ტევესმა "ბებერი ქალბატონი" იუარა

AutoSharing Option
არგენტინელმა თავდამსხმელმა, 27 წლის კარლოს ტევესმა, „იუვენტუსში“ გადასვლაზე უარი განაცხადა, რასაც „მანჩესტერ სიტის“ ქომაგები სიხარულით შეხვდნენ.

ტურინული კლუბის წარმომადგენლები მანჩესტერში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანის, გარი ნევილის გამოსათხოვარ მატჩზე იყვნენ დაპატიჟებულნი და ბარემ ფორვარდის აგენტებთან საქმის გაჩარხვაც სცადეს. ინგლისურმა პრესამ შეიტყო, რომ „ბებერი ქალბატონი“ ტევესს წელიწადში, დაახლოებით, 20 მილიონ ფუნტს და ზედაც პრემიებს ჰპირდებოდა. იტალიური კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ თქვა:

„საფუძველი უკვე ჩავყარეთ. ახლა საუკეთესო ფეხბურთელები უნდა შევიძინოთ, რათა ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის სახელი დავიბრუნოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სასურველ ვარსკვლავებს
ისეთი წინადადებებით უნდა მივმართოთ, უარის თქმა ძნელი რომ იყოს.“

თუმცა, ტევესმა სწორედაც, რომ უარი თქვა. არადა, „ბებერ ქალბატონს“ ინგლისიდან ფეხბურთელების მიწვევის დიდი ტრადიცია აქვს: ლაიამ ბრეიდი, დევიდ პლატი, იან რაში თუ ჯონ ჩარლზი ბრიტანეთის კუნძულებიდან გახლდნენ მიწვეულნი. ტევესის საქციელი კი... ნეტავ, იმას თუ ნიშნავს, რომ არგენტინელი ისტლენდიდან წასვლას აღარ აპირებს და მომავალი სეზონიდან გუნდს ჩემპიონთა ლიგაში უნდა უკაპიტნოს?

თუ ასეა, მაშინ მწვრთნელი, რობერტო მანჩინი უბედნიერესი ადამიანი იქნება. მოგეხსენებათ, ის ამ დღეებში აბუ დაბიში გაემართა, რათა კლუბის მეპატრონე შეიხ მანსურთან სატრანსფერო გეგმებზე ელაპარაკა. პრესაში დაიწერა, რომ შეიხ მანსურს ტევესის აგენტ კია ჯურაბჩიანთან კარგი ურთიერთობა აქვს და იქნებ ამანაც ითამაშოს ფეხბურთელის დარჩენაში როლი.

დღეს თავად ტევესი არგენტინაშია, სადაც ყოფილ მეუღლეს შვილებთან ურთიერთობის დალაგების ამბავს უთანხმებს. მას ბავშვების ხშირად ნახვა სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული