შეგახსენებთ, რომ ნასრიმ „მეთოფეებთან“ კონტრაქტის თანახმად კიდევ ერთი წელიწადი უნდა გაატაროს, გაისად ამ დროს კი შეუძლია ქუდი დაიხუროს და თავისუფალი აგენტის სტატუსით დასტოვოს იქაურობა. ეს, თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ თუ ფეხბურთელი „არსენალთან“ ახლავე არ გააფორმებს ახალ კონტრაქტს, კლუბი წაგებაში დარჩება -
ნასრის ფასი 25 მილიონი ფუნტია. მისი შეძენით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებული. ინგლისელთაგან ფრანგის ყიდვა ყველაზე მეტად ჩემპიონ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს და ამის შესახებ ბრიტანეთის საინფორმაციო საშუალებებში ხშირად ლაპარაკობენ. ინგლისს გარედან კი გამორჩეულად „ინტერი“ და „ბაიერნი“ აქტიურობენ.
ბევრჯერ გვიხსენებია, რომ ვენგერს ამ ზაფხულს ძლიერი ფეხბურთელების შეძენა აქვს გადაწყვეტილი. ამბობენ, რომ „არსენალმა“ პოლიტიკა შეცვალა. მას მერე, რაც ახალი მეპატრონის, ამერიკელი სტენ კროენკის ხელში გადავიდა, ითქვა, რომ ეკონომია და ფონს იაფად ნაყიდი ყმაწვილებით გასვლა წარსულს ჩაბარდა. დიდი წარმატებისთვის გამოცდილი მებრძოლების დამატებაა საჭირო. თუმცა, მეორე მხრივ, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ „მეთოფეები“ სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან: ნასრის გარდა გუნდის კაპიტან სესკ ფაბრეგასსაც გაქცევაზე უჭირავს თვალი. ფაბრეგასს, მოგეხსენებათ, მისი მშობლიური ქალაქის გუნდი „ბარსელონა“ ეპატიჟება.
ვენგერმა თქვა: „ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ რათა ნასრი „არსენალში“ დავიტოვოთ. ჩემი ამ ახალგაზრდასთან მუშაობის გაგრძელება ძალიან მსურს. თუ თავად გადახედავს საკუთარ წარსულს, დაინახავს, რომ ჩვენთან ერთად საკმაოდ დიდი გზა გაიარა. ამასთან, ვფიქრობ, რომ საუკეთესო თვისებების გამოსავლენად ჯერ კიდევ აქვს სამუშაო. ის ჯერ დასრულებული ვარსკვლავი არ არის. „არსენალი“ კი სწორედ ის კლუბია, რომელმაც ფეხბურთელების ვარსკვლავებად ქცევა იცის“.
ფაბრეგასის შესახებ კი „მეთოფეთა“ თავკაცმა ასე ბრძანა: „ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, რომ ჩემთვის ფაბრეგასი „არსენალის“ ფეხბურთელია და კიდევ ბევრ წელიწადს დაჰყოფს „ემირეიტ სთედიუმზე“. რასაკვირველია, დადის ჭორი, რომელსაც ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით. საბედნიეროდ, უეფას მიერ „სატრანსფერო ფეარ პელის“ შემოღებამდე ერთი წელიწადიღა დარჩა და დიდი ფულის დაყრით ფეხბურთელების გადაბირებასაც ბოლო მოეღება. ვფიქრობ, ეს ბოლო ცხელი ზაფხულია“.