ბერბა ტოვებს

AutoSharing Option
ბულგარელი თავდამსხმელის, 30 წლის დიმიტარ ბერბატოვისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ გზები გაიყარა. ფორვარდს, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონი, გაზაფხულზე, ძირითად შემადგენლობაში აღარ ათამაშებდა, მან კი ასეთ პირობებშიც მოახერხა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო, მოთმინების ფიალა ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღეს აევსო - ფერგიუსონმა ბერბატოვი სათადარიგოთა სკამზეც კი არ დასვა და მერე თავი იმით იმართლა, აქცენტს უფრო ნახევარმცველებზე ვაკეთებდიო. მაგრამ, განა ფერგიუსონს სკამზე სათადარიგო თავდამსხმელი საერთოდ არ ჰყავდა? როგორ არა, ჰყავდა და ის 31 წლის მაიკლ ოუენი გახლდათ. ფერგიმ თქვა, შეცვლაზე, უცაბედი ეფექტის მოხდენაში ოუენი
უფრო ძლიერიაო...

ზემოთ პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირობა ვახსენეთ. ბულგარელი ბომბარდირთა სიაში დიდხანს შთამბეჭდავად ლიდერობდა, მაგრამ „იუნაიტედის“ თავკაცმა იმდენ ხანს აღარ გააკარა მოედანს, რომ ბოლოსწინა ტურში „მანჩესტერ სიტის“ არგენტინელი თავდამსხმელი, 27 წლის კარლოს ტევესი დაეწია. საბოლოოდ, პრემიერლიგის სეზონს, ნაცვლად აშკარად გამოკვეთილი ერთი ბომბარდირისა, ორი გამოუჩნდა და ამის მერე რაა გასაკვირი, რომ ბერბატოვმა, „უემბლიზე“, „ბარსელონასთან“ უსუსურად დამარცხების შემდეგ გუნდთან ერთად მოედანზე გასვლა თანაგუნდელებთან ტრიალი აღარ ისურვა.

ინგლისურ გაზეთებში „იუნაიტედის“ მწვრთნელის სასარგებლოდ დაიწერა, რომ ბერბატოვს ჩემპიონთა ლიგაში თამაში არ ეხერხებოდა. თურმე, ამ შეჯიბრებაში მას გოლი 2008 წლის ოქტომბრის მერე ვეღარ გაჰქონდა. თუმცა, ზემოთ მოგახსენეთ, რომ პრემიერლიგაში სულ სხვა სურათის მოწმენი ვიყავით და ერთი შეხედვით გაუგებარია, რას უნდა მივაწეროთ ის, რომ ბოლო 20 შეხვედრაში ფერგიუსონმა ბერბატოვი მხოლოდ ხუთჯერ დაასახელა „იუნაიტედის“ სასტარტო შემადგენლობაში. სავარაუდოდ, ეს უეინ რუნისა და ჩიჩარიტოს წყვილის ეშხით მოხდა, თუმცა ფინალში, სათადარიგოთა სკამზე ოუენის დასმა ბევრ ეჭვს აღძრავს.

ამგვარად, ბერბატოვი ახალი კლუბის ძიებაშია. მისმა თანაგუნდელმა ნანიმ კი სცადა მისთვისაც დაეყვავებინა და მწვრთნელიც გაემართლებინა: „დიმიტარისთვის ძალიან ძნელი მომენტი დგას, მაგრამ ეს მომენტი მწვრთნელისთვისაც მეტისმეტად რთულია. მას სხვა გზა არ ჰქონდა, გადაწყვეტილება უნდა მიეღო“.

როგორც მოგახსენეთ, ბერბატოვი „უემბლიზე“ დამარცხების შემდეგ თანაგუნდელებთან არ ჩასულა. სად იყო? ზოგი გაზეთი წერს, რომ ბულგარელმა ბიჭები პირდაპირ ავტობუსში ნახა და იქ გაამხნევა, სადღაც-სადღაც კი ხმა დაირხა, რომ მას თამაშიც კი არ უნახავს, როგორც კი შეიტყო, რომ სათადარიგოთა სკამზეც ვერ მოხვდა, გაბრაზებულმა სტადიონი დასტოვა. ფერგიუსონმა მეორე ვერსია უარყო. მწვრთნელი ამტკიცებს, რომ ბერბა მატჩის შემდეგ გასახდელში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ დიმიტარ ბერბატოვი „მანჩესტერ იუნაიტედში“ „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ 2009 წელს გადავიდა. მასში „იუნაიტედმა“ 30 მილიონი ფუნტი გადაიხადა. „სფურზამდე“ თავდამსხმელი გერმანიაში, კერძოდ, „ლევერკუზენში“ გამოდიოდა. „ლევერკუზენის“ შემადგენლობაში მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ - ის შეხვედრა კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა 2:1 წააგო. ხოლო კარიერა ბერბატოვმა სოფიის ცსკა-ში დაიწყო.

დიმიტარ ბერბატოვს ბულგარეთის ნაკრებში 77 შეხვედრაში 48 გოლი აქვს გატანილი.

იქნებ წასულიყავი, ფერგი
ალექს ფერგიუსონმა სივრცეში გაიხედა და თქვა, რომ მისი „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბარსელონამ“ ძლიერი ჰიპნოზის ქვეშ მოაქცია - ალბათ, იმის თქმა უნდოდა, რომ დათრგუნა და დაჩაგრა. იცით, რა დაწერეს ინგლისელმა ჟურნალისტებმა? სანამ ლეო მესის „ბარსელონას“ მაისურა აცვია, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დიდი-დიდი მეჯვარეობა ერგოს, სიძე ვერასდროს გახდებაო.

მესი 23 წლისაა, გასულ სეზონში 54 თამაში ჩაატარა, 53 გოლი გაიტანა და დაღლა არ დატყობია. თუ აკვირდებით, ის თითქმის არასდროს შავდება... ისე ჩანს, რომ კიდევ ათი წელიწადი გადაბმით იქროლებს წინ და უკან. თან, არგენტინელს ნახევარდაცვიდან ჩავი და ინიესტა უმაგრებენ ზურგს - ფეხბურთიდან წასვლა არც ამ მოთამაშეებს ეჩქარებათ, კიდევ რამდენიმე წელიწადს ისინიც გააგორებენ ბურთს. ჰოდა, იქნებ, სჯობდეს ფერგიუსონმა კარიერა სწორედ აქ დაასრულოს?

სერ ალექსს დიდებული სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა. ბოლო შეხვედრა ძლიერთა შორის უძლიერეს გუნდთან წააგო, რაც ნამდვილად არ არის სირცხვილი. მესი ფეხბურთის თამაშს თავს რომ დაანებებს ფერგი 80 წელს გადაცილებული იქნება, მანამდე კი, თუ გაძალიანდა და მწვრთნელად დარჩა, იმედგაცრუებების მთელი კასკადი ელის. გაიხსენეთ, როგორ უკანკალებდა ხელი, როდესაც, ფინალის მიწურულს ეკრანზე მსხვილი პლანით გამოაჩინეს?

მოკლედ, იქნებ, დროა... ბოლოს და ბოლოს, მან ხომ უდიდესი ოცნებაც აისრულა და ახლა, უკვე, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლივერპულზე“ მეტჯერ იყო ინგლისის ჩემპიონი. რაღა გინდა?

ეს მოსაზრება ინგლისელმა ჟურნალისტებმა თავად ფერგის გაუზიარეს. უთხრეს, რომ ამიერიდან ევროპაში „ბარსა“ იბატონებს და ის მესისა და კომპანიას ტახტიდან ვეღარასოდეს ჩამოაგდებს, რაზეც 69 წლის სპეციალისტმა ასე უპასუხა:
„ადამიანს გამოწვევის არასდროს უნდა გეშინოდეს. მეორე ადგილზე ყოფნა დამაკმაყოფილებელი არ არის. მე ვერ გავიხარებ, თუკი
საუკეთესოთა შორის მეორეს დამიძახებენ. შემდეგ სეზონში ამჟამინდელზე გაცილებით ძლიერად უნდა ვითამაშოთ“.
ამრიგად, ფერგი „ოლდ ტრეფორდზე“ 26-ე წელიწადსაც დარჩება. შეადარეთ ეს „ბარსას“ თავიკაცის, პეპ გვარდიოლას მდგომარეობას, რომელიც გაისად ამ დროს, ოთხწლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ „კამპ ნოუდან“ მიდის - ფეხბურთელებს ერთი და იმავე ადამიანის ერთი და იგივე შენიშვნების მოსმენა მობეზრდათო.

როგორც ჩანს ძალიან ძნელია შესძახო: „აბა, ბიჭებო, თქვენ იცით. გადით მოედანზე და ერთხელაც მოიგეთ ჩემპიონთა ლიგა!“

შაბათს, „უემბლიზე“, 10 წუთის განმავლობაში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზუსტად ის გააკეთა, რაც „არსენალის“ 19 წლის ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა ურჩიათ: გადით და „ბარსელონა“ იქით მიაჭყლიტეთ თავიანთ საჯარიმოს, თავის დაცვაზე და მათ უპირატესობებზე არც კი იფიქროთო. დაახლოებით ასევე დაიწყო 2009 წლის ფინალიც, რომელშიც ასევე „ბარსამ“ გაიმარჯვა. დიახ, „იუნაიტემა“ ესპანეთის ჩემპიონს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა, ბურთის მოხელთება არ აცადა, აიძულა შეცდომები დაეშვა, მაგრამ თანდათანობით „ბარსელონამ“ ვითარება შეცვალა, დამშვიდდა, თამაში მისთვის სასურველ კალაპოტში გადაიყვანა და „იუნაიტედის“ ნაწილებად დაშლაც დაიწყო.

ნახევარდაცვის შუაში რაიან გიგზი და მაიკლ ქერიკი გაცამტვერდნენ. თან, 37 წლის გიგზს გასული კვირა პირად ცხოვრებაშიც კოშმარული ჰქონდა - გამოაშკარავდა, რომ ცნობილი ფეხბურთელი, რომლის შესახებაც მთელმა ქვეყანამ იცოდა, რომ ცოლს უღალატა, მაგრამ არ ასახელებდნენ, ის იყო. თუმცა, ვერ გეტყვით, ეს იყო თუ არა მიზეზი, რომ გიგზი ბარსელონელებს მაგრად ვერ დაუდგა. ასეა თუ ისე, კატალონიელებმა გამოაჩინეს, რომ „იუნაიტედს“ ძრავაში აქვს პრობლემა და... სავარაუდოდ, სერ ალექსი ამ ნაკლის გამოსასწორებლად „ტოტენჰემისგან“ ლუკა მოდრიჩს იყიდის. ჩავი მანჩესტერის ნახევარმცველთა შორის წინააღმდეგობის გარეშე დარბოდა და სწორედ მისი პასით გახსნა 27-ე წუთზე პედრომ ანგარიში.

ამის ფონზე გასაკვირი იყო შვიდ წუთში „იუნაიტედმა“ ანგარიში რომ გაქვითა, თუმცა გოლი მართლაც დიდებული გამოვიდა. საინტერესო ფაქტი: თამაშის შემდეგ ევროპულ პრესაში ატყდა კამათი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ რომელი ფეხბურთელი ჩაჯდებოდა „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში. უნდა ითქვას, რომ ბევრი ვარიანტი დაიწერა, თუმცა ყველა ვარიანტი მხოლოდ ერთ კაცზე გადაიკვეთა: საყოველთაო აზრით, ერთადერთი მოთამაშე, ვინ დღეს ბარსელონელობას შეძლებდა, უეინ რუნია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იმ დღეს, რუნი გაჭირვებული თანაგუნდელების დასახმარებლად ნიადაგ უკან ჩამორბოდა, მაშინ, როდესაც „იუნაიტედს“ ის მეტოქის კარის სიახლოვეს უფრო სჭირდებოდა.

თამაშის დეტალებზე ნუღარ შევჩერდებით. ჯობს, 40 წლის ჰოლანდიელი მეკარის ედვინ ვან დერ სარის კომენტარს გავეცნოთ:

„ჩვენ რომის ფინალი გავიმეორეთ. „ბარსელონას“ გონს მოსაგებად და თამაშში ჩართვისთვის 20 წუთი დასჭირდა. ანგარიში რომ გავათანაბრეთ, იმედი მომეცა, ვიფიქრე, რომ კვლავ გაგვიჩნდა შანსი, მაგრამ მეორე ტაიმი საშინლად დავიწყეთ. რას იზამ, ფეხბურთში ასეა, ხან იგებ, ხანაც მარცხდები.

„ბარსელონა“ დიდებული გუნდია და რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ დაუმარცხებელი არ არის. თუ გნებავთ გაიხსენეთ, როგორ წააგო ამ სეზონში რამდენჯერმე. სამწუხაროდ, ამჯერად ასე არ მოხდა“.
ვან დერ საარს კარიერაში ორჯერ მოუგია ჩემპიონთა თასი. პირველად ეს 1995 წელს, „აიაქსის“ შემადგენლობაში მოხდა, მეორედ კი 2008 წელს, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოსკოვში „ჩელსი“ დაამარცხა.

„დიახ, ჩემი კარიერის მწვერვალი 2008 წლის გამარჯვება იყო. მაშინ, პენალტების სერიაში ნიკოლა ანელკას დარტყმა მოვიგერიე და თასიც მოვიპოვეთ. მზად ვიყავი იგივე „ბარსელონასთანაც“ გამემეორებინა, მაგრამ პენალტებამდე საქმე არ მივიდა.

ახლა ფეხბურთელის კარიერას ვასრულებ. ინგლისში სამწვრთნელო კურსებზე კი ვიარე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივყვები და დიპლომებსაც გამოვიტან. იქნებ, ცოტა ხნის შემდეგ ჰოლანდიაში ვიარო სხვა კურსებზე. ვფიქრობ, ერთი წელიწადი ფეხბურთიდან საერთოდ უნდა გადავერთო. მინდა შაბათობით გემრიელად ვივახშმო და გოლფი ვითამაშო. ჩემმა მეგობრებმა ფეხბურთს თავი ხუთი-ექვსი წლის წინ დაანებეს, ასე რომ მე ზედმეტი მომივიდა და ახლა უნდა ავინაზღაურო“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული