"არსენალი", "ბარსელონა" და ჭადრაკი

AutoSharing Option
ინგლისური პრესა წერს, რომ დღეს „ბარსელონა“ „არსენალს“ სესკ ფაბრეგასის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს შესთავაზებს - ესპანეთის ჩემპიონის წარმომადგენლები შაბათს, „უემბლიზე“ გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ლონდონში დარჩნენ და ახალი სამუშაო კვირის პირველივე დღიდან „მეთოფეებთან“ მოლაპარაკებებს შეუდგნენ. ამასთან, კატალონიელები გაღიზიანებულან კიდეც - „არსენალის“ თავკაც არსენ ვენგერს, თავის მხრივ, მათი ამომავალი ვარსკვლავის, 16 წლის ექტორ ბელერინის ყიდვა მონდომებია.

საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ „არსენალმა“ „ბარსელონასგან“ კიდევ ერთი ყმაწვილი, ასევე 16 წლის ჯონ ტორალი შეიძინა. ზოგ წყაროზე დაყრდნობით, ვერც ექტორ ბელერინის ესპანეთიდან ინგლისში
გადაბარგებას დაუდგება რამე წინ.

ერთი სიტყვით, ჩრდილოლონდონელებთან ვაჭრობაში „ბარსამ“, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ტემპი დაკარგა და, როგორც ჩანს, მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს - კერძოდ, „ბლაუგრანას“ ფაბრეგასის საქმის მიმთავრება სურს. მოგეხსენებათ, „არსენალის“ ბარსელონელი კაპიტნის გამო კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. ფაბრეგასი „მეთოფეებთან“ 2014 წლამდეა კონტრაქტით შეკრული. თუ „არსენალი“ მის გაყიდვას დაყაბულდება, 35 მილიონ ფუნტს მოითხოვს, მაგრამ კატალონიელები ამბობენ, რომ წლევანდელი სესკი შარშანდელზე სუსტია და ამიტომ 30 მილიონზე მეტი არ ღირს.

აღსანიშნავია, რომ ვენგერი შვებულებაშია და მოლაპარაკებებში პირადად ვერ მონაწილეობს. მერედა, მისი პოზიცია, ცნობილია - მწვრთნელს ნახევარმცველის გაშვება არ უნდა, მაგრამ მეორე მხრივ, მას მეკარე სჭირდება და, როგორც ამბობენ, უარს არც გამოცდილ შუა ნახევარმცველზე იტყოდაო.

კიდევ, „არსენალზე“ ლაპარაკისას ასახელებენ გვარებს: კრისტოფერ სამბა, გერი კეჰილი და პეტერ მერტეზაკერი - ეს ის მოთამაშეები არიან, რომელთა ყიდვაც ვენგერს სურს. ამბობენ, რომ ზაფხულის მეორე ნახევარში ის „ევერტონსაც“ მიმართავს 26 წლის მარცხენა მცველის, ლეიტონ ბეინესის თაობაზე, რადგან 25 წლის ფრანგ გაელ კლიშის უშვებს და მისი პოზიცია თავისუფალი რჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული