ანდერსონი გადარჩა

AutoSharing Option
მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ანდერსონი პორტუგალიაში ავარიაში მოხვდა. მაშველებმა მისი ამოყვანა მანქანის აფეთქებამდე მოასწრეს. როგორც იტყობინებიან ბრაზილიელის გარდა ავტომობილში მისი მეგობრები, ქალი და კაცი ისხდნენ. ავტოკატასტროფა კვირას დილით ქალაქ ბრაგას ებან ჟერესში მოხდა.

საჭესთან ანდერსონი არ მჯდარა - კაცი-მეგობარი იჯდა. მანქანა გახლდათ სპორტული აუდი ღ8, რომელიც გზიდან მოსრიალდა, კედელს მიენარცხა, გაფრინდა და დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით მინდორზე დავარდა. ფეხბურთელს გაუმართლა - როგორც მოგახსენეთ, გონებადაკარგული მანქანიდან დროულად გამოიყვანეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ერთი ხნის შემდეგ გადარჩენილი გონს მოეგო და მხსნელებს ლუღლუღით მადლობას გადაუხადა,
სიკვდილს თქვენ გადამარჩინეთო. როგორც ირკვევა, ღამე 22 წლის ბრაზილიელმა ღამის კლუბ "სარდინია ბიბაში" გაატარა, საიდანაც მეგობრებთან ერთად საფრანგეთში რეგისტრირებული, 156 ათას დოლარად ღირებული მანქანით წამოვიდა. ცნობისთვის: ამ მანქანას საათში 317 კილომეტრის განვითარება შეუძლია და (ათცილინდრიანი ძრავით) 0-დან 100 კილომეტრ საათამდე 3,9 წამში ჩქარდება.

სამივე დაზარალებული ბრაგას წმინდა მარკოზის სახელობის საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა მცირე კონტუზიის, შოკისა და ნაჟეჟების დამუშავების შემდეგ გამოწერეს. პორტუგალიური წყაროების თანახმად, "პორტუს" ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" 2007 წელს 28 მილიონ დოლარად გადავიდა, ახლა მანჩესტერში ჩავა და მუხლის ტრავმას იმკურნალებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა, რომლის სრული სახელია ანდერსონ ლუიშ დი აბრეუ ოლივეირა მუხლის მყესის ტკივილის გამო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშა. ანდერსონს მუხლის ტრავმა თებერვლის მერე სტანჯავს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს ფეხბურთელის ავარიის ამბავი დაუყოვნებლივ შეატყობინეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული