ლენდონიდან ლივერპულამდე შორია

AutoSharing Option
"ევერტონის" მწვრთნელმა დევიდ მოიესმა თქვა, რომ ამერიკელ ვარსკვლავს ლენდონ დონოვანს "გუდისონ პარკზე" სათამაშოდ ხელმეორედ, ალბათ ვეღარ იქირავებენ. შეერთებული შტატების ნაკრების 28 წლის კაპიტანი "ევერტონის" ფანებმა გასული სეზონის 13 თამაშის განმავლობაში ძალიან შეიყვარეს. შეგახსენებთ, რომ დონოვანი "ლოს ენჯელეს გელექსის" ფეხბურთელია, სადაც დევიდ ბექჰემთან ერთად გამოდის.

"ჩვენ ლენდონს დიდი სიამოვნებით ვიქირავებდით კიდევ ერთხელ, მაგრამ თანხა, რომელიც მასშია გადასახდელი, "ევერტონისთვის" ძალიან დიდია. ასეთი ფინანსები ჩვენ არ გვაქვს. მეიჯორ ლიგ სოკერი (MLშ) მეტისმეტად ბევრს ითხოვს, რასაც საკუთრივ დონოვანის ასაკიც ემატება", - თქვა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

იმ სამი თვის განმავლობაში, რომელიც დონოვანმა პრემიერლიგაში გაატარა მან სამი გოლი შეაგდო და, გარდა იმისა, რომ "ევერტონს" გამოადგა, თავადაც კარგად მოემზადა - "ინგლისურად ნავარჯიშებმა" სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი.
რაც შეეხება "ევერტონის" ფინანსურ მდგომარეობას, მოიესის თქმით, მისი კლუბის შეჭირვება მხოლოდ დონოვანის ყიდვას კი არ აბრკოლებს, არამედ ზოგადად, სატრანსფერო აქტიურობას ზღუდავს. მოიესი:

"ერთადერთი, რაც ამ ზაფხულს, ჯერჯერობით, გავაკეთეთ ესაა: ფრანგული "სტრასბურიდან" ნაგაიე გეიე ვიყიდეთ. ჯერმეინ ბეკფორდისა და იან მუხას დამატება კი სათვალავში შესატანი არ არის, რადგან ერთიცა და მეორეც თავისუფალი აგენტები იყვნენ და მათში პენიც არ გადაგვიხდია. ერთი სიტყვით, პრემიერლიგის სტანდარტებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ სატრანსფერო ბაზარზე საერთოდ არ ვაქტიურობთ და დარწმუნებული ვარ, სექტემბრისთვის ვიქნებით ის ინგლისური კლუბი, რომელმაც ყველაზე ცოტა დახარჯა".

ლივერპულელთა ფიფანსურ გაჭირვებას ისიც ადასტურებს, რომ ერთი ხნის წინ მათ საკუთარი ფეხბურთელისთვის, 20 წლის დენ გოსლინგისთვის უნდოდათ ახალი კონტრაქტის შეთავაზება, მაგრამ ვერ მოახერხეს და მცველ-ნახევარმცველი "ნიუკასლ იუნაიტედს" დაუთმეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული