ხვალე იკითხავს ხვალისას!

AutoSharing Option
ხვალ, პრემიერლიგის ჩემპიონატი დასრულდება. ყველა თამაში ერთსა და იმავე დროს, ჩვენებურად 19 საათზე იწყება. არის შეხვედრები, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა არის ისეთი დაპირისპირებებიც, რომელთა შედეგს ნამდვილად არ აქვს დიდი აზრი.

ჩემპიონის ვინაობა, მოგეხსენებათ, გარკვეულია. ცნობილია ბოლო ადგილზე გასულიც... ამ ყველაფრის გამო ჩვენს დღევანდელ წინათქმაში ჯობს რომელიმე თამაშს ნუ გამოვარჩევთ, ყველას ჩამოვყვეთ და ორიოდ სიტყვით შევეხოთ.

„ასტონ ვილა“ „ლივერპულს“ მასპინძლობს. ამ შეხვედრაში გამარჯვება სტუმრებს სჭირდებათ. მოგების შემთხვევაში - „ტოტენჰემმა“ კი შინ „ბირმინგემთან“ უნდა წააგოს ან ფრედ ითამაშოს - „ლივერპული“ მეხუთე
ადგილზე გავა და მომავალ სეზონში ევროპის ლიგაში ითამაშებს. საინტერესოა, რომ მერსისაიდელები ბოლო ტურში, „სფურზთან“ წაგებამდე შესანიშნავ ფორმაში იყვნენ და მეხუთე პოზიციას რიხით უტევდნენ, მაგრამ ჰარი რედნაპის ფეხბურთელებმა „წითლებს“ საკუთარ „ენფილდზე“ 2:0 აჯობეს და დღეს უკეთეს პოზიციაში არიან.

კი მაგრამ, არის იმის შანსი, რომ „სფურზმა“ „ბირმინგემთან“ ქულები დაკარგოს? თუ ცხრილს ჩავხედავთ და „ბირმინგემის“ მდგომარეობას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ „უაით ჰართ ლეინის“ სტუმრებს მოტივაცია არ აკლიათ - ისინი გასავარდნ სამეულში მხოლოდ გატანილ-გაშვებულთა უკეთესი სხვაობის გამო არ არიან. სხვა სიტყვებით, „დეზებს“ დიდი წინააღმდეგობა ელით, მაგრამ „ლივერპულმა“ უპირველეს ყოვლისა თავის საქმეს უნდა მიხედოს და „ვილა პარკზე“ მოიგოს.

კაცმა რომ თქვას, მათ წისქვილზე „ასტონ ვილას“ გუნებ-განწყობაც ასხამს წყალს - ჟერარ ულიეს ფეხბურთელებს ამ შეხვედრაში არაფერი სჭირდებათ (თუ ფულს არ ჩავთვლით) და მათ გულით ავადმყოფ თავკაც ჟერარ ულიეს შეუძლია თამაში საერთოდ არ ნახოს, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. თუმცა ფული.. საპრიზო ფონდთან დაკავშირებით საქმე ასეა: პრემიერლიგაში თითო ადგილზე 800 ათასი ფუნტით მეტია. კარგად რომ წარმოვიდგინოთ, შარშანდელი გავიხსენოთ: მე-20 ადგილზე გასულმა 800 ათასი მიიღო, მე-19 გუნდმა 1,6 მილიონი და ასე შემდეგ. და რომელი ადგილის მოპოვება შეუძლია ჩვენს მიერ უმოტივაციოდ გამოცხადებულ „ასტონ ვილას“? „ლივერპულის“ ძლევისა და მთელი რიგი დამთხვევების შემთხვევაში მე-9 ადგილის, რაც შარშან 9,6 მილიონ ფუნტად დაფასდა.

ახლა ლონდონურ დერბიზე, „ფულჰემისა“ და „არსენალის“ დაპირისპირებაზე გადავერთოთ. ეს შეხვედრა იმით გახლავთ საინტერესო, რომ როგორც ერთი ასევე მეორე გუნდისთვის ევროთასებზე გასვლის საკითხს ეხება. „მეთოფეებმა“, წინა ტურში, შინ „ასტონ ვილასთან“ 2:1 წააგეს, რასაც რამდენიმე დღეში „მანჩესტერ სიტის“ მიერ „სტოკის“ 3:0 დამარცხება მოჰყვა და შედეგად ჩრდილოლონდონელები მეოთხე ადგილზე ჩასრიალდნენ. თუ მათთვის ჩემპიონატი ასეც დასრულდება, მაშინ არსენ ვენგერს ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა ჯგუფური ეტაპიდან კი არ მოუწევს, არამედ შესარჩევიდან, რაც გაცილებით ცუდია. ამრიგად, ბოლო დღეს „არსენალს“ „ფულჰემის“ ძლევა და ბოლტონში „სიტის“ წარუმეტებლობა უნდა.

და „ფულჰემს“ რაღა უნდა? დასავლეთლონდონელთა საქმე ასეა: მათ ევროლიგაში მოხვედრა „ფეარ პლეის“ გზით შეუძლიათ და ამიტომ... „არსენალთან“ შეხვედრაში მთავარია ყვითელი და წითელი ბარათები არ მიიღონ.

როგორც უკვე ვთქვით, „არსენალის“ კონკურენტი „მანჩესტერ სიტია“, ის ბოლტონში თამაშობს. ბოლტონელთა 32 წლის მცველი პოლ რობინსონი ძალიან უკმაყოფილოა თავისი გუნდის ბოლო შეხვედრებით და იმედოვნებს, რომ „სიტისთან“ წარმატებული თამაშით სეზონს რიხიანად დაამთავრებს.

„ჩვენ ევროლიგაში გამოსვლის შანსი ხელიდან გავუშვით და, ახლა, თუ ისევ ცუდად ვითამაშებთ, შეიძლება მეათე ადგილზეც კი ვერ გავიდეთ. ერთი სიტყვით, უკმაყოფილო ვარ, რადგან ევროპულ შეჯიბრებაში მინდოდა მონაწილეობა“ - თქვა რობინსონმა და, ვფიქრობთ, ამ ნათქვამით ისტლენდელთა მეტოქის განწყობა ნათელი ხდება.

თუმცა, საბრძოლო განწყობა „სიტის“ უფრო აქვს. სეზონის გამარჯვებით და მესამე ადგილით დასრულება რობერტო მანჩინის ფეხბურთელებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

და რას უნდა ველოდოთ ლივერპულის „გუდისონ პარკიდან“, სადაც „ევერტონი“ „ჩელსის“ მასპინძლობს? პასუხი ასეთია: ამ შეხვედრას პრემიერლიგის ცხრილისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დევიდ მოიესის გუნდი მეშვიდე ადგილზე არიან და ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება შეემთხვათ, მერვემდე დაქვეითებაა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ „ფულჰემი“ და „ჩელსი“ მოიგებენ.

„ჩელსისთვის“ კი ამ შეხვედრების შედეგს იმდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც უფრო ნათლად გამოჩნდება გაუშვებენ კარლო ანჩელოტის თანამდებობიდან თუ აქვს დარჩენის შანსი. საინტერესოა, რომ „ჩელსის“ „ევერტონთან“ მოგება უჭირს. „ლურჯებმა“ ეს, ბოლოს, 2009 წელს, ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში მოახერხეს. მაშინ მათ გუს ჰიდინკი წვრთნიდა, კაცი, რომლის „ოლდ ტრეფორდზე“ დაბრუნება ასე ძლიერ სურს მეპატრონე რომან აბრამოვიჩს.

„ვულვერჰემპტონი“ „ბლექბერნს“ მასპინძლობს და ჩვენში რომ იტყვიან, დედა შვილს ხელში არ აიყვანსო, ისეთი თამაშია. რატომ? ჩახედეთ ცხრილს და თვალნათლივ დაინახავთ რაც ხდება. ეს ორი გუნდი იმ ხუთეულშია, რომელსაც ხვალინდელი დღე განაჩენს გამოუტანს. დანარჩენი სამი, ამ წუთას, ხსენებულ წყვილს ერთი ქულით ჩამორჩება, მაგრამ ეს ვითომ-უპირატესობა არაფერს ნიშნავს. როგორც ხედავთ, მეტოქეებისთვის ფრეც არაფრის გარანტიას იძლევა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა, დეკემბერში, „ბლექბერნის“ გამარჯვებით, 3:0 დამთავრდა.

თუ „ბლექბერნი“ პრემიერლიგიდან გავარდება, კლუბის ახალ მეპატრონე კორპორაცია „ვენკის“ სერიოზულად მოსთხოვენ ახსნა-განმარტებას, რატომ გაუშვეს თანამდებობიდან სემ ელერდაისი.

ელერდაისის მაგივრად დანიშნული სტივ კინი „ვულვერჰემპტონთან“ შეხვედრის წინ 27 წლის კონგოელი ცენტრალური მცველის, კრის სამბას ნატკენ ბარძაყზე დარდობს: „წინა ტურში, „იუნაიტედთან“, კრისმა ჯერ საზარდული აიტკივა, მაგრამ ეს საშიშად არ მეჩვენა და მოედანზე დავტოვე, რასაც, სამწუხაროდ, ბარძაყის ტრავმა მოჰყვა. ჩვენ კარგად ვიცით რა მნიშვნელობა აქვს სამბას გუნდისთვის და თუკი მისი თამაშის თუნდაც მინიმალური შანსი მოგვეცემა, ჩვენ მას ვათამაშებთ“.

გავარდნის კიდევ ერთი კანდიდატი, „უიგანი“ კი „სტოკში“ თამაშობს. რობერტო მარტინესის გუნდმა მთელი სეზონი ბოლო სამეულში გაატარა, მაგრამ წინა ტურში გმირობა ჩაიდინა, „ვესტ ჰემთან“ 2:0 ჩამორჩენას არ შეუშინდა, სამი გოლი შეაგდო და დღეს გადარჩენის შანსიც აქვს. უიგანელთა კიდევ ერთი კოზირი ის გახლოვთ, რომ ამ შეხვედრაში „სტოკს“ არაფერი აინტერესებს.

აზრი არ აქვს „ვესტ ჰემისა“ და „სანდერლენდის“ შეხვედრასაც, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ბლექპულის“ თამაში კი სტუმრებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ შეხვედრაში ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად იქნებიან ჩემპიონობის მოზეიმე „იუნაიტედი“ ფეხბურთის სათამაშოდ. მეორე მხრივ კი, მანჩესტერელები ჩემპიონის რანგში, თავისი მაყურებლის წინაშე უგულოდ თამაშს იკადრებენ?

და ბოლოს „ნიუკასლ იუნაიტედისა“ და „ვესტ ბრომვიჩის“ შეხვედრა, რომელშიც გუნდები ზედა ათეულში მოსახვედრად თუ მოიდენენ ოფლს.

ხვალ
ასტონ ვილა-ლივერპული19:00
დისკვალიფიკაცია: დივაინი (ასტ)
ტრავმა: კლარკი - აურელიო, აგერი, კელი, ჯერარდი

ბოლტონი-მანჩესტერ სიტი 19:00
ტრავმა: კ. დევისი, ალონსო, ჰოლდენი, შ. დევისი, რიკეტსი - ჯონსონი, ბოატენგი

ევერტონი-ჩელსი 19:00
დისკვალიფიკაცია: ბილიალეტდინოვი (ევერ)
ტრავმა: ტ. კეჰილი, ბარკლი, საა, ფელაინი - ბოსინგვა

ფულჰემი-არსენალი 19:00
ტრავმა: გერა, ჰელიჩი, კამარა, დაფი - კოშელნი, დიაბი, როსიცკი, ნასრი, ფაბრეგასი, ისტმონდი, ფაბიანსკი

მანჩესტერ იუნაიტედი-ბლექპული 19:00
დისკვალიფიკაცია: მორისონი (მანჩ)
ტრავმა: ო’ში, ლინდეგრანდი, ევრა, ჰარგრივსი - ბეშემი, კერნი

ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ტრავმა: ჰარპერი, ნოლანი, აირლენდი, პირჩი, კადარი, უილიამსონი, ბესტი, გოსლინგი, ბენ არფა - დორანსი

სტოკი-უიგანი 19:00
ტრავმა: ჰუთი, ეზერინგტონი, ფულერი, ჰიგინბოტემი, სიდიბე - ნ’ზოგბია, დიამე, პოლიტი

ტოტენჰემი-ბირმინგემი 19:00
დისკვალიფიკაცია: ჯ. ჯერვისი (ბირმ)
ტრავმა: გომესი, გალასი, ბეილი, ჰადლესტოუნი, ჯენასი, ასუ-ეკოტო, ჰატონი, ვუდგეიტი, ლ. კინგი - ჟიგიჩი, რიჯუელი, გარდნერი, მარტინსი, ტეილორი, ვალესი, მაკფადენი, ს. დანი

ვესტ ჰემი-სანდერლენდი 19:00
ტრავმა: ტომკინსი, აპსონი, პარკერი, ო’ნილი, დაიერი, ნობლი, სტანისლასი - ტერნერი, კეტერმოლი, მეილერი, ა. ფერდინანდი, ბრამბლი, უილბეკი, ასამოა, რიჩარდსონი, გორდონი, ფ. კემპბელი

ვულვერჰემპტონი-ბლექბერნი 19:00
დისკვალიფიკაცია: გულონი (ბლექბ)
ტრავმა: როჩინა, სალგადო, დ. დანი, ნილსენი, გრელა (ყველა ბლექბერნი)

1. მანჩესტერი 37 22 11 4 74-35 77
2. ჩელსი 37 21 8 8 69-32 71
4. სიტი 37 20 8 9 58-33 68
3. არსენალი 37 19 10 8 70-41 67
5. ტოტენჰემი 37 15 14 8 53-45 59
6. ლივერპული 37 17 7 13 59-43 58
7. ევერტონი 37 12 15 10 50-45 51
8. ფულჰემი 37 11 15 11 47-41 48
9. სტოკი 37 13 7 17 46-47 46
10. ბოლტონი 37 12 10 15 52-54 46
11. ვესტ ბრომვიჩი 37 12 10 15 53-68 46
12. ნიუკასლი 37 11 12 14 53-54 45
13. ასტონ ვილა 37 11 12 14 47-59 45
14. სანდერლენდი 37 11 11 15 42-56 44
15. ბლექბერნი 37 10 10 17 43-57 40
16. ვულვზი 37 11 7 19 44-63 40
17. ბირმინგემი 37 8 15 14 36-56 39
18. ბლექპული 37 10 9 18 53-74 39
19. უიგანი 37 8 15 14 39-61 39
20. ვესტ ჰემი 37 7 12 18 43-67 33

ბომბარდირები: 20 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტევესი; 17 - ბენტი (ასტონ ვილა), ვან პერსი (არსენალი); 15 - ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი); 13 - კემპბელი (ბლექპული), ქეროლი (ლივერპული), ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი), კუიტი (ლივერპული), მალუდა (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 12 - დემპსი (ფულჰემი), ნოლანი (ნიუკასლი), 11 ადამი (ბლექპული), დროგბა (ჩელსი).
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ ავტორ მაგარი სტატიაა!
United
12:04 21-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული