ზოგი უბერავს რადგან...

AutoSharing Option
ავსტრალიელი მეკარე მარკ შვარცერი ძალიან მოწადინებულია "ფულჰემი" დატოვოს და "არსენალში" გადავიდეს. იმას, რომ "ფულჰემს" ახალ სეზონში ცნობილი მარკ ჰიუზი გაწვრთნის, შვარცერისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ცნობისათვის: ჰიუზის ამბავი "კრეივენ კოტეჯზე" ხუთშაბათსვე დაადასტურეს. უელსის ნაკრების, "ბლექბერნისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი თავკაცი დღეს, შაბათს, "პორტსმუთთან" ამხანაგურ შეხვედრას ტრიბუნიდან ნახავს, სამშაბათს კი დასავლეთ ლონდონელებთან ოფიციალურ კონტრაქტს გააფორმებს და საქმესაც შეუდგება. უელსელი სპეციალისტი წელიწადში 2 მილიონ ფუნტს მიიღებს, თუმცა ეს მარტო ხელფასია. დანარჩენი შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

გარდა ამისა, გადაწყდა ის პრობლემაც, რომლის შესახებაც "ლელოს" მკითხველს
გუშინ ვაუწყეთ: "ფულჰემი" ჰიუზს ასისტენტებად მისთვის სასურველი ხალხის მიყვანაზე დაყაბულდა. ასე და ამგვარად, ცნობილია, რომ ევროლიგის ფინალისტთა მწვრთნელის თანაშემწეები იქნებიან მარკ ბოუენი, ედი ნიედვეცკი და კევინ ჰიჩკოკი. თავის მხრივ, კლუბმაც უერთგულა თავის კაცს რეი ლევინგტონს, რომელიც როი ჰოჯსონის მარჯვენა ხელი გახლდათ - ლევინგტონიც მწვრთნელად რჩება. გამოდის, რომ "ფულჰემს" ერთი ხელფასით მეტის გადახდა მოუწევს.
თუმცა, ჩვენი წერილი შვარცერით დავიწყეთ, რომლისთვისაც ჰიუზის დანიშვნამ "ფულჰემში" დასარჩენად არგუმენტად არ ივარგა. 37 წლის მეკარეს ლონდონშივე, "არსენალში" უნდა გადასვლა, სადაც ძელებს შორის ადგილი თავისუფლდება - დიდი შანსია, ესპანელი მანუელ ალმუნია თავის პირველ გუნდში "ოსასუნაში" დაბრუნდეს. ალმუნიამ იცის, რომ "მეთოფეთა" თავკაცი არსენ ვენგერი გუნდის მთავარ
გოლკიპერად აღარ დატოვებს. ლაპარაკი იყო მის "ატლეტიკოში" გადასვლაზეც.

რაც შეეხება "ფულჰემს", თუ შვარცერის გაშვება მოუხდა, "ვესტ ჰემიდან" რობერტ გრინის ყიდვას აპირებს - ახალი მეკარის საძებნელად ლონდონიდან გასვლა, როგორც ჩანს, არც ჰიუზს ეპიტნავება. და მაინც, პირველი, რასაც "ფულჰემი" იზამს შვარცერთან დალაპარაკებაა. კლუბმა "არსენალს" საწყის წინადადებაზე უკვე შეუთვალა ოფიციალური უარი - "მეთოფეები" შვარცერის სანაცვლოდ 2 მილიონ ფუნტს იხდიდნენ. თუმცა, როგორც ინგლისური პრესა წერს, სავარაუდოდ, გუნდებს ორივე მხარისთვის მისაღებ თანხაზე შეთანხმება მოუწევთ. გრინს კი "ვესტ ჰემი" მსოფლიოს ჩემპიონატზე დაშვებული შეცდომის მიუხედავად, 6 მილიონ ფუნტად აფასებს.
"ფულჰემში" ჰიუზს კიდევ ერთი სატრანსფერო საკითხი დახვდება: იყიდოს თუ არა "ასტონ ვილასგან" 27 წლის ნახევარმცველი სტივ სიდუელი. ლონდონელები ამ ფეხბურთელის თაობაზე ბირმინგემელებთან ვაჭრობდნენ, მაგრამ შემდეგ ახალი მწვრთნელის შერჩევის საკითხმა ისე გაიტაცათ, რომ ვაჭრობა შეაჩერეს.

და, რასაკვირველია, ჰიუზს თავისი სიაც აქვს გამზადებული, რომელშიც, პირველ ნომრად თანამემამულე კრეიგ ბელამი უწერია. ამავე ქაღალდზე წერია სტივენ აირლენდის და როკე სანტა კრუზის გვარებიც - ეს მოთამაშეებთან უელსელი მწვრთნელი "მანჩესტერ სიტიში" თანამშრომლობდა, სადაც ისინი რობერტო მანჩინის აღარ სჭირდება. ადრეც მოგახსენებდით, რომ ისტლენდერებს დღეისათვის განაცხადში 30 ფეხბურთელზე მეტი ჰყავთ, პრემიერლიგის ახალი წესის თანახმად კი 1 სექტემბრისთვის თითოეულ გუნდს 25 ფეხბურთელზე მეტი არ უნდა ეწეროს. ერთი სიტყვით "სიტი" ხალხს ჰყიდის, მაგრამ მათი ყიდვა განა მარტო "ფულჰემს" უნდა? ბელამის შესაძენად, მაგალითად, "ტოტენჰემმა" უკვე გადადგა ნაბიჯი - 4 მილიონ ფუნტს იხდის. აქვე უნდა დავძინოთ, რომ გუნდს, რომელიც ბელამის იყიდის, მარტო სატრანსფერო თანხის კი არა, მისთვის ჩვეული ხელფასის გადახდის შნოც უნდა ჰქონდეს - უელსელის ჯამაგირი "სიტიში" 95 ათასი ფუნტია.

ამ ისტორიაში კიდევ საინტერესო რა არის იცით? ის, რომ თავად ბელამი მანჩინის ელაპარაკა და უთხრა ისტლენდზე დარჩენა მინდაო. მოგეხსენებათ, ამ ორ ადამიანს რთული ურთიერთობა აქვთ, გასულ სეზონში რამდენჯერმე კონფლიქტი მოუვიდათ. არ არის გამორიცხული, "სიტიმ" დატოვების სანაცვლოდ ხელფასის შემცირება მოსთხოვოს... ერთი სიტყვით, საქმე ჩახლართულია და გახსნას ელის.
აირლენდის ამბავი ასეა: მას ჰიუზთან ჩინებული ურთიერთობა აქვს და ეს "ფულჰემის" შანსებს ზრდის, თუმცა "სიტი" ფეხბურთელს 10 მილიონად აფასებს და თან, მისი შეძენა სხვებსაც უნდათ. ერთი სიტყვით ირლანდიელი ფეხბურთელის ყიდვას კარგი ვაჭრობა დასჭირდება. ხოლო სანტა კრუზის ხელფასი და სატრანსფერო ღირებულება ერთადერთ ვარიანტს სტოვებს - ჰიუზმა ის უნდა იქირაოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული