ომი მიდლენდში

AutoSharing Option
ინგლისში, მიდლენდად წოდებული რეგიონის უდიდეს ქალაქ ბირმინგემში ნამდვილი ომი გაჩაღდა. მის „ლურჯ ნაწილში“, რომელიც „ბირმინგემ სიტის“ გულშემატკივრებს ეკუთვნით, აღშფოთება და ბრაზი გულში ვეღარ ეტეოდა - „სიტის“ შოტლანდიელი მწვრთნელი, ალექს მაკლიში გაექცა.

თან წასვლის შესახებ თანამშრომლებს მეილით აცნობა. ხოლო „ღვინისფერ ნაწილში“, სადაც „ასტონ ვილა“ ბატონობს, სულ სხვა ჭკუაზე იყვნენ - „ვილას“ ოფისიდან „სიტის“ ოფიციალური წერილი გააგზავნეს, თუ არ ვცდებით, თქვენი მწვრთნელი თავისუფალი აგენტი გახდა და სამსახური რომ შევთავაზოთ ხომ არ გეწყინებათო.

„ლურჯები“, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ მაკლიშის გაპარვის უკან სწორედ „ვილას“
ხელმძღვანელობა დგას ანუ შოტლანდიელმა ისინი მათი წაქეზებით დატოვა, ზემოთ ნახსენებმა წერილმა აღაშფოთა. ახლა, „ბირმინგემ სიტის“ ხელმძღვანელობა აპირებს გაქცეულ მწვრთნელს საკომპენსაციო თანხა, 5,4 მილიონი ფუნტი მოსთხოვოს და ამ ფულის კლუბის ანგარიშზე დაჯდომამდე მას „ასტონ ვილაში“ გადასვლის ნებართვა არ მისცეს.

„ლურჯების“ თავმჯდომარე პიტერ პენუმ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრესასთან ფრიად უკმეხად ილაპარაკა. „ვილას“ და მისი წარმომადგენლების მიმართ არც უხეში გამოთქმები დაუშურია.

„ყველა ღონეს ვიხმარ, რათა „ასტონ ვილამ“ მაკლიში სამსახურში ვერ აიყვანოს. ეს კლუბი მას ან მთელ დავალიანებას დაუფარავს, ან მე ოფიციალური გამცხადებით მივმართავ პრემიერლიგას და ყველაფერს იქ გავარკვევთ. „ასტონ ვილას“ განცხადება, რომ ახლა მაკლიში თავისუფალი აგენტია და მასთან მოლაპარაკებები სურს ყველაზე ცუდ ეჭვს მიძლიერებს. საკმარისია ერთი პატარა სამხილი ვიშოვნო, რომ მაშინვე ვიჩივლებ.

ვაცხადებ, ბოლომდე ვიბრძოლებ. ასეთი შემთხვევებისთვის კანონები არსებობს და იქ ყველაფერი მკაფიოდ წერია. ამკლიშის დაბრუნება, რასაკვირველია, არ მსურს, მაგრამ ფულს კი ბოლო პენიმდე გამოვწურავ.

ის, რაც ჩვენ მოგვიწყვეს, პიეწმინდა თაღლითობა გახლდათ. ეს არც მეტი არც ნაკლები, კრიმინალია, უბრალო საფეხბურთო გაუგებრობა არ გეგონოთ“.

სანამ თავის პოზიციას არ განმარტავს, მაკლიში მართლაც ლაჩრულად გაპარულ კაცს ჰგავს. დღეს ის კორსიკაზე ისვენებს და ბირმინგემში ამტყდარ ჩხუბს თვალს შორიდან ადევნებს. მას „ლურჯებთან“ კონტრაქტი ჰქონდა, რომელიც 1 ივლისიდან ავტომატურად უნდა შეცვლილიყო - „სიტის“ პრემიერლიგიდან გავარდნის გამო მწვრთნელს გასამრჯელო უნახევრდებოდა. უფრო ზუსტად, ამიერიდან ალექს მაკლიშს წელიწადში მხოლოდ 800 ათასი ფუნტი ერგებოდა. მეორე მხრივ, ამბობენ, რომ ეს მაკლიშს ხელს აძლევს, რადგან თუ საკომპენსაციო თანხა მართლა გადასახდელი გაუხდება, მას ახალი, შემცირებული ხელფასიდან იანგარიშებენ და მხოლოდ 3 მილიონი გამოვაო.

მაკლიშმა, ჯერჯერობით, კომენტარისგან თავი შეიკავა, პენუ კი გაკვირვებულია, რომ „ასტონ ვილა“ და შოტლანდიელი მწვრთნელი ჩქარობენ და კონტრაქტის გაფორმებას 1 ივლისამდე (ძველი ხელფასის პირობებში) აპირებენ. მან თქვა:

„რასაკვირველია, მათ შეეშინდათ, ჩემთვის პირდაპირ რომ მოემართათ. იფიქრეს, რომ „ასტონ ვილას“ ხალხს მაკლიშთან მოლაპარაკების ნებას არ მივცემდი. შესაბამისად, აკრძალულ გზებს მიმართეს. აი, ალექსი კორსიკაზეა, „ვილას“ მეპატრონე რენდი ლერნერს კი თვითმფრინავი ჰყავს. აბა, რა ვიცი, იქნებ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და იქ დაგეგმეს ჩვენს საწინააღმდეგოდ ეს ყველაფერი. ჯაშუში-თანამგზავრი მე არ მაქვს და როგორ გავიგებდი რა ხდება? თუმცა, მას მერე, რაც „ასტონ ვილასგან“ მეილი მომივიდა, ჩემს ყველა ეჭვს ნათელი მოეფინა.

დღესავით ნათელია, მაკლიშმა იცოდა, რომ „ვილასთვის“ საკომპენსაციო თანხის, 5,4 მილიონი ფუნტის გადახდა იოლი საქმე არ არის და იფიქრა, მოდი, მე თავად გავიქცევი, „ბირმინგემი“ ფულს არ მომთხოვს და ყველაფერი კარგად იქნებაო. იმდენად სულმოკლენი არიან, რომ 1 ივლისამდეც კი ვერ ითმენენ, არადა 1 ივლისის შემდეგ საკომპენსაციო თანხა 3 მილიონ ფუნტამდე შემცირდება. მგონი, ეს მაგალითი თვალნათლივ გვაჩვენებს რა ხალხთან და რა ურთიერთობებთან გვაქვს საქმე. ახლა, ერთადერთი, რაც მაკლიშსა და მის მრჩეველებს დარჩენიათ, ჩვენი კლუბის მეპატრონის, კერსონ იუნგის წინააღმდეგ ჩივილი ან რაიმე სისულელის მოფიქრებაა. მოკლედ, წყლიდან მშრალად რომ ვერ ამოვლენ, ცხადია.

მაკლიშმა დაინახა, რომ ხელფასი უმცირდება, კლუბისგან სატრანსფერო ბაზარზე დასახარჯავად დიდძალ თანხას ვეღარ მიიღებს გა გაქცევა გადაწყვიტა. ახლა იგონებს, თითქოს „ბირმინგემში“ პრობლემა ჰქონდა, ასე მუშაობა აღარ შეეძლო და სხვა. არადა, ამ საქმის მოგვარება ძალიან ჩვეულებრივად, კანონის ფარგლებში შეიძლებოდა. ალექსი ჩემთან უნდა მოსულიყო და ეთქვა, რომ „ასტონ ვილაში“ უნდა გადასვლა. მე მას ვეტყოდი, რომ 5,4 მილიონი ფუნტი გადასახდელი აქვს და გზას დავულოცავდი“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული