ფერგიმ რუნი საშინლად გამოლანძღა...

AutoSharing Option
დიახ, ინგლისური ტაბლოიდების თანახმად სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი საყვარელი ფეხბურთელი, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი უეინ რუნი საშინლად გამოლანძღა - მრავალ ნიჭთან ერთად ლეგენდარულ შოტლანდიელ მწვრთნელს შეგირდების შერისხვის უნარიც მომადლებულად აქვს. ამას ინგლისური პრესა ფერგიუსონის ცნობილ "თმის საშრობს" უწოდებს.

რა დააშავა რუნიმ? კვირას დილის ექვსის ნახევრამდე იქეიფა და სიგარეტიც მოსწია. ეს ყველაფერი პაპარაცებმა, ბუნებრივია, გადაიღეს და გამოაქვეყნეს. ამბობენ, რუნის ფოტოების ნახვაზე ფერგიუსონი გაცხარებისგან თავად აბოლდაო. "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებულმა ა
დამიანებმა კლუბში მომხდარი ამბავი დიპლომატიურად ასე აღწერეს:

სერ ალექსი გაბრაზებული და გაწბილებული ბრძანდებოდაო. გასაბრაზებელი ჰქონდა კიდეც: სეზონის დაწყებამდე აღარაფერია დარჩენილი. 68 წლის სპეციალისტმა გუნდი ამერიკაში წაიყვანა, ავარჯიშა, დაბრუნებულს კი საოცარი ამბავი დახვდა - რუნი მთელი ღამე ლოთობდა, სიგარეტს ეწეოდა და ქუჩაში მთელი ზმით ფანების სიმღერებს ბღაოდა. მეტიც, პაპარაცებმა 24 წლის ვარსკვლავი არ დაინდეს და დააფიქსირეს, რომ მან მანჩესტერის მოდური ღამის კლუბის "პანაცეას" გვერდით კედელს მიაშარდა.

ორშაბათს კი რუნი "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდა და მწვრთნელისგან დამსახურებული რისხვაც მიიღო - კვირას ინგლისში "ქომუნითი შილდის" მატჩია, "იუნაიტედი" პრემიერლიგის ჩემპიონს "ჩელსის" ხვდება.

მანჩესტერული კლუბის პრეს ცენტრის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ორშაბათს კერინგტონის საწვრთნელ ცენტრში იყვნენ როგორც ფერგიუსონი ასევე რუნი - ანუ ხმები "თმის საშრობის" შესახებ გადაჭარბებული არ არის. თვითმხილველმა კი ამბავი ასე მოყვა:

"სერ ალექსი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელთა ძირითადი ჯგუფი ამერიკიდან ინგლისში შაბათ საღამოს დაბრუნდანენ, ორშაბათს კი მწვრთნელი გასული სეზონის შემდეგ პირველად შეხვდა უეინ რუნის. უეინი ვარჯიშებზე, ჩვეულებრივ ძალიან მხიარულია, თიმცა გაზეთში თავისი ფოტოების ნახვის შემდეგ იმ დღეს უხალისოდ იყო. გუნდში დაძაბული ატმოსფერო იგრძნობოდა. ყველა ელოდა, რომ სერ ალექსი "თმის საშრობს" ჩართავდა. ფერგიუსონი პრესა-ტელევიზიაში უარყოფითი მხრიდან გამოჩენას ვერ იტანს და როდესაც ვინმე "მანჩესტერ იუნაიტედს" ასე წარმოაჩენს, ამას ღალატად უთვლის".

რუნი ღამის კლუბში ცოლთან კოლინთან და ძმაკაცებთან ერთად იყო. "იუნაიტედის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, ბრაზილიელი ანდერსონი კი, ამასობაში პორტუგალიის პოლიციაში მოყვება რა მოხდა ერთი დღით ადრე, შაბათ დილას ბრაგაში. მოგეხსენებათ, ის და მისი ორი მეგობარი აუდის მარკის მანქანაში, კერძოდ ღ8-ში ისხდნენ, როდესაც ავტომობილი კედელს მიენარცხა, გაფრინდა და 30 მეტრის მოშორებით დაეზღერთა. გუშინ მოგახსენეთ, რომ საჭესთან ანდერსონის მეგობარი იჯდა, მაგრამ როგორც გაირკვა პირველი ინფორმაცია სწორი არ იყო და სინამდვილეში მანქანას ფეხბურთელი მართავდა.

ამას არც ანდერსონი უარყოფს. მთვრალი იყო მანჩესტერელი ვარსკვლავი თუ არა, ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, ის, რომ ანდერსონი და მისი მეგობრები კლუბიდან ღამენათევები გამოვიდნენ, ფაქტია. სამი წლის წინ "პორტუდან" 28 მილიონ დოლარად ნაყიდმა ფეხბურთელმა ინგლისელ ჟურნალისტებს უთხრა:

"ძალიან გამიმართლა, რადგან მძიმე ავარიაში მოვყევი. გზა კარგად ვიცოდი, მაგრამ მოულოდნელად მანქანამ მოსახვევში გეზი დაკარგა და კედელს შეასკდა. მახსოვს, საშველად უამრავი ადამიანი გამოვარდა. მე მატი მადლობელი ვარ. მინდა "იუნაიტედის" ფანებს ვუთხრა, რომ გადავრჩი, კარგად ვარ და ნატკენი მუხლის მკურნალობას განვაგრძობ. მინდა დროულად ჩავდგე ფორმაში და გუნდს წარმატებაში დავეხმარო. უამრავმა მეგობარმა დამირეკა. მინდა ყველა დავამშვიდო: კარგად ვარ, თუმცა დიდი შიში ვჭამე".

და ამ ავარიისთვის ანდერსონს "თმის გაშრობა" არ ერგება? როგორც მანჩესტერული წყაროები ამბობენ, ეს ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა იმას იხსენებენ, რომ იანვარში, ნებართვის გარეშე ბრაზილიაში გამგზავრებისთვის ანდერსონს ფერგიუსონმა ოროი კვირის ხელფასი დაუქვითა.

ბრაგის ერთ-ერთმა მცხოვრებმა თქვა: "თავიდან ანდერსონი მკვდარი მეგონა. მანქანიდან ის ჩემმა ძმამ გადმოიყვანა. ავტომობილს ცეცხლი ეკიდებოდა და იქაურობას გავარიდეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული