ტორესი ჩამოვიდა, ჰუანგი გზაშია...

AutoSharing Option
თუ ის, რაც ითქვა, მართლა შეისხამს ხორცს, "ლივერპულის" ახალი თავკაცი როი ჰოჯსონი ვისაც კი თითს დაადებს მისი ფეხბურთელი გახდება: ორშაბათს, როდესაც შვებულების შემდეგ "წითლების" საწვრთნელ ბაზაზე მსოფლიოს ჩემპიონი ფერნანდო ტორესი დაბრუნდა, კლუბის ოფისში წერილიც მივიდა - ჩინელმა მილიარდელმა კენი ჰუანგმა მერსისაიდული კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის ყიდვა მოიწადინა. თან, ჰუანგმა გამჟღავნებულ სურვილს გეგმა და ამბიციებიც მიაყოლა. ჩინელი ბიზნესმენი "ლივერპულში" დიდძალი ფულის ჩადებასა და რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს. ერთი შეხედვით შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მას სურს "ლივერპულისთვის" გახდეს იგივე, რაც "ჩელსისთავის" რომან აბრამოვიჩია.

კენი
ჰუანგს გარანტად ერთ-ერთი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი უდგება. მათ წინადადებაში გათვალისწინებულია კლუბის ვალის 237 მილიონი ფუნტის გადახდაც. მიმომხილველები წერენ, რომ ასეთი ძლიერი წინადადება "ლივერპულის" ამჟამინდელ მეპატრონეებს ჯორჯ ჯილეტსა და ტომ ჰიკსს დიდი ზეწოლის ქვეშ მოაქცევს და თუ რამე არ შეიცვალა, კლუბის გაყოდვასაც აიძულებს.

თან, გთხოვთ დააკვირდეთ, ჩინელი ბიზნესმენის გეგმაში ვადებიც გათვალისწინებულია. კერძოდ, ჰუანგს კლუბის ყიდვა სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე, ანუ აგვისტოს ბოლომდე უნდა, რათა როი ჰოჯსონს მხარში ამოუდგეს და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები უყიდოს. ეს რასაკვირველია დიდძალ დანახარჯთან იქნება დაკავშირებული: ბაზარზე ხომ მსგავსი პრინციპით უკვე მოქმედებს "მანჩესტერ სიტი" და მას "ლივერპულიც" რომ დაემატოს ფეხბურთელების ფასები ცამდე ავარდება. მაგრამ, ჰუანგი უკან არ იხევს. მას უნდა ფერნანდო ტორესსა და სტივენ ჯერარდს გარშემო მათივე კალიბრის ფეხბურთელები შემოუწყოს.

მართლაც საოცარი რამ თქვეს ჩინელი ბიზნესმენის პარტნიორებმა. მათი ვერსიით ჰონკონგის საინვესტიციო კომპანია QშL შპორტს Lტდ-ის შეფი მზადაა ჰოჯსონს ნებისმიერი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) მოთამაშე აყიდინოს. ერთ-ერთმა თქვა:
"თუ ჰოჯსონს ლეო მესი ენდომება, ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა მესი "ლივერპულში" გადავიყვანოთ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, კენი ჰუანგი ძალიან სერიოზულად არის განწყობილი და უნდა ჰოჯსონს ახლავე აყიდინოს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც სეზონს ტიტულით დაამთავრებენ".

გასაოცარია, რომ ლაპარაკი უკვე დაიწყეს ახალი სტადიონის მშენებლობაზე. ახალი სტადიონი 60 ათასიანი იქნება - "წითლების" ლეგენდარულ სტადიონზე "ენფილდ როუდზე" 45 362 ადამიანი ეტევა.

ჰონკონგელი მილიარდელის გამოჩენამ კი ფერნანდო ტორესის გუნდში დაბრუნების ამბავი დაჩრდილა. მოგეხსენებათ, ლივერპულში მთელი ზაფხულის განმავლობაში არ ცხრებოდა ჭორები, რომ ესპანელი თავდამსხმელი ახალ გუნდს ეძებდა და მერსისაიდში აღარ დაბრუნდებოდა. როგორც ხედავთ, ტყუილი აღმოჩნდა, თუმცა ის კი მართალია, რომ ტორესი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მიღებულ საზარდულის ტრავმას ჯერ კიდევ მკურნალობს.

ამრიგად, როი ჰოჯსონმა უკვე მთელი შემადგენლობა შეკრიბა და ახლა გამალებით ეზადება 15 აგვისტოსთვის, როდესაც პრემიერლიგის პირველ შეხვედრაში "არსენალს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული