ნანი იანგის ტყავს დახევს?

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 20 მილიონ ფუნტად „ასტონ ვილადან“ ეშლი იანგი იყიდა, რის შემდეგაც ზაფხულის სატრანსფერო დანახარჯი 55 მილიონ ფუნტამდე გაეზარდა.

ამ მაჩვენებლით ინგლისის ჩემპიონი კონკურენტებს, ჯერჯერობით, ძალიან უსწრებს. შეადარეთ: „ლივერპულმა“ ჯორდან ჰენდერსონში 20 მილიონი ფუნტი გადაიხადა, „არსენალის“ ნასყიდობა კი სასაცილოა - „ჩარლტონ ატლეტიკის“ მცველ კარლ ჯენკინსონში მან მხოლოდ 1 მილიონი ფუნტი გაიღო. განსაკუთრებით გასაკვირი კი ტრადიციული „ფულის ტომრების“, „ჩელსის“ და „მანჩესტერ სიტის“ პასიურობაა. რუსი ოლიგარქის და არაბი მენავთობეების კლუბებს ჯერ თითო პენიც კი არ დაუხარჯავთ.

რაც შეეხება, „იუნაიტედის“ თავკაც სერ ალექს
ფერგიუსონს, ის ახალი გუნდის აგებას აპირებს და ამიტომაც შეუდგა საზაფხულო საქმეებს დიდი ენთუზიაზმით. 25 წლის იანგი „ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე“ „იუნაიტედის“ ექომებმა შეამოწმეს და შემდეგ ხელშეკრულებაც გაფორმდა. გარემარბად და დამხმარე თავდამსხმელად ცნობილი მოთამაშე „ოლდ ტრეფორდზე“ ოთხ წელიწადს დაჰყოფს.

შეგახსენებთ, რომ ეშლი იანგამდე ერთი დღით ადრე ფერგიუსონმა 16,5 მილიონ ფუნტად „ბლექბერნიდან“ 19 წლის ფილ ჯონსი იყიდა, ხოლო მესამე, ვისაც ინგლისური გაზეთები მანჩესტერელთა ზაფხულის შენაძენს უწოდებენ, მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე, 20 წლის დავიდ დე ხეაა. ინგლისში წერენ, რომ ამ ტრანსფერს წყალი არ გაუვა, თავად დე ხეა კი დაჟინებით იმეორებს, „იუნაიტედში“ ჩემი გადასვლის შესახებ არაფერი გამიგიაო.

„სანამ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი არ დამთავრდება და ცოტა არ დავწყნარდები, ვერაფერს ვიტყვი. წარმოდგენა არ მაქვს რანაირი მეკარეები მოსწონს ალექს ფერგიუსონს. მე ჩვეულებრივი მეკარე ვარ. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ „ატლეტიკოს“ კარში დგომა ერთია, „იუნაიტედის“ კარში დგომა კი მეორე. ამიტომაც ვამბობ, რომ ჯერ არაფერი ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს რა თვისებების მქონე გოლკიპერი სჭირდებათ მანჩესტერში“.

საერთოდ, ცნობილია, რომ ალექს ფერგიუსონი სატრანსფერო საქმეებს ზაფხულის დასაწყისშივე ითავებს, თუმცა ინგლისელ ჟურნალისტთა აზრით წლეულს ის ზედმეტად ჩქარობს. პრემიერლიგის ჩემპიონატი ხომ, სულ რაღაც ორი კვირის დასრულებულია, მეტის კი არა. თუმცა, ჩემპიონობის მიუხედავად ფერგიმ კარგად იცის, რომ გუნდს გადახალისება სჭირდება და ამ საქმეს არ ახანებს. გასულ სეზონში მას ყველაზე მეტად ცუდი დასაწყისი და სტუმრად მიღწეული შედეგები არ მოეწონა. ამბობენ, რომ შეშფოთებულმა ფერგიმ ზამთარშივე უთხრა „იუნაიტედის“ ამერიკელ მეპატრონე გლეიზერებს, ჩემპიონატი რომ დამთავრდება ახალი ფეხბურთელების საყიდლად ბლომად ფული დამჭირდებაო.

ერთადერთი კითხვა, რომელიც ეშლი იანგის ტრანსფერმა გააჩინა, ნანის მომავალს უკავშირდება. 24 წლის პორტუგალიელი გარემარბი, რომელიც თანაგუნდელებმა გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, იანგმა შესაძლოა შეავიწროვოს. იმასაც ამბობენ, რომ ის შეიძლება სხვა გუნდში გადავიდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული