

მანჩინიმ თქვა: „ვფიქრობ „ტოტენჰემის“ მაგალითი ყველაზე ზუსტი იქნება. ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ პრემიერლიგაში მეხუთეზე დარჩა. დღეს, „გრძელი სკამის“ გარეშე წარმატებით გამოსვლა შეუძლებელია. გუნდს უნდა შეეძლოს ყოველ შეხვედრაში ექვსი-შვიდი ფეხბურთელი შეცვალოს. ვერ დაგპირდებით, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონები გავხდებით, მაგრამ თუ საკლუბო მუშაობას სწორად წარვმართავთ, ერთ-ორ წელიწადში ამ მიზანს რეალურად დავისახავთ.

ჩვენი გუნდი კარგია, რადგან ახალგაზრდულია. ჩვენ ვიყიდეთ მარიო ბალოტელი, ედინ ჯეკო... მხოლოდ იაია ტურეა შედარებით ასაკოვანი. ის 28 წლის არის. მოკლედ, ძირითადად ახალგაზრდები გვყავს და მათ დიდი პერსპექტივა აქვთ. სწორედ ამიტომ მწამს ჩვენი პროექტის“.

და, როგორც ჩანს, ფეხბურთელებში განწყობაც საბრძოლოა. აი, რა თქვა ისტლენდელთა 24 წლის მეკარე ჯო ჰარტმა შაბათს, თასის მოგების დღეს:

„ოლდ ტრეფორდზე“ ჩემპიონობას ზეიმობენო? რაც უნდათ ის უქნიათ. ამ გუნდის სახელის გამეორებაც კი მაღიზიანებს. დღეს თასი მოვიგეთ და მთავარი ზეიმი ჩვენია“.

ფინალში „სტოკთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ „დეილი მეილმა“ „სიტის“ არგენტინელ ვარსკვლავ კარლოს ტევესსაც ჩამოართვა ინტერვიუ.

- ეს რა კვირა გამოდგა... კარლოს, რას გრძნობთ, ახლა?
- ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ძალიან დიდი მიღწევაა. ჩვენ ამისათვის საგანგებოდ ვემზადებოდით. ახლა, ფეხბურთის ასოციაციის თასიც მოვიგეთ...

- ამ წარმატებამ ისევე გაგახარათ, როგორც კარიერის განმავლობაში ადრე მიღწეულმა წარმატებებმა?
- დიდებულია. ძალიან გვინდოდა ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. ჩვენ მას ვიმსახურებდით. ბევრი ვიმუშავეთ და მიზანს მივაღწიეთ.

- როგორ ფიქრობთ, ახლა მაინც გაჩერდებიან კრიტიკოსები? „სიტის“ ჩათვლიან ანგარიშგასაწევ ძალად?
- ჩვენ უკვე დიდი გუნდი ვართ. როდესაც ცუდად თამაშობ ხალხი გაგაკრიტიკებს, ამას რად უნდა ლაპარაკი. მეორე მხრივ, ჩვენ არავის გასაჩუმებლად არ ვთამაშობთ. ჩვენ მოედანზე ტიტულების მოსაგებად გავდივართ.

- დარჩებით გუნდში?
- ეს გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად უნდა მივიღო. მთავარი ოჯახია. კლუბში არანაირი პრობლემა არ მაქვს. რობერტო მანჩინისთანაც შესანიშნავი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, მაგრამ საბოლოო სიტყვას ოჯახი იტყვის.

- რატომ ლაპარაკობენ ამდენს თქვენს მომავალზე, მაშინ, როდესაც „სიტიმ“ ბოლოს და ბოლოს დიდი ასპარეზისკენ გაიკაფა გზა?
- ოჯახის გარდა არანაირი სხვა მიზეზი არ არსებობს. ჩემი ბავშვები მანჩესტერიდან ძალიან შორს არიან.

- ამასწინათ მანჩინიმ თქვა, რომ დეკემბერში იტალიაში გადასვლა გინდოდათ. გადაიფიქრეთ?
- ყველამ იცის, რომ დეკემბერში კლუბის დირექტორებთან პრობლემები მქონდა. შემდეგ მათთან ბევრ რამეზე ვილაპარაკე და ახლა ოჯახური საკითხიღა დამრჩა მოსაგვარებელი.

- რა გინდა ქნას „მანჩესტერ სიტიმ“ თქვენ რომ შეგინარჩუნოთ?
- ყველაფერი კარგად არის, კლუბში ვარ და აქ მიგულეთ. ერთადერთი, როგორც გითხარით, ოჯახის ამბავია...

- ოჯახი ახლოს მხოლოდ არგენტინაში გეყოლებათ. სხვაგან, სადაც კი უნდა გადახვიდეთ, იტალია იქნება ეს თუ ესპანეთი, ის შორს იქნება...
- ისე მელაპარაკებით, გეგონება „სიტიდან“ უკვე წავედი. ხომ გითხარით, არ ვიცი მივდივარ თუ ვრჩები. არ ვიცი ისევ აქ გავაგრძელებ კარიერას თუ სად ამოვყოფ თავს, იტალიაში თუ ესპანეთში.

- ამბობენ, რომ ფულის ამბავია. „სიტიმ“ ახალი პირობები რომ შემოგთავაზოთ...
- არა, არა, ფული არაფერ შუაშია.

- ნუთუ „სიტის“ კაპიტნის რანგში პრემიერლიგის ჩემპიონობის ანუ „იუნაიტედის“ უკან ჩამოტოვების შანსი არ გხიბლავთ?
- რასაკვირველია, ეს დიდი მოტივაციაა.

- საბოლოოდ მანჩინისთან როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?
- დიდებული. ბუნებით ორივე მებრძოლი ვართ და ბევრი ტიტულის მოგება გვინდა. ჩვენ მოედანს მიღმაც კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მართალია, ხანდახან ჩვენს შორისაც იჩენს თავს პრობლემა, მაგრამ ეს ხომ ყველგან ხდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული