მათთვის ვინც ეს ამბავი პირველად გაიგო: ორშაბათს „ვესტ ჰემმა“ ლონდონის სასტუმრო „გროსვენორ ოტელში“ დიდი წვეულება გამართა. როგორც ირკვევა, პრემიერლიგიდან წინა დღეს გავარდნილი გუნდი თავისი საფეხბურთო აკადემიისთვის სახსრებს აგროვებს და საღამოც საქველმოქმედო იყო. სწორედ ამ ქეიფში მოხდა სამარცხვინო ამბავი - ბასთან რამდენიმე გულშემატკივარი მივიდა და ავტოგრაფი
მეორე დღეს ინგლისურმა გაზეთებმა ეს ამბავი ქვეყანას ამცნეს, მესამე დღეს კი ბას კომენტარიც გამოაქვეყნეს. სენეგალელი ამბობს:
„ტყუილია, თითქოს მე იმ კაცს ავტოგრაფი არ მივეცი. ხელი მოვუწერე, მაგრამ ის ჩხუბს ეძებდა. მან მკითხა როგორ ხარო, მე ვუპასუხე კვირის თამაშის შემდეგ დაღლილი ვარ, მეთქი. „უიგანთან“ მართლაც ძალიან მძიმე თამაში გვქონდა. დაღლა რომ ვახსენე, დამცინა, ჩვენ კიდევ ყოველ კვირა შენი თამაშის ყურება გვღლისო. აი, მერე კი გიჟივით ღრიალი დამიწყო. მე კარგად ვერ მივხვდი, რას ამბობდა სწრაფი ინგლისურით, მაგრამ ჩემს გვერდით მყოფებმა მითხრეს, რომ რასისტულ შეურაცხყოფას მაყენებდა“.
აღსანიშნავია, რომ ბას საქმის სასამართლოში გადატანა არ სურს. მან თქვა, რომ ინციდენტის დავიწყება და ჩაფარცხვა ურჩევნია. „ვესტ ჰემი“ კი საზოგადო კრიტიკის საგნად იქცა. საზოგადოებამ კლუბი გავარდნიდან 24 საათში ქეიფის მოწყობისთვის გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ კვირასვე „ჩაქუჩების“ პატრონებმა თანამდებობიდან მოხსნეს მწვრთნელი ავრამ გრანტი.
კრიტიკის პასუხად „ვესტ ჰემის“ პრეს-მდივანმა ასეთი განცხადება გაავრცელა:
„ის, რაც ორშაბათ საღამოს გაიმართა, ქეიფი არ იყო. ეს გახლდათ ფანების შეხვედრა ფეხბურთელებთან. მათ მიეცათ საშუალება შეხვედროდნენ მოთამაშეებს და მათგან „ანგარიში“ მოესმინათ. იმ დღის ჩანაფიქრი უმეტესობამ სწორად გაიგო და შეხვედრით კმაყოფილიც გახდა, თუმცა რამდენიმე ადამიანის ქცევამ ყველაფერი გადაჩრდილა“.
გუშინაც მოგახსენეთ, რომ „გროსვენორ ოტელში“ გამართული წვეულება კაცზე 275 ფუნტი დაჯდა, მაგრამ ჩხუბმა მართლაც ყველაფერი გადაჩრდილა. ისეთი ამბავი ატყდა, რომ „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელების ერთ ნაწილს ჩარევა მოუხდა.
ბამ განაგრძო: „ზოგმა ფეხბურთელმა წასვლა მირჩია. მათ იმ ბიჭის დაშოშმინებაც სცადეს, მან კი თეფშებისა და ჭიქების ლეწვა დაიწყო. თან, მაგინებდა. ჰოდა, მეც წამოვდექი, რათა მეჩვენებინა, რომ მისი საქციელი არ მომეწონა... როგორც შევატყე, მთვრალი იყო. მისი დაწყნარება დენი გებიდონმაც სცადა, მაგრამ ის მოუტრიალდა და გებიდონის ლანძღვაც დაიწყო“.
ეს, რაც შეეხებოდა ჩხუბსა და სკანდალს, ხოლო რაც შეეხება ავრამ გრანტის სავარაუდო შემცვლელს, აქ საქმეები ასეა: სტივ მაკლარენმა და გუსტავო პოიეტმა უკვე განაცხადეს, რომ „ჩაქუჩების“ თავკაცის თანამდებობა არ აინტერესებთ. მოგეხსენებათ, ეს ორი კაცი გაზეთებმა გრანტის მოხსნის დღესვე დაასახელეს მთავაკ კანდიდატებად. ამასთან, პოიეტი ურუგვაელია, „ვესტ ჰემის“ ერთ-ერთმა მეპატრონემ, დევიდ სალივანმა კი განაცხადა, რომ გუნდის მომავალი მწვრთნელი ინგლისელი უნდა იყოს.
დღეისათვის მას მედია მარტინ ო’ნილის, სემ ელერდაისის, კრის ჰაფტონის, მელკი მაკეის და... რობერტო დი მატეოს კანდიდატურას განიხილავს, თუმცა ეს უკანასკნელი ინგლისელი არ არის - პოიეტის მსგავსად ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ინგლისში ჩარჩენილი უცხოელია.
სალივანმა თქვა: „ვფიქრობ, ჩვენთვის ამ ეტაპზე ყველაზე მისაღები ინგლისელი... ბრიტანელი მწვრთნელის აყვანაა. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელსაც ადგილობრივი კულტურა ესმის, ხოლო თუ ლონდონის ისტენდის ცხოვრებაც ეცოდინება, უკეთესი იქნება. ჯერ დავიცდით, ვნახავთ ვინ გამოგვეხმაურება, მაგრამ ვფიქრობ, საბოლოო გადაწყვეტილებას ორ კვირაში მივიღებთ“.