კოულზე ფიქრს თავი დაანებეო...

AutoSharing Option
კარლო ანჩელოტიმ ჟოზე მოურინიოს ურჩია, ეშლი კოულის "რეალში" გადაყვანაზე ფიქრს თავი დაანებოს. მადრიდელთა თავკაცი ლონდონელი "ლურჯებისა" და ინგლისის ნაკრების 29 წლის მარცხენა მცველის გადაბირებას ძალიან ცდილობს და ამ საქმეში ძირითადად პირად ურთიერთობებს ეყრდნობა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელი მწვრთნელი 2004-2007 წლებში თავად ედგა "ჩელსის" სათავეში და კოული "არსენალიდან" დასავლეთ ლონდონში მისი გადაყვანილია. თუმცა, ანჩელოტი კოლეგას შეახსენებს, რომ ფეხბურთში მთავარი არა მეგობრობა, არამედ პროფესიონალიზმია.

"არ მაინტერესებს რა ურთიერთობა აქვს ჩემს ფეხბურთელს სხვა მწვრთნელებთან - თქვა იტალიელმა - ის, რომ მოურინიო ეშლი კოულთან მეგობრობს სრულიად
გასაგები და ნორმალურია, მაგრამ ამის გამო საქმისადმი ჩვენს დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა. კოული "ჩელსის" ფეხბურთელია და ასეთად დარჩება. გამორიცხულია, მას სადმე წასვლის ნება მივცეთ. ყველამ დაივიწყოს, რომ ეშლიმ შესაძლოა ოდესმე ჩვენი კლუბი დატოვოს".

შეგახსენებთ, რომ კოულის ლონდონიდან სხვაგან წასვლის თემა ფეხბურთსმიღმა ამბებზეა აღმოცენებული. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვარსკვლავმა ცოლს, ხალხის საყვარელ პოპ-ვარსკვლავ შერილ ტვიდი-კოულს უღალატა და ეს ამბავი გაზეთებში დაიწერა. ღალატს ტაბლოიდებში ერთი ამბავი მოჰყვა, რამაც ფეხბურთელი წყობიდან გამოიყვანა და სადღაც, ვიღაცასთან თქვა, ყველაფერი ინგლისური მეზიზღებაო. და ისევ არ გაუმართლა: მისი ეს ნათქვამი ისევ გაზეთების ფურცლებზე მოხვდა და საზოგადოების რისხვა გამოიწვია.
სწორედ მაშინ გაჩნდა აზრი, რომ ინგლისში დარჩენას და დაუსრულებელი ლანძღვის გაძლებას უცხოეთში გადაბარგება სჯობს. დღეს, "რეალი" მზადაა "ჩელსის" კოულში 24 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ანჩელოტი ფეხბურთელის გაშვებას ცოცხალი თავით არ აპირებს.

"არ არსებობს თანხა, რომელსაც ჩვენ შემოგვთავაზებენ და ეშლი კოულის გაყიდვაზე დაგვიყოლიებენ. ჩვენი ღრმა რწმენით ის მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველია და ამიტომაც არ ვაპირებთ მასთან თანამშრომლობის შეწყვეტას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული