ჯონსი და ჰენდერსონი

AutoSharing Option
„ლივერპული“ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა და ორი ახალი ფეხბურთელის შეძენასთან არის ახლოს. ლაპარაკია „ბლექბერნის“ მცველ ფილ ჯონსსა და „სანდერლენდის“ ნახევარმცველ ჯორდან ჰენდერსონზე. ჯონსი 19 წლის არის, ხოლო ჰენდერსონი ოცისაა. ორივე ტრანსფერში მერსისაიდელებს 30 მილიონი ფუნტის გადახდა მოუხდებათ.

თავიდან ჰენდერსონში „ლივერპული“ 13 მილიონს იხდიდა, მაგრამ „სანდერლენდმა“ 18 მილიონს პენიც რომ არ დააკლო, შეთავაზება 15 მილიონამდე გაზარდა. ახლა, „წითლები“ იმედოვნებენ, რომ „შავი კატები“ აღარ გაჯიუტდებიან და ცოტას თავადაც დააკლებენ. 15 მილიონი ღირს ჯონსიც, თუმცა მასთან დაკავშირებით ერთი პრობლემაა: ამ მცველის ყიდვა „არსენალსა“ და
„ტოტენჰემსაც“ უნდათ.

მიმომხილველები ხაზს უსვამენ, რომ „ლივერპულის“ თავკაცი, კენი დალგლიში აშკარად თავის გეგმას მისდევს და ცდილობს წმინდა ბრიტანული გუნდი ჩამოაყალიბოს. ზამთარში მან „ნიუკასლიდან“ 35 მილიონ ფუნტად 22 წლის თავდამსხმელი ენდი ქეროლი იყიდა. სხვათა შორის, „ლივერპულის“ წარმომადგენლებმა სანდერლენდელ კოლეგებს 23 წლის ლი კეტერმოულის შესახებაც ჩამოუგდეს სიტყვა. კეტერმოული ეგრეთწოდებული ჩამშლელი ნახევარმცველია.

ჯონსი და ჰენდერსონი ამ დღეებში ესპანეთში იყვნენ, სადაც ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრები სტიუარტ პირსის ხელმძღვანელობით, დანიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ხვალ ინგლისელ ახალგაზრდებს საუთჰემპტონში ნორვეგიის ნაკრებთან აქვთ ამხანაგური შეხვედრა.

ზემოთ ვახსენეთ, რომ ჯონსის ყიდვა „არსენალსაც“ უნდა. ამბობენ, რომ „ლივერპულის“ გამოჩენა „მეთოფეთა“ თავკაც არსენ ვენგერს“ შეაშფოთებს, რადგან ის სამომავლოდ დაცვის აწყობას სწორედ ამ ყმაწვილკაცის გარშემო აპირებდა. იმასაც ამბობენ, რომ ფრანგი სპეციალისტი ერთი წლის მოცდასა აპირებდა, რათა მომავალ ზაფხულს „ბლექბერნისგან“ ერთბაშად ორი ფეხბურთელი ეყიდა — ჯონსი და მასთან ერთად 27 წლის კონგოელი კრისტოფერ სამბა. ერ ორი მცველი რივერსაიდელთა უკანა ხაზში პერტნიორობენ. თუმცა, „ლივერპულის“ ჩარევის შემდეგ ვენგერის გეგმები ირევა და თითქოსდა დალაგებული საქმე შესაძლოა სულ სხვანაირად განვითარდეს. კერძოდ, „ბლექბერნს“ უჯობს სამბა გაყიდოს, ჯონსი კი დაიტოვოს, თუმცა კლუბი ვერც ცთუნებას უძლებს და აცხადებს, რომ კარგ ფასად მასაც შეელევა.

შეგახსენებთ, რომ ჯონსი პრემიერლიგის ასპარეზზე ერთი წლის წინ, მარტში გამოჩნდა. მისი დებიუტი „ჩელსისთან“ შეხვედრაში შედგა. „ბლექბერნის“ ხელმძღვანელები ამ ახალგაზრდის თამაშით იმდენად კმაყოფილნი დარჩნენ, რომ მაისში ხუთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს, თებერვალში კი ხელშეკრულება კიდევ 12 თვით გაუხანგრძლივეს.

მას მერე, რაც „ლივერპულის“ თავკაცის თანამდებობაზე როი ჰოჯსონი შეცვალა, დალგლიშმა უკვე გამოამჟღავნა თავისი გეზი. კერძოდ, მან „წითლების“ ძირითად შემადგენლობაში მოსინჯა ბრიტანელი ფეხბურთელები, 17 წლის ჯეკ რობინსონი, 18 წლის ჯონ ფლენაგანი, 21 წლის მარტინ კელი და 22 წლის ჯეი სპირინგი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული