გასრულდა ესე ამბავი

AutoSharing Option
სერ ალექს ფერგიუსონმა პრემიერლიგის თასი აღმართა და იკითხა: „რატომ ამბობდნენ ისეთ სისულელეს, თითქოს დღევანდელი „მანჩესტერ იუნაიტედი“ დიადი გუნდი არ არის“?

„იუნაიტედმა კვირას ოფიციალურად ჩაიბარა ინგლისის ჩემპიონის მე-19 ტიტული და ეს ამბავი „ოლდ ტრეფორდზე“ „ბლექპულის“ 4:2 დამარცხებით აღნიშნა. ჩავხედოთ ცხრილს და ის ბოლო წლების ცხრილებს შევადაროთ. მანჩესტერელებმა მეორე ადგილზე გასულ „ჩელსის“ 9 ქულით აჯობეს. პრემიერლიგაში ასეთი უპირატესობა 2001 წლის მერე არ დაფიქსირებულა. მაშინ, იმავე „იუნაიტედმა“ „არსენალი“ 10 ქულით ჩამოიტოვა. ფერგიუსონმა თქვა:

„ღმერთო, რა სეზონი იყო. ასეთ დრამატულ ჩემპიონატს ვერც კი ვიხსენებ.
ფეხბურთელებმა ყველაფერი დიდებულად ჩაატარეს. ქება და დიდება მათ! ბევრი საუცხოო მატჩი იყო. ახლა, ჩვენს ქვეყანაში „მანჩესტერ იუნაიტედია“ ის გუნდი, რომელიც ყველაზე მეტჯერ გახდა ჩემპიონი და ეს ძალიან მახარებს. ეს ამბავი ოქროს ასოებით ჩაიწერება კლუბის ისტორიაში.

დღეს მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველა გუნდს თავისი ხელწერა აქვს, ფეხბურთი ვითარდება, ჩვენ კი დავამტკიცეთ, რომ ამ სეზონში უძლიერესები ვიყავით. კიდევ, იმას ვიტყვი, რომ მართალია სტუმრად ციდან ვარსკვლავები არ მოგვიწყვეტია, მაგრამ რაც „იუნაიტედის“ მწვრთნელი ვარ, შინ ასეთი შთამბეჭდავი და შედეგიანი ფეხბურთი არ გვითამაშია. ჩვენი უდიდესი მოწინააღმდეგე, „ჩელსი“ ოთხჯერ დავამარცხეთ.

სეზონის მსვლელობისას იყო რამდენიმე შეხვედრა, სადაც ისე ვითამაშეთ, გეგონება სხვა სამყაროდან ვიყავით ჩამოსული, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ განვითარების სწორ გზას ვადგავართ.“

„ბლექპულთან“ შეხვედრა 40 წლის ჰოლანდიელი მეკარისთვის, ედვინ ვან დერ საარისთვის „ოლდ ტრეფორდზე“ უკანასკნელი გახლდათ, ის ფეხბურთის თამაშს თავს ანებებს. მატჩის შემდეგ მან თქვა:

„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა სერ ალექსს, რომელმაც ექვსი წლის წინ მომიწვია "იუნაიტედში". მგონი, ეს ტრანსფერი ორიოდ წლით დაგვიანებულიც კი იყო. სიამოვნებით გავატარებდი „იუნაიტედში“ რამდენიმე სეზონით მეტს. აქ გატარებული ყოველი წუთი ძვირფასია ჩემთვის. ჩემს მიმართ დიდებულნი იყვნენ ფანები და თანაგუნდელები. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილზე დარჩება. ის მსოფლიოში საუკეთესო გუნდია.“

ვან დერ საარს „იუნაიტედის“ შემადგენლობაში ერთი თამაში დარჩა ჩასატარებელი - შაბათს, „უემბლიზე“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ. ეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალია. პრესკონფერენციის დასრულებისას ჰოლანდიელმა ჟურნალისტებს ასე მიმართა:
„აბა, შაბათამდე. იმედი მაქვს თასით ხელდამშვენებული წარვსდგები თქვენს წინაშე“.

ანჩელოტი გააგდეს!
მოხდა ის, რაც კარგა ხანია მოსალოდნელი იყო: „ჩელსის“ იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი სამსახურიდან გაუშვეს. გახმაურდა თუ არა ეს ამბავი, „ლურჯების“ ფანებმა კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩს ჟოზე მოურინიოს დაბრუნება მოსთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში ანჩელოტიმ კარის გაჯახუნებაც კი ვერ შეძლო: ლივერპულის „გუდისონ პარკზე“ „ევერტონთან“ 1:0 წააგო. გვიან საღამოს დასავლეთლონდონელთა პრეს-ცენტრმა ასეთი განცხადება გაავრცელა:

„ჩვენი მეპატრონე და დირექტორატი დიდ მადლობას უხდის კარლოს იმ წვლილისთვის, რომელიც მან „ჩელსის“ ცხოვრებაში ორი სეზონის განმავლობაში შეიტანა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გახდა გუნდი პრემიერლიგის ჩემპიონი და ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელი გასულ წელიწადს. თუმცა, ბოლო სეზონი „ჩელსიმ“ ცუდად ჩაატარა, რასაც არავინ ელოდა და გადაწყდა, რომ ახლა ყველაფერს ცვლილებები აჯობებს.“

როგორც მოგახსენეთ, „ლურჯების“ ფანებმა მოურინიოს დაბრუნება მოითხოვეს, თუმცა არც ჰოლანდიელი გუს ჰიდინკის შესახებ უნდა დავივიწყოთ- 64 წლის სპეციალისტი 2006-2010 წლებში რუსეთის ნაკრების თავკაცი იყო და სწორედ იმ პერიოდში (2009 წლის გაზაფხულზე), ცოტა ხნით, აბრამოვიჩმა „ჩელსიშიც“ მიიწვია. დღეს ჰიდინკი თურქეთის ნაკრებს უდგას სათავეში და თუ რუს ოლიგარქს მისი კვლავ „გალურჯება“ უნდა, რამენაირად უნდა გამოისყიდოს.

ანჩელოტიმ კი თქვა: „მე კლუბის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. „ჩელსიში“ ორი საუცხოო წელიწადი გავატარე. ვფიქრობ, ურიგოდაც არ მიმუშავია. ახლა, ჩემს მომავალზე დავიწყებ ფიქრს. გულწრფელად მოგახსენებთ, რომ ყველაფერს პრემიერლიგაში დარჩენა მირჩევნია.“
და, რამდენად რეალურია მოურინიოს დაბრუნების შანსი? - ამ კითხვაზე, ახლა, სწორედ ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, თუმცა, ერთის თქმა შეგვიძლია, რომ თავის დროზე აბრამოვიჩმა პორტუგალიელი სამსახურიდან საკმაოდ უხეშად გააგდო და მათ შორის, როგორც ინგლისური გაზეთები წერდნენ, ცუდი ურთიერთობა იყო. დღეს, იგივე გაზეთები წერენ, რომ 48 წლის მოურინიომ და 44 წლის აბრამოვიჩმა ურთიერთობა გაარკვიეს და ერთმანეთს უკავშირდებიან კიდეც.


წავიდა, ჰე...
„ბლექპულის“ ძალიან სიმპათიური გუნდი პრემიერლიგიდან მისი მცველის, იან ივეტის იდაყვმა გააგდო... სწორედ ივეტმა შეაგდო ის ავტოგოლი, რომელმაც „ბლექპულს“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ წააგებინა, თუმცა იან ჰოლოუეის ვაჟკაც ბიჭებს „ოლდ ტრეფორდზე“, დიდი ჩემპიონისთვის გოჯიც არ დაუთმიათ. საბოლოოდ, შეხვედრა „იუნაიტედის“ გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

მომავალ სეზონში, ჰოლოუეი და მისი „ბლექპული“ „ვესტ ჰემსა“ და „ბირმინგემთან“ ერთად „ჩემპიონატში“ ანუ პრემიერლიგის ქვედა საფეხურზე იასპარეზებენ.

ივეტმა თავის კარში რომ შეაგდო, ანგარიში 2:2 იყო, მაგრამ ამაყმა ჰოლოუეიმ ასე თქვა: „ეს ბიჭები „ბლექპულის“ ლეგენდებში მოხვდებიან და ჯიმი არმფილდის გვერდით დაიკავებენ ღირსეულ ადგილს. ის, რასაც მათ ამ მოკლე დროში მიაღწიეს, ფენომენალური იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ამიერიდან მე დიდი სამუშაო მელის. უპირველეს ყოვლისა პოზიციები მექნება გასამაგრებელი. მტაცებლები უკვე ჩასაფრებულები არიან და ჩემი გმირებიდან მომავალ სეზონში რამდენი დამრჩება კაცმა არ იცის.“

„ოლდ ტრეფორდზე“ გამართულ შეხვედრაში იყო ექვსწუთიანი მონაკვეთი, როდესაც „ბლექპული“ უგებდა „მანჩესტერ იუნაიტედს“ და მის გულშემატკივარს გულში კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაულის იმედი უღვივოდა. თუმცა, მერე, პარალელურად მიმდინარე შეხვედრებში საქმეები ისე განვითარდა, რომ გაირკვა- „ბლექპულს“ გავარდნიდან ვერც ფრე გადაარჩენდა.

პარალელურად ჩატარებული შეხვედრები ვახსენეთ: „უიგანი“ უგო როდალეგას გოლმა დატოვა პრემიერლიგაში (რობერტო მარტინესის გუნდმა სტოკში გაიმარკვა), „ვულვერჰემპტონს“ კი „კარგმა წაგებამ“ უშველა- სტივენ ჰარტმა „ბლექბერნის“ კარში გოლი თამაშის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე შეაგდო და გუნდმა 2:3 წააგო, რაც დასარჩენად საკმარისი აღმოჩნდა.

„უიგანის“ ფეხბურთელებმა და 37 წლის მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა რასაკვირველია ქება დაიმსახურეს, მაგრამ გუნდის წარმატება მეპატრონე დეივ უილენის დიდი გარჯის შედეგიც არის. 74 წლის თავმჯდომარემ თქვა:

„ჩვენ პატარა კლუბი გვყავს და პატარა ქალაქიდანაც ვართ, მაგრამ დიდი გული და უტეხი სული გვაქვს. არ გეგონოთ, რომ პრემიერლიგაში დარჩენა ამ ლიგის დიდი შემოსავლების გამო გვიხარია. ეს, უბრალოდ, თავმოყვარეობის ამბავი იყო. ჩვენმა ბიჭებმა ეს დაიმახსოვრეს, ისინი ფანტასტიკურები იყვნენ.“

აღსანიშნავია, რომ „უიგანმა“ ბოლო ორი შეხვედრა მართლაც საუცხოოდ ჩაატარა. წინა ტურში „ვესტ ჰემს“ მოუგო, ბოლოში კი, როგორც მოგახსენეთ, „ბრიტანია სთედიუმზე“ გაიმარჯვა. საინტერესო ფაქტია: მთელი ორი წლის განმავლობაში მარტინესის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველმა გაიმარჯვა ზედიზედ ორ შეხვედრაში.

„თამაშის წინ ფანებს დავპირდი, რომ თუ გავიმარჯვებდით, ჩემს იღბლიან პიჯაკს მათ ტრიბუნაზე ავუგდებდი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა გამახსენდა, შიგ საფულე მიდევს და გადავიფიქრე“- თქვა პრეს-კონფერენციაზე ბედნიერმა მარტინესმა.

ლონდონში, რომან პავლიუჩენკოს მიერ ბოლოწამს გატანილმა გოლმა „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ „ბირმინგემი“ დაამარცხებინა. როგორც გუშინ მოგახსენეთ, რუს ფორვარდს ეს გოლი რომც არ გაეტანა, „ბლექბერნის“ კარში გატანილი „ვულვზის“ მეორე გოლის გამო ბირმინგემელები მაინც გავარდებოდნენ. ახლა, მათ მწვრთნელს, ალექს მაკლიშს შეუძლია თავი იმით იმშვიდოს, რომ მართალია გავარდა, მაგრამ „ქარლინგის თასის“ მფლობელი მაინც გახდა.

„გულდაწყვეტილი ვარ. გოლი რომ გავიტანეთ, ვიფიქრე გადავრჩით-მეთქი... ახლა, უსიამოვნო შეგრძნება მთელი ზაფხულის განმავლობაში გამყვება, მაგრამ ვალდებული ვარ „ბირმინგემი“ პრემიერლიგაში დავაბრუნო.

თამაში გიჟურად მიმდინარეობდა. ყოველწამს მესიჯები მომდიოდა. სიტუაცია სხვა სტადიონებზეც იცვლებოდა და ხან ვრჩებოდით პრემიერლიგაში, ხან ისევ ვვარდებოდით. ნამდვილი საგიჟეთი გამოვიარე და ემოციურად განადგურებული ვარ. გეგონება თავზე ტრუსები მეცვა და მთელი საღამო ისე ვცეკვავდი. სხვა გზა არ მაქვს, პროფესიონალი ვარ და თავი ხელში უნდა ავიყვანო.“


ტევესი კი გარბის
სიტი მესამე ადგილზე გავიდა - გაზაფხულზე ხელიდან წასულ „არსენალს“ აჯობა და სექტემბერში, ჩემპიონთა ლიგაში თამაშს პირდაპირ ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებს. ინგლისის ჩემპიონატში ასეთი მაღალი ადგილი „სიტის“ 34 წელიწადია არ დაუკავებია, მაგრამ მწვრთნელ რობერტო მანჩინის მიღწეული არ აკმაყოფილებს და კლუბის არაბ მეპატრონეებს ახალი ფეხბურთელების შესაძენად ფულს სთხოვს, თან, რაც შეიძლება სწრაფად.

ისტლენდელებმა ბოლო ტურში სტუმრად „ბოლტონი“ დაამარცხეს, 2:0. გოლები ჯოლიონ ლესკოტმა და ედინ ჯეკომ გაიტანეს.
მანჩინიმ თქვა: „ჩვენ ახალი ფეხბურთელები გვჭირდება, რათა გუნდი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ფეხბურთი ისეთი სფეროა, სადაც შესაძლოა დიდძალი ფული დახარჯო, მაგრამ ვერაფერი მოიგო. ფული გარანტიას არ იძლევა. მეორე მხრივ, თუ არ დახარჯავ, ვერც მოიგებ. მოკლედ, ფეხბურთი ძალიან უცნაური რამ არის, მაგრამ ერთი რამ მაინც ფაქტია: წარმატებისთვის, უნდა დახარჯო კიდეც და მერე სწორადაც უნდა იმუშაო.

გასული სეზონი ფანტასტიკური იყო. ახლა, ახალი მოთამაშეების შესაძენად 40 დღე გვაქვს“.

მანჩინის, რასაკვირველია, კარლოს ტევესის ამბავზეც ჰკითხეს. 27 წლის არგენტინელი თავდამსხელის დარჩენა-არ დარჩენის ამბავი ხომ ახლა, ისტლენდზე, ყველაზე მეტად აწუხებთ. ამ კითხვაზე იტალიელმა უპასუხა, რომ ფორვარდი არსად არ წავა და კლუბში დარჩება, მაგრამ მისი ქცევა საპირისპიროს ამტკიცებს. კერძოდ, ტევესმა გადაწყვიტა კლუბის გუშინდელ ზეიმს არ დასწრებოდა და არგენტინაში გაფრენილიყო - ბილეთები დაჯავშნა. დაგვეთანხმებით, ეს ცოტა უცნაური საქციელია. ნეტავ, თავდამსხმელს ბუენოს აირესში ასთი რა საქმე ჰქონდა, რომ ერთ დღეს ვერ მოითმენდა თავისივე წარმატების საზეიმოდ? იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გაქცევა მინიშნება გახლდათ, რომ მას „სიტიდან“ წასვლა სურს, საქციელი მაინც უცნაურია- ამქვეყნად კლუბს უამრავი ფეხბურთელი ტოვებს და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას, საამისოდ, ზეიმების გაცდენა და ჯიბრიანი თუ გაუწონასწორებელი ქცევა არ სჭირდება. ცნობისთვის: „მანჩესტერ სიტიმ“ ვარსკვლავს ინგლისურ და მის მშობლიურ ესპანურ ენებზე მისწერა, რომ ზეიმის გაცდენის შემთხვევაში ერთი კვირის ხელფასით დააჯარიმებდა, ეს კი 225 ათასი ფუნტი გახლავთ.

და კიდევ ერთი ცნობა „მანჩესტერ სიტის“ ბანაკიდან: ისტლენდელებმა ვაჭრობაში „ბარსელონას“ აჯობეს და „სელტას“ ვუნდერკინდი დენის სუარესი იყიდეს.

ვიგოელთა კლუბის პრეზიდენტმა, კარლოს მოურინომ დაადასტურა, რომ ესპანეთის 17 წლამდელთა გუნდის ნახევარმცველი ისტლენდზე გადადის. გარიგება ასეთია: ინგლისელები „სელტას“ თავიდან 850 ათას ფუნტს ანუ დაახლოებით მილიონ ევროს გადაუხდიან, თუმცა, თუ ფეხბურთელი გამოადგებათ, თანხას 2,75 მილიონ ფუნტამდე (3,13 მილიონი ევრო) გაზრდიან.

ბარემ აქვე დავძენთ, რომ „სიტის“ 24 წლის იაპონელი კეისუკე ჰონდას შეძენაც აინტერესებს. ჰონდა, მოგეხსენებათ, მოსკონის ცსკა-ს საკუთრებაა. ისტლენდელთა ინტერესის სფეროსია კიდევ ერთი იაპონელი, „ლესტერში“ მოთამაშე, 29 წლის იუკე აბე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული