ვენგერმა თქვა: "ვფიქრობ, ორივეს დიდი მომავალი ელის. ორივე ბრძოლის ჟინით არის აღსავსე, თავში მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრი უტრიალებთ და მზად არიან დღესვე ჩაერთონ "არსენალის" ძირითად
უილშერი ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ფაბიო კაპელომ ინგლისის ნაკრების მომავალზე ლაპარაკისას ადრევე მოიხსენია, ასე რომ მის შესახებ ხალხმა ასე თუ ისე იცოდა. აი, განელი ფრიმპონგი რომ ასე საიმედო ნახევარმცველი იყო, ვენგერის ამ ინტერვიუმდე მრავალრიცხოვანი გულშემატკივრისთვის ნაკლებად გახლდათ ცნობილი. და, რომ იცოდეთ, წარმოშობის მიუხედავად, ფეხბურთელი, რომელსაც "არსენალის" თავკაცი უკვე ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსად მიიჩნევს, ინგლისის ნაკრებს უმიზნებს - მან უკვე მოსინჯა ძალა ინგლისის 16 წლამდელთა და 18 წლამდელთა ნაკრებებში.
ვენგერი: "თქვენს წინაშეა ბიჭი, რომელმაც ინგლისისა და განის ნაკრებთა შორის უნდა აირჩიოს. მე რომ ინგლისელი ვიყო დიდხანს აღარ გავაჯანჯლებდი, რაც შეიძლება მალე გამოვიძახებდი დიდ ნაკრებში და დავაფიქსირებდი, რომ იქ ნათამაშები აქვს".
გლაზგოელების წინააღმდეგ არ უთამაშიათ ალექს სონგს, დენილსონს, აბუ დიაბისა და აარონ რემსის, მაგრამ უილშერისა და ფრიმპონგის ხსენებული წყვილის წყალობით "არსენალს" ნახევარდაცვაში არაფერი დაკლებია.
ისევ ვენგერი: "თავიდან არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ ორ ყმაწვილს ჩამშლელი ნახევარმცველობა შეეძლოთ. ვფიქრობდით, ბაზარზე გავსულიყავით და მოედნის შუაში გამოსადეგი ფეხბურთელი გვეყიდა, მაგრამ ახლა აშკარაა, რომ ეს აღარ გვჭირდება".
თუმცა ფრანგმა მწვრთნელმა აღიარა, რომ "მეთოფეებს" ცენტრალური მცველების პრობლემა აქვთ. მართლაც, ამ ზაფხულს ჩრდილო ლონდონელებს დაემშვიდობნენ უილიამ გალასი, ფილიპ სენდეროსი, სოლ კემპბელი და მიკაელ სილვესტრი. მაშ, ვინღა დარჩა? იოან დჯურუ, რომელმაც გასულ სეზონში მუხლის ტრავმის გამო პრემიერლიგაში სულ 28 წუთი ითამაშა, ფრანგული "ლორიანიდან" ახალნაყიდი ლორან კოსიელნი და შემორჩენილ ცენტრალურ მცველთა შორის ყველაზე ცნობილი ტომას ვერმალენი.
"არსენალის" კიდევ ერთი პრობლემაა მეკარე. შაბათს, იმავ "ემირეიტის თასზე", "მილანთან" 1:1 დამთავრებულ შეხვედრაში ლონდონელთა კარს ლუკაშ ფაბიანსკი იცავდა, "სელტიკთან" კი ძელებს შორის მანუელ ალმუნია ჩადგა.
საბოლოოდ კი შეჯიბრებაში, რომელშიც "არსენალის", "მილანისა" და "სელტიკის" გარდა "ლიონიც" მონაწილეობდა, "მეთოფეებმა" გაიმარჯვეს.