ეჰ, ბალოტელი, ბალოტელი...

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტის“ 20 წლის აფრო-იტალიელმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ მორიგი უხერხულობა გამოიწვია - რაც მართალია, მართალია, ეს საქმე ამ კაცს კარგად გამოსდის. ის ისტლენდელთა ზეიმზე არ მივიდა.

ახლავე მოგახსენებთ, რა ზეიმიც იყო: კლუბმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი და პრემიერლიგის მესამე ადგილი მოიპოვა, პირადად ბალოტელიმ კი, ფანების რჩეული ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო მოიგო და საგანგებო წვეულებაზე უნდა მიეღო.

თავდამსხმელს, რომელსაც ისტლენდელები კვირაში 80 ათას ფუნტს უხდიან, ერთადერთი რამ მოეთხოვებოდა - გულშემატკივრისა და კლუბისთვის პატივი ეცა, მან კი... იტალიის ნაკრებში გამომიძახესო და ბოლო ტურში,
„ბოლტონთან“ თამაშის შემდეგ შინისაკენ გასწია.

რასაკვირველია, ვერავინ დაიჯერებს, რომ იტალიის ნაკრების ხელმძღვანელობა ბალოტელის ერთი დღით დაგვიანების ნებას არ დართავდა. თანაგუნდელის ჯილდო მიკა რიჩარდსმა ჩაიბარა, კლუბის ხელმძღვანელობა, სპონსორები და ის გულშემატკივრები კი, ვინც ამ საღამოზე მოსახვედრად ფული გადაიხადა, პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ.

აღსნიშნავია, რომ კლუბის აღმასრულებელ დირექტორ გარი კუკს ყველა ფეხბურთელი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ვინც საღამოს არ დაესწრებოდა, დააჯარიმებდნენ. თუმცა, ამბობენ, რომ ეს ჯარიმა ბალოტელის არ შეეხება, რადგან ის მწვრთნელ რობერტო მანჩინის გაუშვია. რასაკვირველია, ისტლენდელთა ბოსები არც მანჩინის მოუწონებენ საქციელს.

გუშინ მოგახსენებდით, რომ წვეულებაზე დასწრება არც კარლოს ტევესს სურდა, მაგრამ მან ბუენოს აირესის ბილეთი გადაცვალა და შინ მოგვიანებით გაფრინდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული