მას აბსოლუტურად დამსახურებულად მიიჩნევდნენ თავისი თაობის ერთ-ერთ უნიჭიერეს ნახევარმცველად. პოლი მხოლოდ 7 წლის განმავლობაში თამაშობდა ინგლისის ნაკრებში და 4 დიდ ტურნირში მოასწრო მონაწილეობა - 1998 და 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე და 2000 და 2004 წლებში ევროპირველობებზე. 2004 წელს პორტუგალიაში ჩატარებული ჩემპიონატის შემდეგ მან სანაკრებო კარიერა დაასრულა და
ადრეული პერიოდი
პოლ სქოულზმა “მანიუში” ვარჯიში 14 წლისამ დაიწყო. ის არ ყოფილა 1992 წელს “იუნაიტედის” ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში ინგლისის თასის მფლობელი. ლაპარაკია იმ გუნდზე, რომლის ძირითადი ნაწილი მოგვიანებით სერ ალექს ფერგიუსონის განკარგულებაში გადავა და ყველაფერს მოიგებს, რაც მოსაგებია. პოლის პროფესიული კარიერა 1993 წლის 23 ივლისს დაიწყო, როცა მან კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. თუმცა პირველი მატჩი დიდი დაგვიანებით, 1994 წლის 21 სექტემბერს ლიგის თასზე “პორტ ვეილთან” ჩაატარა და უმალ დუბლი შეასრულა. მისმა გუნდმა კი 3:2 გაიმარჯვა. ზუსტად სამ დღეში 24 სექტემბერს ჩვენს გმირს დებიუტი ჰქონდა პრემიერლიგაშიც, “მანიუ” “იფსვიჩს” შეხვდა და 3:2 წააგო. ორივე გოლი ისევ და ისევ პოლ სქოულზმა გაიტანა. სულ იმ სეზონში პერსპექტიულმა ფეხბურთელმა 25 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა. მიუხედავად მისი მაღალი სათამაშო კლასისა, მას 1997/98 წლების სეზონამდე უჭირდა “მანჩესტერის” ძირითად შემადგენლობაში მყარად ფეხის მოკიდება. ამ წელს პოლმა როი კინის ტრავმით ისარგებლა და სასტარტოში დამკვიდრდა.
1998/99 წლების სეზონში სქოულზმა წამყვანი როლი ითამაშა მისი გუნდის სამმაგ ტრიუმფში და მიუხედავად იმისა, რომ არც ის და არც როი კინი ფინალში არ თამაშობდნენ, ფერგის ბიჭებმა მაინც შეძლეს “ბაიერნთან” ზედრამატულ შეხვედრაში ლიგის მოგება. ინგლისის თასის ფინალში პოლმა “ნიუკასლს” ერთი გოლი გაუტანა, გუნდმა კი 2:0 მოიგო. 1999 წლის 17 მარტს “ინტერთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში (1:1) ის 1984 წლის შემდეგ “მანჩესტერის” პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც იტალიურ გუნდებს გასვლაზე გოლი გაუტანა და დანავსული სერია შეწყვიტა. “ეშმაკებმა” “კამპ ნოუსკენ” მიმავალ გზაზე სიარული განაგრძეს. რამდენიმე კვირაში პოლი იტალიაში ისევ ჩავიდა, ამჯერად “იუვენტუსთან” სათამაშოდ და მისდა სამწუხაროდ, სეზონში მესამე ყვითელი ბარათი მიიღო, რამაც მას ფინალში თამაშის უფლება აღარ მისცა.
კარიერის პიკი
1999 წლის ტრიუმფის შემდეგ სქოულზმა როგორ იქნა მიიღო კუთვნილი აღიარება. მისი და როი კინის დუეტი “მანჩესტერის” მამოძრავებელი ძალა გახდა. ირლანდიელი საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა, ინგლისელი კი - კლასიკურ ცენტრალურ ნახევარმცველად. წლების განმავლობაში სწორედ პოლი ხდებოდა ხოლმე სეზონის ბოლოს ყველაზე მეტი ზუსტი პასის ავტორი (უბრალოდ პასის და არა საგოლე გადაცემის), რაც მის უმაღლეს კლასს კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს. კინის წასვლის შემდეგ მან შეინარჩუნა პოზიცია და უფრო მეტად შეტევას უთმობდა დროს, ვიდრე დაცვას. როგორც წესი, ის ბურთს საყრდენი ნახევარმცველის ზონაში იღებდა და შემდეგ ანაწილებდა ფლანგებზე. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იდგა ფლანგზე მის პარტნიორთაგან, პატრის ევრა, გარი ნევილი, რაიან გიგზი, დევიდ ბექჰემი თუ კრიშტიანო რონალდო, ბურთს ყველა დაუბრკოლებლივ იღებდა და რაც მთავარია, იდეალურ სიტუაციაში. ცალკე სალაპარაკოა სქოულზის საგოლე ალღო. 2002/03 წლების სეზონში მან კარიერის რეკორდი დაამყარა, როცა 52 შეხვედრაში 20 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის იყო ერთი ჰეთთრიკი (ნიუკასლთან) და დუბლი (ევერტონთან). სამწუხაროდ, მომდევნო წლებში მისმა საგოლე აქტივობამ იკლო, თუმცა როცა გაჰქონდა, მხოლოდ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში და უმეტესად ლამაზ სტილში. კარიერის ბოლოს მის ანგარიშზე იყო: 10 საჩემპიონო ოქრო (1996, 1997, 1999, 2000, 2001, 2003, 2007, 2008, 2009, 2011), ინგლისის 3 თასი (1996, 1999, 2004), ინგლისის ლიგის 2 თასი (2009, 2010), 5 კომუნითი შილდი, ანუ ინგლისის სუპერთასი (1996, 1997, 2003, 2008, 2010), 2 ჩემპიონთა ლიგა (1999, 2008) და თითო საკონტინენტთაშორისო თასი (1999) და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი (2008).
კარიერის მიწურული
2004 წელს ნაკრებიდან მისმა წასვლამ “მანჩესტერ იუნაიტედზე” დადებითად იმოქმედა. თუმცა 2005/06 წლების სეზონის მეორე ნახევარი ჩვენმა გმირმა თითქმის მთლიანად გამოტოვა, რადგან მას სერიოზული პრობლემა ჰქონდა მხედველობასთან დაკავშირებით. ლაპარაკი იმაზეც კი წავიდა, რომ პოლს კარიერის დასრულება მოუწევდა, მაგრამ მკურნალობამ შედეგი გამოიღო. 2006 წლის 7 მაისს “ჩარლტონთან” შეხვედრაში ის მინდორს დაუბრუნდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სერიოზული მკურნალობის მიუხედავად, მხედველობა სქოულზს ბოლომდე მაინც ვერ აღუდგინეს. პოლი 2006 წლის 22 ოქტომბერს “მანჩესტერის” ისტორიაში მე-9 ფეხბურთელი გახდა, ვინც 500-მატჩიან ნიშნულს უწია. “ოლდ ტრეფორდზე” საიუბილეო შეხვედრაში “ლივერპულის” წინააღმდეგ (2:0) მან “დაუძინებელ მტრებს” ერთი გოლი გაუტანა, იმავე სეზონში “მანიუსა” და “ლივერპულის” ენფილდურ შეხვედრაში კი წითელი ბარათით დასაჯეს, რის გამოც სამთამაშიანი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა. შემადგენლობაში დაბრუნების უმალ, 2007 წლის 31 მარტს ფეხბურთელმა “ბლექბერნს” (4:1) გაუტანა და მატჩის ბოლომდე ყველაფერს აკეთებდა, რათა მის გუნდს “ვარდები” ბოლომდე გაენადგურებინა. მან ამით ერთგვარი რეაბილიტაცია მოახდინა ფანების თვალში, თუმცა ზუსტად სამ დღეში ის მეორედ მიაბრძანეს მინდვრიდან. ამჯერად ჩემპიონთა ლიგაში “რომასთან” (1:1). ბუნებრივია, ნახევარმცველმა დისკვალიფიკაცია მიიღო, რის გამოც “მანჩესტერისა” და “რომას” ისტორიულ შეხვედრას დააკლდა - 7:1 “ალისფერი ეშმაკების” სასარგებლოდ.
არ იყო მეოთხედფინალურ შეხვედრაში, სამაგიეროდ “ოლდ ტრეფორდზე” “მილანთან” პირველი ნახევარფინალის გმირი გახდა, როცა “ეშმაკებს” თამაშის შემოტრიალებაში დაეხმარა. მან ერთი პასით მოჭრა “როსონერის” მთელი დაცვა, მათ შორის პაოლო მალდინი და ალესანდრო ნესტა და უეინ რუნი მეკარესთან ერთი ერთზე დატოვა. ამ უკანასკნელმა ანგარიში 2:2 გახადა. “იუნაიტედმა” ის დაპირისპირება საბოლოოდ 3:2 მოიგო. საპასუხო შეხვედრაში “სან სიროზე” სტუმრობისას “მილანმა” მეტოქისგან ქვა ქვაზე არ დატოვა - 3:0.
2007/08 წლების სეზონი “ეშმაკებმა” სუსტად დაიწყეს. ამას ის დაემატა, რომ ოქტომბერში სქოულზმა მუხლის მყესები დაიზიანა და ფეხბურთს 3 თვით ჩამოშორდა. პოლი მინდორს მხოლოდ 2008 წლის იანვრის მიწურულს დაუბრუნდა. ამავე წლის 23 აპრილს ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგაში მე-100 შეხვედრა გამართა, თანაც უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ბარსელონის “კამპ ნოუზე”. “მანიუმ” “ბლაუგრანასთან” 0:0 ითამაშა, საპასუხო დაპირისპირებაში კი სქოულზის ულამაზესი გოლით 1:0 მოიგო და ფინალის საგზური მოიპოვა. 2008 წლის 21 მაისს მოსკოვში გამართულ გადამწყვეტ მატჩში “ჩელსისთან” სქოულზი ძირითად შემადგენლობაში იყო და მიუხედავად იმისა, რომ კლოდ მაკელელესთან ორთაბრძოლაში ცხვირი გაიტეხა, 87-ე წუთამდე თავდადებით ირჯებოდა. ალბათ მშვენივრად გახსოვთ, რომ ლიგის გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გაარკვია. სქოულზი და კამპანია ლიგის ტრიუმფატორი გახდნენ.
2008/09 სეზონი პოლისთვის წარუმატებელი გამოდგა. მის ანგარიშზე იყო 2 გოლი, 2 საგოლე პასი (21 თამაშში) და 2 წითელი ბარათი - ორივე ხელით თამაშისთვის.
სანაკრებო კარიერა
სქოულზს სანაკრებო დებიუტი სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან 1997 წლის 24 მაისს ჰქონდა. გლენ ჰოდლმა იწამა ახალგაზრდა ნახევარმცველის და ერთი წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე იახლა, თანაც, ძირითადის ფეხბურთელის რანგში. ტუნისთან შეხვედრაში მან ერთხელ თავის გამოჩენაც შეძლო. ინგლისმა საბოლოოდ 2:0 გაიმარჯვა. საფრანგეთში გამართული ჩემპიონატი ინგლისისთვის როგორ დამთავრდა, ალბათ ყველას ახსოვს. კუნძულელები პენალტების სერიაში არგენტინასთან დამარცხდნენ.
სქოულზმა ითამაშა კორეა-იაპონიის მუნდიალზეც, სადაც ინგლისი ისევ სამხრეთამერიკულ ნაკრებთან გამოეთიშა ასპარეზობას, ამჯერად მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან. ამის შემდეგ პოლის სანაკრებო კარიერას სერიოზული საფრთხე დაემუქრა, რადგან ინგლისის ნაკრებში სტივ ჯერარდი და ფრენკ ლემპარდი დამკვიდრდნენ. ამ მიზეზით სვენ გორან ერიკსონი სულ უფრო იშვიათად იძახებდა ფეხბურთელს და ვიდრე ხმამაღლა ეტყოდნენ, ნაკრებს აღარ სჭირდებიო, 2004 წელს თავად წავიდა ეროვნული გუნდიდან. სადაც 66 შეხვედრაში გატანილი 14 გოლით ეროვნული გუნდის ისტორიაში კუთვნილი ადგილი დაიკავა.